"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა

საფარის საქმე: ოჯახში მოძალადეების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დარჩა

საფარი იცავს მსხვერპლი ქალი ნ. ჩ.-ს და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს. წლების მანძილზე, მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. მსხვერპლმა საფარს დახმარებისავის მას შემდეგ მიმართა, რაც ქუთაისის პოლიციის მიერ ვერ მოხდა მასზე და მის შვილზე ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლების წინაშე არსებული რისკების სწორად შეფასება.

ძალადობის ბოლო ინციდენტის შემდეგ, ნ-მ თავის არასრუწლოვან შვილთან ერთად თბილისში, დეიდასთან შეაფარა თავი. მოძალადემ  და  მისმა ოჯახის წევრებმა მსხვერპლს ქუთაისიდან თბილისში  ჩამოაკითხეს და ძალადობრივი გზით მსხვერპლის და ბავშვის მათ ოჯახში დაბრუნებას ითხოვდნენ.

ოჯახში მუქარის ფაქტზე, ისანი-სამგორის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო; ასევე, მოძალადე მეუღლის, მამამთილის და დედამთილის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები.

აღნიშნული ორდერები მოძალადემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საფარის ადვოკატის ჩართულობით,  სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული და შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა.

გარდა ამისა, დაზარალებულ ნ. ჩ.-ს სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდა საფარის ადვოკატის შუამდგომლობა დაზარალებულად მისი არასრულწლოვანი ბავშვის ცნობის თაობაზე. ასევე, მოძალადის მიმართ წაყენებულ მუქარის მუხლს დაემატა ადევნებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაცია.