ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

გათხოვება 10 წლამდე ასაკში – ახლო აღმოსავლეთის ქალების მძიმე ხვედრი

posted in ადრეული ქორწინება, ქალებზე ძალადობა by with Comments Off on გათხოვება 10 წლამდე ასაკში – ახლო აღმოსავლეთის ქალების მძიმე ხვედრი

ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთის ქალები აქტიურად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, იზრდება ფემინისტური მოძრაობების რიცხვიც. მიუხედავად ამისა, ქალთა უფლებების დაცულობის მხრივ რეგიონში კვლავ მძიმე მდგომარეობაა.

ქალთა დისკრიმინაციის საკითხი აქტუალურია რეგიონის ყველა ქვეყანაში, ისრაელის გამოკლებით. ეს ნაწილობრივ შარიათის მკაცრი ნორმების გამო ხდება, ნაწილობრივ კი ქალების მიმართ კაცების ტრადიციული დამოკიდებულების გამო. ამ სტატიაში ამ პრობლემას საუდის არაბეთის, ირანისა და თურქეთის მაგალითზე განვიხილავთ. სამივე ქვეყანას გააჩნია პრეტენზია ახლო აღმოსავლეთის ლიდერობაზე, სამივე აქტიურ რეგიონულ პოლიტიკას ატარებს (იემენისა და სირიის კონფლიქტებში მონაწილეობა), სამივეს მოწინავე ეკონომიკა აქვს რეგიონში (საუდის არაბეთი – მსოფლიოში მე-15 ადგილი, თურქეთი – მე-18 ადგილი, ირანი – მე-20 ადგილი.

ამ ქვეყნებს შორის, ქალების უფლებების მხრივ ყველაზე პოზიტიური სიტუაცია თურქეთშია, სადაც საერო კანონმდებლობა მოქმედებს.

საუდის არაბეთმა 2000 წელს ხელი მოაწერა გაეროს 1979 წელს მიღებულ კონვენციას ქალების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თურქეთი ამ კონვენციაზე ხელმომწერთაგან რეგიონის ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი იყო (1985 წ).

საუდის არაბეთი

სპარსეთის ყურეში მდებარე მონარქიათა შორის, თავისუფლებებისა და უფლებების ყველაზე მცირე დოზით საუდის არაბეთის ქალები არიან აღჭურვილნი. ქალისთვის აქ ნებადართული არაა ქმრის ნებართვის გარეშე საბანკო ანგარიშის გახსნა, ქუჩაში მაჰრამის (მამრობითი სქესის ახლო ნათესავი, რომელზე გათხოვებაც არ შეიძლება) გარეშე გასვლა, უცხო კაცებთან საუბარი. მათთვის სპეციალური დრესკოდი მოქმედებს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში კი ქალებისთვის სტარბაქსში შესვლაც კი აკრძალულია, რაზეც დაწესებულების შესასვლელში გამოკრული წარწერა მეტყველებს: „ქალების შემოსვლა აკრძალულია. გთხოვთ, შეკვეთისთვის მძღოლი გამოგზავნოთ“.

ადგილობრივი ქალების ყველაზე დიდი აღშფოთება ავტომობილის მართვის აკრძალვამ გამოიწვია, რომელიც 1957 წელს შემოიღეს. საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებისთვის ავტომობილის მართვა აკრძალულია. აკრძალვის დამრღვევს უკეთეს შემთხვევაში ჯარიმა ემუქრება, უარესში კი – გაროზგვა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ადგილობრივმა აქტივისტმა ქალებმა სხვადასხვა კამპანიის ჩატარება იწყეს აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით. 2011 წელს მათ გამართეს კამპანია Women2Drive, რომლის ფარგლებშიც ქალები სოციალურ ქსელებში ავტომობილის საჭესთან გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აქვეყნებდნენ. თუმცა, კამპანია ყველა ამ ქალის დაპატიმრებით დასრულდა. 2013 წელს რამდენიმე ათასმა ქალმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას მსგავსი მოთხოვნით, თუმცა ამაოდ. აკრძალვა არ გაუუქმებიათ, მაგრამ ქალებმა ხელისუფლების ყურადღება მაინც მიიპყრეს. ამ უკანასკნელს იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და 2013 წელს ადგილობრივმა ქალებმა ველოსიპედის ტარების ნებართვა მიიღეს. 2012 წელს სამეფოში პირველად გამოჩნდნენ ქალი ადვოკატები, 2013-ში კი აწ განსვენებულმა მეფე აბდალამ 30 ქალი დანიშნა აშ-შურის საკონსულტაციო ასამბლეაში. 2015 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალებმა მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალურ არჩევნებში.

