ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

კითხვა-პასუხი

რა არის ოჯახში ძალადობა?

ოჯახში ძალადობა არის ძალადობრივი ქცევა, რომელიც ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ მაგ. მეუღლეებს ან ყოფილ მეუღლეებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ა.შ.

საქართველოს კანონის მიხედვით ოჯახში ძალადობას შესაძლოა ჰქონდეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობის ან იძულების სახე.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ოჯახის წევრი განისაზღვრება, როგორც „დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.“

ოჯახში ძალადობის გარკვეული ფორმა, კერძოდ ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალაოდობის ზოგიერთი სახე სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი განსაზღვრავს: “ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე“.

ოჯახში ძალადობის რა ფორმები არსებობს?

ფიზიკური ძალადობა – ფიზიკური ძალის გამოყენება სხვის წინააღმდეგ. მოიცავს ცემას, წამებას, ჯანმრთელობის დაზიანებას და სხვა ისეთ მოქმედებებს, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ფიზიკურ ძალადობასთან ასევე საქმე გვაქვს როდესაც პირი არ აძლევს სხვას ისეთი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას, რაც იწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. მათ შორისაა მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების, საკვებისა და სხვა რესურსებისადმი წვდომის ხელის შეშლა ან აკრძალვა.

ფიზიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის გავრცელებული ფორმაა. როდესაც ფიზიკურ ძალადობას ვხვდებით, დიდია ძალადობის სხვა ფორმების არსებობის ალბათობაც.

სექსუალური ძალადობა – ნებისმიერი სახის სექსუალური კონტაქტის დამყარება თანხმობის გარეშე. სექსუალურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც პიროვნება მისი სურვილისა და ნების გარეშე გამოიყენება სხვა ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სექსუალური ძალადობის ფორმებია ასევე პარტნიორისთვის კონტრაცეპტიული საშუალებების აკრძალვა და აბორტის იძულება.

საქართველოს კანონი სექსუალურ ძალადობას განსაზღვრავს, როგორც „სქესობრივი კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ (საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 4).“

ფსიქოლოგიური ძალადობა – ოჯახის წევრში შიშის დანერგვა ან მისი დანერგვის მცდელობა. ძირითადად გამოიხატება ზიანის მიყენების მუქარაში. ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითებია შვილის წართმევის მუქარა, საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების/თვითმკვლელობის მუქარა, ოჯახის წევრებისგან/მეგობრებისგან/ახლობლებისგან იზოლირება, გადაადგილების შეზღუდვა, თვალთვალი, მუდმივი კონტროლი, ქონების განადგურების ან შინაური ცხოველების მოკვლის მუქარა.

საქართველოს კანონის მიხედვით „შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას (საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 4).“

ეკონომიკური ძალადობა – პირის ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახის წევრი გახდეს ფინანსურად ამ პირზე დამოკიდებული. მუშაობის ან განათლების მიღების აკრძალვა/ ხელის შეშლა, ასევე პარტნიორის ფინანსური რესურსების კონტროლი, ამ რესურსებისადმი წვდომაში ხელის შეშლა/აკრძალვა, ასევე პარტნიორის ფინანსური ხარჯების მუდმივი კონტროლი.

საქართველოს კანონის მიხედვით „ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას (საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 4).“

ვარ თუ არა ძალადობის მსხვერპლი/როგორ მივიღო ძალადობის მსხვერპლის სტატუსი?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობის ფორმებიდან ერთი ან რამდენიმე ხორციელდება თქვენზე, მაშინ შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლი. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი საჭიროებს დახმარებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხერპლს თავშესაფრით და სხვადასხვა უფასო მომსახურებით, თუმცა ამისათვის საჭიროა ადამიანს გააცნდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მისაღებად თქვენ უნდა მიმართოთ შემდეგ ორგანოებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ან/და უბნის ინსპექტორი, მათ შეუძლიათ შემაკავებელი ორდერის გამოწერა, რაც ავტომატურად მოგანიჭებთ სტატუსს; ან/და რაიონული ან საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის მისაღებად, რაც ასევე ავტომატურად მოგანიჭებთ სტატუსს; ან/და სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს).

გარდა ამისა, პირველადი კონსულტაციისა და საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზს 2 309 903.

შეგვიძლია თუ არა ამოვიცნოთ ტიპური მოძალადის ნიშნები?

