ანგარიშები / დისკრიმინაცია / თანასწორობის პოლიტიკა / კოალიცია თანასწორობისთვის

დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2018 წლის ანგარიში

აღნიშნული ანგარიში აანალიზებს 2018 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებას და ასახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს, სახელმწიფოს პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას. დოკუმენტი “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ მომზადებული რიგით მესამე ანგარიშია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობასა და თანასწორობის უზრუნველყოფას.

ანგარიშში გაანალიზებულია 2018 წლის განმავლობაში ამ კუთხით განვითარებული ძირითადი ტენდენციები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. „კოალიცია თანასწორობისთვის“ იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ქმედითი ღონისძიებების გატარებაში, ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას და ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფას.

ანგარიშში, 2018 წლის განმავლობაში, 11 ჯგუფის – ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების, სექსმუშაკების, ლგბტქი პირების, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი უმცირესობებისა და დევნილების – დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებაა გაანალიზებული. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა თავდასხმისა და დისკრიმინაციული მოპყრობის ახალი სამიზნე ჯგუფი – უფლებადამცველების სახით. 2018 წლის განმავლობაში აღნიშნული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას დისკრიმინაციისგან დაცვის თვალსაზრისით კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები სწავლობდნენ. შესაბამისად, ანგარიშში მხოლოდ ამ ჯგუფებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შეფასებაა მოცემული. „კოალიცია თანასწორობისთვის“ არ გამორიცხავს, რომ სხვა ჯგუფები, რომლებიც 2018 წლის ანგარიშში არ არის იდენტიფიცირებული, ასევე განიცდიან დისკრიმინაციას.

კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო . კანონის მიღების შემდგომ, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ყოველწლიურად სწავლობს ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2018 წლის ანგარიში