“ჩემთვის დიდი პატივია ფინალისტებს შორის, ასეთ გამორჩეულ აქტივისტებთან ერთად ყოფნა და ამ ღონისძიებაზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა – ჩემთვის პრივილეგიაა. ამ შემთხვევას გამოვიყენებ და ჩემს სამშობლოში – საქართველოში ავტორიტარიზმის შემაშფოთებელ ზრდაზე ვისაუბრებ. რუსმა ოლიგარქმა – ბიძინა ივანიშვილმა, უკვე წლებია, სახელმწიფო ხელში ჩაიგდო, ახლა კი ცდილობს, ქვეყნის ევროპული ტრაექტორია – რუსულით შეცვალოს. ოლიგარქი პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხს ერთპიროვნულად აკონტროლებს და ახლა, რუსული სტილის – უცხოური გავლენის კანონის მიღებით, ის ცდილობს, ყველა სამეთვალყურეო არასამთავრობო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია დახუროს.ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს საფრთხე მუდმივად ემუქრებათ, მათ თავს სიტყვიერად, ზოგჯერ კი – ფიზიკურადაც ესხმიან. პროპაგანდისა და დისკრედიტაციული კამპანიების სამიზნე თითოეული აქტორი ხდება, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ის ხელოვანები, მწერლები და მეცნიერები, რომლებიც ავტორიტარიზმის ზრდაზე ღიად საუბრობენ. ანტიგენდერული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფები დაუსჯელად მოქმედებენ. ერთადერთი იმედი მოახლოებული არჩევნებია, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება. მე ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ივანიშვილის მოშორება უკვე გადაწყვიტა, მაგრამ არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და მისი შედეგები ჩვენი დასაცავია. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს, რათა ქართველი ხალხის ნება და მისი გამოხატულება დაიცვას. პრო-ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის ან კავკასიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, სიმართლესა და პროპაგანდას შორის მიმდინარეობს. დაე, სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვოს.”
ბაია პატარაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და აქტივისტს, მარია მაჩადოს გადასცა. საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია, პრემიის სამ ფინალისტს შორის დასახელდა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით წარდგა:
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა “ქარტია 77”-მა ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის პრემია დააწესეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.