დიახ, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მოძალადეთა უმრავლესობას ახასიათებს. ეს ნიშნები მეტად გამოკვეთილია იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე მეუღლე/შეყვარებული/ სექსუალური პარტნიორია. ყველაზე მეტად გამოკვეთილი ნიშნებია ეჭვიანობა, მანიპულაციის უნარი, ეგოიზმი. ეჭვიანობა ძირითადად ვლინდება ურთიერთობის საწყის სტადიაზევე, თუმცა პარტნიორი ამტკიცებს, რომ ეს სიყვარულის გამოხატულებაა. მოძალადეს ხშირად ეცვლება ხასიათი, ერთ მომენტში მხიარული და ალერსიანია და უცბად, უმიზეზოდ ან უმნიშვნელო მიზეზის გამო ხდება აგრესიული. კამათისას უჭირს არგუმენტების საშუალებით თავის დაცვა და ძალის გამოყენებაზე გადადის. მოძალადეთა უმრავლესობას ადვილად შეუძლია პარტნიორით მანიპულირება, კარგად იცის მისი სისუსტეები და იყენებს მათ თავის სასარგებლოდ. მაგალითად: იმ შემთხვევაში თუ მეუღლე ან შეყვარებული გადაწყვეტს მათ მიტოვებას, იმუქრება თავის მოკვლით. მოძალადეები ხშირად პატიების თხოვნის დროს პირდებიან პარტნიორს რომ მეორედ აღარ გამოიყენებ მათ მიმართ ძალას, თუმცა ეს პირობა მეტწილად ირღვევა. ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობრივი ქცევისკენ, ძირითადად საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებენ. მაგალითად: თუ სამსახურში უსიამოვნება აქვთ, ეს თანამშრომლების ან ხელმძღვანელის ბრალია და არა მათი. მსგავსი უსიამოვნების დროს ხშირად არ შეუძლიათ ხმა აიმაღლონ უშუალოდ მათი წარუმატებლობის/უსიამოვნების წყაროსთან (დირექტორი, თანამშრომლები) და აგრესია ოჯახის წევრებზე გადააქვთ. გარდა ამისა, მოძალადეებს ხშირად აქვთ გენდერულად სტერეოტიპული აზროვნება და მიაჩნიათ რომ ქალები მამაკაცებზე სუსტები არიან. თვლიან, რომ ქალებს არ უნდა ჰქონდეთ პროფესიული და პიროვნული განვითარების საშუალება, ხოლო წარმატებულ ქალებს ისინი საფრთხისშემცველად აღიქვამენ.

მიუხედავად ასეთი დახასიათებისა, ეს ნიშნები არ არის უნივერსალური. როგორც ვიცით, არსებობს ძალადობის სხვადასხვა – შეფარული ფორმები, რომელთა იდენტიფიკაცია ხანდახან რთულია. ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ფსიქოლოგს. საფარი გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

რა არის დამცავი/შემაკავებელი ორდერი?

დამცავი/ შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს დროებით ღონისძიებას მსხვერპლის დასაცავად. მათი საშუალებით მოძალადეს ეზღუდება გარკვეული მოქმედებების შესრულების უფლება. შემაკავებელ ორდერს გასცემს პოლიცია და გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს. იგი გაიცემა ერთ თვემდე ვადით და მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით. მისგან განსხვავებით დამცავ ორდერს გამოსცემს უშუალოდ სასამართლო. მისი გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს როგორც მსხვერპლს, ასევე ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით ისეთ პირს, რომელიც მას სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევს. არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში, დამცავი ორდერის გაცემის მოთხოვნის უფლება გარდა ზემოთჩამოთვლილი პირებისა აქვს მეურნეობისა და მზრუნველობის ორგანოსაც. დამცავი ორდერი გაიცემა 6 თვემდე ვადით. მისი გაუქმების, ასევე საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისი მოქმედების არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. თუკი მოძალადე არ ასრულებს დამცავი/შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის 3811 მუხლი, რომელიც გულისხმობს აგვარი ქმედების დასჯას „ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

არსებობს თუ არა თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის?

ამჟამად საქართველოში მოქმედებს 3 სახელმწიფო თავშესაფარი (თბილისში, ქუთაისსა და გორში), რომელიც მიმართულია ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისკენ. თავშესაფარში ცხოვრება შეუძლია პირს, რომელსაც მიენიჭება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით, არასრულწლოვანი მსხვერპლის (მშობლის/მეურვის გარეშე) შემთხვევაში, ასევე, ამისათვის უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავშესაფარში ცხოვრების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვემდე ვადით. ამის შემდეგ ხდება ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ ვადის გაგრძელება. თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილით, საკვებითა და ტანსაცმლით, არამედ ასევე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით.

უსაფრთხოების რა ნორმების დაცვას მირჩევთ ოჯახში კონფლიქტის დროს?

