ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება


29 ივლისს ‘კოალიციამ თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

ანგარიშის თავები ეთმობა კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საქმეებს, სახალხო დამცველის მიერ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის გამოყენებისას გამოვლენილ მიღწევებს და გამოწვევებს, სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებს და საქმის წარმოებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის დასკვნითი ნაწილი რეკომენდაციებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწაში დაეხმარება.

დოკუმენტი მოამზადეს „კოალიცია თანასწორობისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი საჩივრების, სასამართლოებში შეტანილი სარჩელების, სახალხო დამცველისა და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო და შუალედური გადაწყვეტილებების, მოქმედი კანონმდებლობის და საჯარო ინფორმაციის სახით სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი მასალების ანალიზის საფუძველზე.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების 2015 წლის ანგარიშის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.