Sapari

კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მისი დაარსება ცნობილი ქართველი ფსიქიატრისა და ფსიქოტრავმატოლოგის, პროფესორი ნინო მახაშვილის სახელს უკავშირდება. მომდევნო წელს, „საფარმა“ გახსნა იმ პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება.

ანალოგიურ დახმარებას სთავაზობდა „საფარი“ ნებისმიერ მის კლიენტს. „საფარის“ საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.

2013 წლიდან, „საფარმა“ გააფართოვა საქმიანობის მანდატი და ის მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად, „საფარი“ ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.

„საფარის“ მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა.

 

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

– დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ადამიანებს შორს თანასწორობის მიღწევა. მოწყვლადი ჯგუფების მათ შორის ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ პირების, უფლებების ადვოკატირება და დაცვა. მათი ინტერესების ლობირება პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშროლობის გზით;

-სხვადასხვა სახის ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მძიმე სტრესისა და ტრამვისა შესწავლა და კვლევა; ძალადობის შედეგად ტრამვირებული ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრების, თავშესაფრებისა და კაბინეტების დაარსებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

-ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება; ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე ჯანდაცვის, სამართალდამცავი და მსგავსი პროფესიის მქონე სპეციალისტების საგანმანათლებლო და სატრენინგო პროგრამების მხარდაჭერა. ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა ექიმთა, ფსიქოლოგთა, ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტთა კომპეტენციის ასამაღლებლად ტრავმის ფსიქოლოგიაში;

– თანამშრომლობა დისკრიმინაციასა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან;

– სარეაბილიტაციო ცენტრების, მათი ფილიალების, თავშესაფრების გახსნა.