პირველ რიგში, თუკი გრძნობთ, რომ კონფლიქტი იწყებს გამწვავებას, შეეცადეთ მოერიდოთ პარტნიორს, არ შეხვიდეთ მასთან მწვავე დაპირისპირებაში. გარდა ამისა, თუკი ვარაუდობთ მომავალში კონფლიქტის წარმოშობას, წინასწარ მოიფიქრეთ თუ რას მოიმოქმედებთ ამ შემთხვევაში. მოიფიქრეთ, თუ ვის შეგიძლიათ მიმართოთ (მეზობლები, მეგობრები). ასევე ეცადეთ მუდმივად თან იქონიოთ მობილური ტელეფონი და ცოტაოდენი ფული მაინც (მაგ. ტრანსპორტისთვის). გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან. საფარი გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ, სოციალუ და იურიდულ კონსულტაციებს. შეგიძლიათ რჩევა მიიღოთ ტელეფონითაც .

იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაშია შესული და არსებობს რეალური საფრთხე, რომ პარტნიორმა მოგაყენოთ ფიზიკური ზიანი, გამოიყენეთ შემდეგი თავდაცვის ზომები:

-მოერიდეთ სამზარეულოს და სხვა ისეთ ოთახებს, სადაც ინახება ცივი იარაღები;

-მოერიდეთ სააბაზანო ოთახებსა და სხვა პატარა ზომის ოთახებს, რომელშიც ადამიანის მომწყვდევა და გამოკეტვა ადვილია.

-ეცადეთ გახვიდეთ სახლიდან, დაუძახოთ მეზობელს ან სხვა ადამიანს დახმარებისთვის.

-თუ ვერ ახერხებთ სახლიდან გასვლას, ეცადეთ შეიკეტოთ ოთახში ტელეფონთან ერთად და დაუყოვნებლივ დარეკოთ საპატრულო პოლიციაში 112.

-დაურეკეთ პოლიციას ნომერზე 112.

თანაცხოვრების დამთავრების შემდეგ:

-შეცვალეთ სახლის საკეტები;

-სჯობს უთხრათ მეგობრებსა და ახლობლებს ძალადობის ფაქტების შესახებ, რათა მათ უნებურად არ გასცენ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია მოძალადესთან ან მის ახლობლებთან.

რა გავლენა აქვს ოჯახში ძალადობას ბავშვზე?

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ისევე როგორც ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ როგორც ქცევითი, ასევე ფიზიკური, ემოციური და სოციალური პრობლემები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ მშობლები რომლებიც ერთმანეთის მიმართ ძალადობენ, ხშირად ძალადობენ შვილზეც (ძალადობა შესაძლებელია გამოიხატებოდეს ერთი მხრივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, მეორე მხრივ უგულვებელყოფაში (neglect)). ბავშვი რომელიც ესწრება ძალადობას, უკვე არის ძალადობის მსხვერპლი.

ოჯახში ძალადობას დამანგრეველი გავლენა აქვს ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე. თუკი ძალადობა ადრეულ ასაკში ხორციელდება, ფერხდება ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა მეტყველება, ყურადღება, კონცენტრაცია, მეხსიერება. ბავშვს აღენიშნება შფოთვის მაღალი დონე, ხდება უნდობელი გარშემომყოფთა მიმართ.

შედარებით გვიან ასაკში, ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული თანატოლთა მიმართ, გამოავლინოს ანტისოციალური ქცევა, მიმართოს როგორც დამაზიანებელ ასევე თვითდამაზიანებელ ქცევას.

ძალადობის მსხვერპლ/შემსწრე მოზარდებში ნარკო- და ალკოჰოლდამოკიდებულების რისკი მაღალია. გარდა ამისა, ისინი ხშირად მიდრეკილნი არიან კანონგარეშე მოქმედებების ჩადენისკენ (ქურდობა, ძარცვა, ავტომობილის უკანონოდ მართვა და ა.შ). ამასთანავე, ასეთი მოზარდი შეიძლება იყოს იზოლირებული თანატოლთაგან, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაბალი აკადემიური მოსწრება (ხშირად ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითების გამო).

განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ის ფიზიკური ნიშნები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ/შემსწრე ბავშვებს აღენიშნებათ. ამ ნიშნების ამოცნობა, ქცევით და ემოციურ პრობლემებთან ერთად, ხშირად ეხმარება გარეშე პირებს (მასწავლებელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი) ძალადობის იდენტიფიკაციაში. ძალადობის მსხვერპლი/შემსწრე ბავშვები ხშირად უჩივიან ტკივილს, განსაკუთრებით მუცლისა და თავის არეში. ასევე ზოგადად ხშირად ხდებიან ავად, ხშირად აქვთ ისეთი ვირუსული დაავადებები, როგორიცაა ჰერპესი. ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, შესაძლოა აღენიშნებოდეთ ენურეზი (უნებლიე შარდვა დღის ან ღამის განმავლობაში), ძილის პრობლემები (უძილობა, ბოდვები, ხშირი კოშმარები), კვების დარღვევები, მუდმივი დაღლილობის განცდა.

