სექსუალური შევიწროება – როდესაც დუმილი დაუშვებელია


საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური შევიწროების მიმართ

ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად ქალზე ძალადობის მიმართ სტერეოტიპული წარმოდგენებია დამკვიდრებული, რომელთა თანახმად, „ყველაფერი ქალის ბრალია“. სექსუალური ზეწოლის შემთხვევაშიც, საზოგადოების ვერდიქტი დაახლოებით ასე ჟღერს: „სამსახურში ყველას როდი ეღლაბუცებიან“. ზოგს ჰგონია, რომ ძალზე რთულია სიმპათიური ქალის მიმართ მისი უფროსობის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტების წარმოდგენა, როდესაც მას არ სურს ვინმეს ხელში სათამაშოდ ქცევა, არ იქცევა ფამილარულად, ღირსების გრძნობა და მკვეთრად ჩამოყალიბებული მორალური პრინციპები გააჩნია.

ეს მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია. ჯერ ერთი, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ სექსუალურ შევიწროებას დასაქმებულ ქალთა 80% ექვემდებარება, ანუ ამ მოვლენის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ქალი გახდეს. გარდა ამისა, ამგვარი ზეწოლა განპირობებულია ძალაუფლების დისბალანსით, როდესაც კაცი თავისი ძალაუფლების განვრცობას ქალზე ცდილობს. ეს სულაც არაა დამოკიდებული ქალის გარეგნობაზე ან ქცევაზე, სექსუალური ზეწოლა მომდინარეობს მხოლოდ კაცისგან. უკიდურესად არასწორია, როდესაც ამ დროს საზოგადოება დაზარალებულს კიცხავს. როდესაც კანონი კანონობს, თითოეული ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. კაცი არღვევს წესრიგის სტანდარტებს და მან უნდა აგოს პასუხი. როგორ იქცევა ან იქცეოდა ქალი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დანაშაულია.

თუ ქურდმა გახსნილი საფულედან ფული ამოგაცალათ, მას პირადი საკუთრების ქურდობისთვის გაასამართლებენ. შესაძლოა, თქვენ უყურადღებობის გამო გისაყვედურონ, მაგრამ დამნაშავის პროვოცირებაში ნამდვილად არ დაგდებენ ბრალს. მაგრამ, თუ დანაშაული ქალს ეხება, განსაკუთრებით ქალსა და სექსს, მას აუცილებლად დასდებენ ბრალს პროვოკაციაში. უდავოდ, ეს ორმაგი სტანდარტი თავიდან და თავიდან გააზრებას საჭიროებს მანამ, სანამ საზოგადოება სექსუალურ შევიწროებას იმად არ აღიარებს, რაც სინამდვილეშია – ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად.

სექსუალური შევიწროება საქართველოში

საქართველოში დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება კვლავ რჩება ტაბუდადებულ თემად, რომელზეც არ საუბრობენ, თუმცა სახალხო დამცველის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი ძალიან მაღალია. შევიწროების მსხვერპლები არ საუბრობენ პრობლემაზე ერთი მხრივ საზოგადოებაში არსებული განწყობების გამო და მეორე მხრივ შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმების გაუმართაობის/მოუქნელობის გამო, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა სექსუალური შევიწროების ცნებას. ამ პროცესში კი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა უწყებრივი მექანიზმების არსებობას.

2014 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების პრაქტიკაში განხორციელების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატმა აიღო ვალდებულება, თანამშრომლებს შეუქმნას სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი და  უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ზომების განხორციელებას.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ძალისხმევა ამ მიმართულებით ერთეული გამონაკლისის შემთხვევაა. საქართველოში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. ტელეკომპანია იმედის შემთხვევა, როდესაც თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი ამხილა სექსუალურ შევიწროებაში, ასევე იშვიათ გამონაკლისად შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც საზოგადოებაში კვლავ არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

სექსუალური შევიწროების შედეგები

სექსუალური შევიწროება  ძალიან ჰგავს სექსუალურ ნიადაგზე თავდასხმას. მან შესაძლოა გამოიწვიოს შიში, ძრწოლა და დატოვოს ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმა. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ათასობით ქალი არ იღებს ამაზე ხმას, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს, სირცხვილს განიცდის და ნაცნობ-მეგობრებსა და ოჯახში ამ ამბის გამხელის სიკვდილივით ეშინია. მათ ჰგონიათ, რომ გავა დრო, სამსახურში „დაფასდებიან“ და ასე უპატივცემულოდ აღარ მოექცევიან. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როდესაც ქალი ამის შესახებ კატეგორიულად დუმს, – სამსახურის დაკარგვის ან საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად ქცევს შიშია.

თავის ტკივილი, მომატებული არტერიული წნევა, ნერვული სტრესები, დაუცველობისა და დამცირებულობის შეგრძნება – ეს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა თვითშეგრძნების არასრული ჩამონათვალია. გადატანილი შეურაცხყოფის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური შედეგები საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს. სექსუალურმა შევიწროებამ შესაძლოა მსხვერპლის შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად იმოქმედოს, რაც შრომის ნაყოფიერების გაუარესებაში, სამუშაო საათების უნებურ თვითშემცირებაში, სამუშაოს მოცულობასთან გამკლავების უუნარობასა და ამის შედეგად მიღებულ საყვედურებსა თუ ბრალდებებში გამოვლინდეს. დაზარალებული შესაძლოა ამის გამო სამსახურიდან დაითხოვონ ან დისციპლინური სასჯელით დასაჯონ – უფროსის რისხვას ხომ საზღვრები არ აქვს. მას შემდეგაც კი, რაც დაზარალებული ქალი სამსახურს ტოვებს, ცუდი რეკომენდაციების გაცემის წყალობით, მის უფროსს მისი მომავალი დასაქმების სერიოზული დაზიანება შეუძლია.

უმეტეს შემთხვევაში, უფროსის ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ ქალი სამსახურს საკუთარი სურვილით ტოვებს, მაშინაც კი, როდესაც მას ძალით არავინ აგდებს. მაგალითად, ზიმბაბვეში კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმების ადგილზე უფროსზე მომჩივანი ქალების 50%-ს სამსახური დაატოვებინეს, ხოლო 25% თავისით გათავისუფლდა. განვითარებად ქვეყნებში მსხვერპლს საკუთარი რეპუტაციის გაფუჭების მეტი შანსი აქვს, რაც ოჯახში სერიოზულ პრობლემებს ბადებს.

სექსუალური შევიწროების შედეგები ინდივიდუალურია. ზოგს არ სურს უფროსთან დაწოლა – ეს მის ცხოვრებაში მხოლოდ უსიამოვნო ეპიზოდია, ზოგისთვის კი ამგვარი შემთხვევა მთელი ცხოვრების აღმოუფხვრელი ტრავმაა. სექსუალური შევიწროებისგან გამოსავლად ზოგს სამსახურიდან წამოსვლა ესახება, ზოგს რეპუტაციის გაფუჭების ეშინია, ზოგს – კოლეგებთან ურთიერთობის, ზოგს ოჯახში ურთიერთობა უფუჭდება, ზოგისთვის კი ამგვარი შემთხვევა ღირსების შემლახველი კატასტროფაა. ზოგადად, სამსახურში სექსუალური შევიწროებისას ქალები ყველაზე უარეს მომენტებად აუტანელ სამუშაო პირობებს და პროფესიული მოვალეობების შესრულების შეუძლებლობას ასახელებენ.

სექსუალური შევიწროებისგან მიღებული სტრესის შემდგომი რეაბილიტაცია

ამ დროს შესაძლოა შიშს, ძრწოლას, რისხვას, მარტოობას განიცდიდე, დარდობდე სამსახურზე, ულუკმაპუროდ დარჩენილ მომავალზე. ასევე, შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გინდოდეს გამოძიების დაწყება ან ზოგადად სამართლის ძიება.

რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია, არ იჩივლო და ყველაფერი დაივიწყო, რადგან თავს დათრგუნულად, დამნაშავედ გრძნობ ან შესაძლოა შენი თავიც გეზიზღება.

სასოწარკვეთილების შეტევაში, შესაძლოა ესეც გაიფიქრო: „რაღა მაინცდამაინც მე?“. ეს მაშინ ხდება, როდესაც ბევრს ვუსმენთ გარე ადამიანებს, რომლებიც ამ ინციდენტში ჩვენ გვადანაშაულებენ.

შ ე ჩ ე რ დ ი !

ამ დროს სჯობს გამოცდილ სპეციალისტს – იურისტს, უფლებადამცველს, ფსიქოლოგს დაელაპარაკო. ამ ამბავში შენი ბრალი საერთოდ არაფერია. კანონი შენმა შეურაცხმყოფელმა დაარღვია და პასუხიც მან უნდა აგოს – ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა!