პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი – ელენე ხოშტარია


არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი, ითვალისწინებს რა ქალთა პოლიტიკაში საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებულ დიდ ინტერესს, წინასაარჩევნო მარათონში ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიებიდან თითო ქალ კანდიდატს საშუალებას აძლევს, საკუთარ ამომრჩეველს ვრცლად და ამომწურავად ესაუბროს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამომდინარე ჩვენი პროექტის ფორმატიდან, ინტერვიუს კითხვები ყველა რესპონდენტისთვის სრულიად იდენტური იქნება. მათი დახმარებით, რესპონდენტები თავად შექმნიან ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ტექსტებს. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

რას ნიშნავს, იყო ქალი პოლიტიკოსი საქართველოში? არის თუ არა განსხვავება ქალ პოლიტიკოსსა და კაც პოლიტიკოსს შორის?

ნებისმიერი პოლტიკოსის შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს მისი ღირებულებები, ცოდნა, კვალიფიკაცია და არა სქესი, კანის ფერი და ა.შ.  ამასთანავე, დღეს საქართველოში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს, თითქოს ქალი პოლიტიკოსი არის უფრო რბილი, თითქოს არის თემები, რომლითაც მხოლოდ კაცები უნდა იყვნენ დაკავებულები. ამ სტერეოტიპის გამყარებას ხშირად თავად ქალი პოლიტიკოსები უწყობენ ხელს. მე მიმაჩნია და ჩემ საქმიანობაშიც ამით ვხელმძღვანელობ, რომ გენდერული ნიშნით არ არსებობს განსხვავება პოლიტიკოსებს შორის და არ არსებობს ქალი პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი თემები და პირიქით.

როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა? (მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12% შეადგენს, ადგილობრივ თვითმმართველობებში კი – 14%)

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არასაკმარისია პოლიტიკაში, განსაკუთრებით რეგიონებში. მიმაჩნია, რომ ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი ქალების რეალური მაგალითები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის საქმეში ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამ ყველაფერს საშუალოვადიანად შეუწყობს ხელს ეკონომიკური განვითარება და ძლიერი განათლების სისტემა. ამ მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების და ინტერეს ჯგუფების საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დაუჭერთ თუ არა კვოტების კანონპროექტს მხარს პარლამენტში? რატომ?

ჩემი მსოფლმხედველობიდან და იდეოლოგიიდან გამომდინარე, კვოტების სისტემას მხარს არ ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ეს აკნინებს ქალს, რადგან მისი პოლიტიკაში მონაწილეობა მისი კონკურენტული თვისებებით კი არ განისაზღვრება, არამედ გენდერული ნიშნით. პრაქტიკაში მიმაჩნია, რომ ეს ქალთა მონაწილეობის საკითხს არ მოაგვარებს, რადგან რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს რეალურად იმ ქალების მონაწილეობას, ვინც ამას იმსახურებს და ვინც ქალის როლის თვალსაზრისით პოლიტიკაში რეალურ ცვლილებებს მოახდენს. ამასთანავე, დიდი სურვილი მაქვს, ვითანამშრომლო ქალთა კვოტირების მომხრე ორგანიზაციებთან. მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, არგუმენტების მოსასმენად მუდამ მზად ვარ. თუ პრაგმატულ არგუმენტებს მოვისმენ, რომ ეს ნამდვილად შეცვლის მდგომარეობას, მზად ვარ,  ჩემ პოზიციებს გადავხედო.

პოლიტიკოსი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ქალური სოლიდარობა იგნორირებულია თვითონ პოლიტიკოსი ქალების მიერ. ისინი ვერ ახერხებენ, ან საჭიროდ არ მიიჩნევენ ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ღია მხარდაჭერას და ძირითადად ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად არიან დაქსაქსულნი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ქალთა სოლიდარობის გაზრდა და როგორ გესახებათ ეს?

ქალების და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვა ჩემთვის პრინციპული საკითხია და შეუძლებელია, ეს ვიწრო პარტიული განხილვის თემად ვაქციოთ. ბუნებრივია, ხშირად თავად ქალები არ არიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი და ვისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა მაგალითად, “იქნებ დედა შეაგინა”, რაც აპრიორი ძალადობის გამართლებაა. ეს არის ძალადობის წახალისება, სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსის მხრიდან. სოლიდარობის ზრდა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს. ქალთა სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამან უნდა შეცვალოს სიტუაცია.

ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, მათ კულტურული ნორმები და სტერეოტიპებიც მნიშვნელოვნად ზღუდავთ. თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი ამის შესაცვლელად?

ქალებზე ფიზიკურ  ძალადობასთან ბრძოლას სათანადო პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ ხელისუფლებისთვის ეს თემა პრიორიტეტული იქნება, ყველა რგოლი, პოლიციიდან დაწყებული, სოციალური მუშაკით დასრულებული, ეფექტურად იმუშავებს. ბუნებრივია, ეს პოლიტიკური ნება  თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებში უნდა გამოიხატოს, რომელიც, რეაგირების ნაცვლად, პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე ერთეული შექმნის მომხრე ვარ,  რომელიც მხოლოდ ქალებზე ძალადობაზე იმუშავებს.

ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ შეჯახებიხართ გენდერული დისკრიმინაციას? იქონია თუ არა ამან გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?

არ შევხვედრივარ, თუმცა არ მინდა, ეს განვაზოგადო; ის, რომ მე არ შევხებივარ, არ ნიშნავს, რომ ჩვენში ქალების დისკრიმინაცია არ ხდება.

თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რა მიგაჩნიათ?

სტუდენტები, რომლებშიც ლექციების შედეგად სტერეოტიპების ნგრევა დამინახავს.

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ქალებისთვის გაგიკეთებიათ?

პოლიტიკურად ჯერ არაფერი, ახალი შემოსული ვარ, მაგრამ არაერთი ქალი დამიცავს ძალადობისგან.

რას პირდებით ქალ ამომრჩეველს?

კონკრეტულად უახლოეს 4 წელიწადში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალები ძალადობისგან დავიცვა და სახელმწიფო იყოს სათანადოდ პასუხისმგებელი ამ საკითხზე. ასევე, პირობას ვდებ, რომ მუდმივად მექნება მათთან ურთიერთობა და მათი საყრდენი ვიქნები.