ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

რას გვიამბობს შსს-ს სტატისტიკა ოჯახში ძალადობაზე?

posted in ოჯახში ძალადობა by with Comments Off on რას გვიამბობს შსს-ს სტატისტიკა ოჯახში ძალადობაზე?

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ის დანაშაულია, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე კატასტროფულად მატულობს. მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით პოლიციის ცხელ  ხაზზე  შესულ  შეტყობინებათა რაოდენობას, დაწყებული გამოძიებების რაოდენობას და პოლიციის მიერ გაცემული დამცავი ორდერების რაოდენობას.

infographic

როგორც ინფოგრაფიკიდან იკითხება, 2013 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დახმარების აღმოჩენის იმედით, პოლიციის ცხელ ხაზზე რეკავს. თუ 2013 წელს 5447 ადამიანი ითხოვდა შველას, 2015 წელს ამ რიცხვმა 15 910-ს მიაღწია. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პოლიციის რეაგირებაც: 2013 წელს მან 212 შემაკავებელი ორდერი გასცა და 185 საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2015 წელს კი 2726 ორდერი გამოსცა და 959 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

რამ გამოიწვია, ერთი მხრივ, საზოგადოების და, მეორე მხრივ, პოლიციის გააქტიურება? 2014 წელი აღმოჩნდა გარდამტეხი წელი, ამ წელს ოცამდე ქალი მოკლეს, რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, შეიქმნა ქალთა მოძრაობა, მოეწყო მასშტაბური დემონსტრაციები, მედიამ ერთი კვირეული მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის თემის გარჩევას დაუთმო. ამ ყველაფერს მთავრობის გააქტიურება და ოჯახში ძალადობის მიმართ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვა.

ეს ინფოგრაფიკა რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას აჩენს: რა ხდება იმ 14 000 შემთხვევაში, როდესაც პოლიცია არც ადმინისტრაციულ და არც სისხლის სამართლებრივ რეაირებას არ ახდენს? ნუთუ 14 000 ადამიანი ტყუილად და უმიზეზოთ იძახებს პატრულს? სად არიან სოციალური მუშაკები, რომლებმაც ამ 15 910 გამოძახებაზე რეაგირება უნდა მოახდინონ? სადამდე შეიძლება იზრდებოდეს დანაშაულის სტატისტიკა? თუ პოლიციის რეაგირების მაჩვენებელი დაეცა, ეს საგანგაშო მოვლენა იქნება, თუ სანუგეშო?

ფაქტია, რომ 2016 წელს უკვე 10 ქალი მოკლეს. სულ უფრო ხშირად ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც პოლიციამ იცოდა ოჯახში არსებული კონფლიქტის და ძალადობის შესახებ და მაინც ვერ დაიცვა მსხერპლი მკვლელობისაგან. ეს შემთხვევები სახელმწიფო პასუხისმგებლობას აყენებს და პოლიციაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, პოლიციის არაკვალიფიციურობასა და მოუმზადებლობაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმების ახალი ტალღა, რომელიც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის და პრევენციის ძლიერ მექანიზმს შექმნის. ქალთა მოძრაობამ უკვე წარუდგინა საზოგადოებას შემდგომი რეფორმების მისეული ხედვა, დანარენი კი ისევ მთავრობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროზეა დამოკიდებული.

 

© sapari.ge