რა არის უგულებელყოფა?

მშობლის მხრიდან ბავშვის უგულებელყოფა (neglect) არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. რთულია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს უგულებელყოფად და რა არა, მაგრამ არსებითია ის, რომ ამ დროს არ კმაყოფილდება ბავშვის ისეთი ბაზისური მოთხოვნილებები, როგორიცაა ფიზიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ემოციური, უსაფრთხოებისა და სწავლის მოთხოვნილებები. უგულებელყოფად განიხილება ასევე ბავშვის დატოვება მეთვალყურეობის გარეშე. იმისათვის რომ მშობლის მოპყრობა განვიხილოთ უგულებელყოფად, აუცილებელია მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობა იყოს ისეთი დონის, რომ ის ნეგატიურად აისახებოდეს ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე ან უქმნიდეს მას გარკვეულ ფიზიკურ საფრთხეს ( მაგ. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში).

უგულებელყოფა ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგ ფორმებში: ბავშვი ხშირად არის მშიერი და/ან არ იღებს მისი ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას. ბავშვი მეტწილად ფიზიკურად სუსტია და მისი წონა/სიმაღლე არ შეესაბამება მისი ასაკისთვის დამახასიათებელ ნორმას. ამასთანავე ბავშვს შეიძლება ამინდთან შეუსაბამოდ ეცვას, რაც ზრდის მისი ავადობის რისკს. ფიზიკური ჩივილის შემთხვევაში, მშობელმა შეიძლება არ წაიყვანოს ბავშვი ექიმთან, მაშინ როდესაც სამედიცინო მომსახურეობა მისთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, მშობლების მხრიდან უგულვებელყოფის მსხვერპლ ბავშვებს ხანდახან ადვილად ამოვიცნობთ პირადი ჰიგიენის დაუცველობის გამო. მათ ხშირად აცვიათ ჭუჭყიანი ტანსაცმელი, შესაძლებელია შევნიშნოთ მოუვლელი ფრჩილები და თმა.

უმრავლეს შემთხვევებში, ისეთი მშობლების შვილები, რომლებიც საკმარისად არ ზრუნავენ მათზე, იძულებულნი ხდებიან მთლიანად იკისრონ ასაკისთვის შეუფერებელი ვალდებულებები, მაგ. სახლის დალაგება, ტანსაცმლის გარეცხვა, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა. ამგვარ პირობებში მათთვის რა თქმა უნდა რთულია დაუთმონ საკმარისი დრო სწავლას, სპორტულ აქტივობებს, თანატოლებთან ურთიერთობას, რაც აუცილებელია მათი ჯანსაღი ასაკობრივი განვითარებისთვის.

უყულებელყოფის გავრცელებული ფორმაა ბავშვის ემოციური მხარდაჭერის დეფიციტი. თუ მშობელი არ გამოხატავს ბავშვის მიმართ სითბოს, არ ეფერება მას, არ ინტერესდება მისი მიღწევებითა და პრობლემებით, ბავშვს არ აქვს ჯანსაღი პიროვნული და ემოციური განვითარების შესაძლებლობა. ადრეულ ასაკში ემოციური უგულვებელყოფა აფერხებს მშობლის მიმართ სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას, ხოლო სასკოლო ასაკში ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ფორმირებას. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ არასრულფასოვნების განცდა, გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მოსწრებით, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა.

უგულებელყოფის უკიდურესი ფორმაა ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება ისეთ პირობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. მშობელმა უყურადღებოდ შეიძლება დატოვოს ბავშვი აბაზანაში, საცურაო აუზთან, ზღვის სანაპიროზე ან ისეთ საგნებთან, რომელთა გამოყენებითაც ბავშვს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

უგულებელყოფას შეიძლება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ქონდეს: მათ შორისაა სიღარიბე, ალკოჰოლიზმი და ა.შ. ხშირად მშობელს უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გარდა ამისა მშობლების ალკოჰოლზე და წამალზე დამოკიდებულება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს. კვლევები ასევე ადასტურებენ, რომ ნაკლები წლოვანების მშობლები მეტად არიან მიდრეკილნი უგულვებელყოფისკენ (ბავშვის მოთხოვნილებზე ცოდნის დეფიციტი, დროის დეფიციტი). მენტალურმა პრობლემებმა (განსაკუთრებით დეპრესიამ) შეიძლება გამოიწვიოს მშობლის უუნარობა იყოს ყურადღებიანი შვილის საჭიროებების მიმართ. ამასთანავე, მშობლებს შორის ძალადობრივი ურთიერთობის არსებობას ხშირად მივყავართ ბავშვის უგულებელყოფამდე.

© sapari.ge