ირანი

თუ საუდის არაბეთის მცხოვრებ ქალებს ცხოვრებაში არ ჰქონიათ ქუჩაში დეკოლტეთი და მინი კაბებით სიარულის ფუფუნება, 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდელი ქალისთვის ეს ნორმა იყო. უფრო მეტიც: რევოლუციამდე ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობები იყო გავრცელებული (1966 წელს შეიქმნა კოალიცია „ირანის ქალთა ორგანიზაციები“), მოქმედებდა „ოჯახის დაცვის“ კანონი, რომელიც გაყრის პროცესს არეგულირებდა და რომლის თანახმადაც ქორწინების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა. ასევე, ამ დროს არსებობდნენ ქალი მოსამართლეები. ქვეყანაში პირველი ქალი მინისტრი – განათლების მინისტრი ფარუჰრუ პარსაი (Farokhroo Parsay) 1980 წელს ახალმა ხელისუფლებამ დახვრიტა.

ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში შარიათის კანონები და ქალებისთვის საგანგებო დრესკოდი შემოიღეს, რომლის დაცვასაც მკაცრად ადევნებდა თვალყურს პოლიცია. დრესკოდის დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა. გაუქმდა „ოჯახის დაცვის“ კანონიც, ქორწინების მინიმალურ ასაკად 13 წელი დასახელდა.

ცნობილი ირანელი მკვლევარი მაჯიდ მოჰამედი (Majid Mohammed) თავის ნაშრომში „ირანელი ქალები და მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის ირანში“ აღნიშნავს, რომ ირანში ქალს „ნახევარ ადამიანად“ ითვლება – ქალის ჩვენება სასამართლოში ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცის. ქალისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 9 წლიდან იწყება, კაცისა კი – 15-დან, და ა.შ. ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად არ მიიჩნევა ქორწინებაში გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა. გაყრის მსურველმა ქალმა უნდა დაამტკიცოს, რომ „აუტანელი აკრძალვები“ აქვს დაწესებული, ეს მაშინ, როდესაც კაცს გაყრის მიზეზის დასახელება სულაც არ მოეთხოვება.

კაცებისთვის ნებადართულია არანაკლებ ორი “მუდმივი” და განუსაზღვრელი რაოდენობით „დროებითი“ ცოლის ყოლა. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ადრეული და იძულებითი ქორწინებები. 2013-2014 წლებში Amnesty International-ის მონაცემების თანახმად, 10-დან 14 წლამდე 40 000-ზე მეტი გოგონა დაქორწინდა, 200-მდე გათხოვილი გოგონას ასაკი კი 10 წელს ქვემოთ იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ირანელი ქალები ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტიურად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ისინი უკიდურესად შემზღუდავი კანონის შეცვლის მოთხოვნით სხვადასხვა კამპანიებს ატარებენ. ირანში ქალს ხმის მიცემის უფლება აქვს, რასაც აქტიურად იყენებენ და ქვეყნის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას იმედოვნებენ. აგრეთვე, ირანში არსებულ ქალთა მოძრაობებს ექსპერტები სოციალურ ფენომენს უკავშირებენ. რაღაც საკითხებში წარმატებაც მოდის – უკანასკნელ არჩევნებში, მეჯლისში ქალების სარეკორდო რაოდენობა შევიდა (290 ადგილიდან 17 ადგილი).

თურქეთი

ირანსა და საუდის არაბეთთან შედარებით, თურქეთში ქალების უფლებების ამჟამინდელი მდგომარეობა მსუბუქია. აქ დასავლური საერო კანონმდებლობა მოქმედებს. ქალი სახელმწიფოს პირველი პირიც ყოფილა – თანსუ ჩილერი (Tansu Çiller), რომელიც 1990-იან წლების მეორე ნახევარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

ნებისმიერი თურქი ქალი, თუ უკიდურესად რელიგიური არაა, ამბობს, რომ თავის მდგომარეობას თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელ ქემალ ათათურქს უნდა უმადლოდეს. მართლაც, ათათურქმა ქვეყნის ვესტერნიზაციის პროცესში ქალებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მის დროს, თურქეთი რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ქალის პოლიტიკური უფლებები აღიარა: 1930 წელს ხმის მიცემის უფლება, ხოლო 1934 წელს – არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლება.

თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ზომიერი ისლამისტებითაა დაკომპლექტებული. იგი სულ უფრო და უფრო შორდება ათათურქის პრინციპებს, რაც ქალებთან დამოკიდებულებაზეც აისახება. დროდადრო, პრეზიდენტი ერდოღანი თურქ ქალებში რელიგიური ფასეულობების შეხსენების „საგანმანათლებლო“ საქმიანობას ეწევა. „ქალი, რომელის ამბობს, რომ მუშაობის გამო დედობა არ სურს, სინამდვილეში თავის ქალურობას უარყოფს“, – განაცხადა თურქეთის მმართველმა. მის ამ სიტყვებს კრიტიკისა და აღშფოთების ქარცეცხლი დაატყდა თავს.

გიულსუმ კავმა (Gülsüm Kav), სოციალური პლატფორმის „ჩვენ ქალების მკვლელობებს შევაჩერებთ“ აქტივისტმა, ერდოღანის ეს სიტყვები ფაშისტური რეჟიმებისთვის დამახასიათებელ მოწოდებებს შეადარა. სტამბოლში ქალების მხარდამჭერი მიტინგები სხვადასხვა ფემინისტურმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს, მათ შორის „სტამბოლის ფემინისტების კავშირმაც“.

მზარდ სამოქალაქო აქტივობაში ჩართული თურქი ქალები ირანის გამოცდილებას ეყრდნობიან, სადაც ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლამ ქალებს ყველა ძირითადი სამოქალაქო უფლება აართვა. ირანელი ქალების ბედის გაზიარების საშიშროება სრულიად რეალურია. გენდერული განსხვავებების ინდექსის რეიტინგის თანახმად (გენდერული განსხვავებების გლობალური კვლევა და ქვეყნების რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით), თურქეთი 130-ე ადგილს იკავებს და ბენინსა და მავრიტანიას შორისაა მოქცეული. როგორც ვხედავთ, ეს სულაც არაა ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტი, რომლის წევრობისკენ ასე ილტვის იგი (საუდის არაბეთი 134-ე ადგილზეა, ირანი კი – 141-ზე).

­უფლებადამცველი ორგანიზაციები საგანგაშო ტენდენციას აღნიშნავენ – თურქეთში მკვეთრად მატულობს ოჯახში ძალადობის შემთხვევები. თურქული მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2014 წელს 294 ქალი დაიღუპა კაცის ხელიდან, თურქი ქალების 38% კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (ეს მაშინ, როდესაც მთლიანად მსოფლიოში ამის მაჩვენებელი 35%-ს არ აღემატება).

წყარო: forbes.ru

თარგმანი: შორენა გაბუნია

 

© sapari.ge