სხეული მშობიარობის შემდეგ
ავტორი ნია ხაჭაპურიძე
მშობიარობის შემდეგ სისხლიან გამონადენს მენსტრუაცია კი არა, ლოქიები ჰქვია (lochia) და არ ნიშნავს, რომ ციკლი აღდგა ან მშობიარობის მერე ეგრევე “მოგივიდათ”.
უბრალოდ საშვილოსნოს გენერალური დალაგების ნიშანია, 9-თვიანი სტუმრიანობის შემდეგ.
მშობიარობის შემდგომი გამონადენი გრძელდება სადღაც 6 კვირა/40 დღე, მაგრამ არის საკმაოდ ინდივიდუალური და აქვს სამი ეტაპი:
წითელი ლოქიები;
სეროზული ლოქიები;
თეთრი ლოქიები.
ეს ეტაპები იმის მიხედვით იყოფა, თუ რამდენი სისხლი მოჰყვება და რა ფერი აქვს, წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი, მოყვითალო თუ თეთრი.
თავიდან სადღაც 5-10 დღე იქნება წითელი, იმიტომ, რომ კარგად უნდა გამოსუფთავდეს შიდა გარსი. მცირე ზომის კოლტებიც ნორმაა, განსაკუთრებით კი წოლის ან ჯდომის მერე (მაგ დროს გროვდება და არ გამოიყოფა გამონადენი, “კოლტდება” და მერე წამოდგომისას ერთიანად გამოდის).
ნელ-ნელა ეს წითელი წესით ვარდისფრდება, რადგან შიგ სისხლის რაოდენობა მცირდება და ძირითადად ლიმფა და ქსოვილური სითხე გამოდის, ანუ სეროზული ლოქიები.
მეორე-მესამე კვირაზე გადადის თეთრი ლოქიების სტადიაზე და გამონადენი ყველა იმ უჯრედის და მიკრობისგან შედგება, რაც საშვილოსნომ გარეთ გამოდევნა.
შიგადაშიგ ოდნავ სისხლიანი ე. წ. “სპოტინგიც” ნორმაა და ვადებიც ინდივიდუალურია. მთავარია, დღითიდღე მცირდებოდეს და უფრო ნაკლებად წითელი იყოს.
სუნს რაც შეეხება, ვარდებისა და გვირილების სურნელი არ ექნება, იმიტომ, რომ 2-3 დღის მერე უკვე მოცლილი ბაქტერიები სახლდებიან საშვილოსნოში და ლოქიებით გამოირეცხებიან ნელ-ნელა, მაგრამ არ უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებით სასტიკად მყრალი სუნი (ეს ალბათ მაინც ინდივიდუალურია, ვის რა ესაზიზღრება),
არ უნდა ახლდეს თან ტკივილი, რომელიც იმატებს, სიცხე, გამონადენის მომატება და ასე შემდეგ, იმიტომ, რომ ინფექციის ნიშნებია და ამ შემთხვევაში ექიმთან უნდა მივიდეთ.
! არ გამოიყენოთ ტამპონები. ისედაც ბევრი ბაქტერია ტრიალებს მაგ დროს და კიდე შიგნით ნუ გააჩერებთ საათები. მხოლოდ საფენები, 6-ივე კვირა! სანამ საშვილოსნოს შიდა გარსი არ აღდგება და გაკრიალდება, რომ ინფექციის დაბლოკვა შეეძლოს,
ამ გაწმენდის შემდეგ მენსტრუაცია წესით არ გექნებათ მანამ, სანამ ბავშვი ძუძუს ჭამს (აქა-იქა კი არა, სულ ძუძუს).
ძუძუს წოვება, კერძოდ დვრილების სტიმულაცია ნიშანს აძლევს ორგანიზმს, რა დროს შემდეგი ორსულობაა, ჯერ ეს ბავშვია გასაზრდელიო – მენსტრუალური ციკლი ხომ ახალი ორსულობისთვის მზადებას ემსახურება. ამ ნიშანზე ოვულაცია ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება ჩერდება და მენსტრუალური ციკლიც პაუზდება დროებით, რომ გაცალოთ ბავშვის გაზრდა. ამას ჰქვია ლაქტაციური ამენორეა (ლაქტაცია რძის წარმოქმნაა და ამენორეა – მენსტრუაციის არქონა).
ამ დროს ბავშვი რეგულარულად და 4 საათში ერთხელ უნდა ჭამდეს ძუძუს, ანუ ეს სიგნალი სულ უნდა მისდიოდეს ტვინს, თორემ დაიწყებს ოვულაციას ისევ.
თუმცა, ისიც შეიძლება, რო მალე აღდგეს ციკლი წოვების მიუხედავად.
6 თვეზე მეტი ეს პერიოდი მაინც ვერ გასტანს, რადგან შემდეგ ბავშვი სხვა რამეების ჭამასაც იწყებს და ორგანიზმიც ხელებს იფშვნეტს, აბა ეს გავზარდეთ უკვე და დავიწყოთ ახალი ორსულობისთვის მზადებაო. და ციკლიც აღდგება აუცილებლად.