"საფარის" საქმეები / სიახლეები / ჩვენი შედეგები

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი $22000 ღირებულების სახლს მიიღებს – “საფარის” საქმე

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000-ის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე “საფარის” იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძეც.

ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა. მასთან მუშაობა “საფარმა” 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.

“მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, თავს მეგობართან აფარებდა.  პანსიონატში ყოფნის დროს  მას არ მისცემია შესაძლებლობა დაუფლებოდა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,  შესაბამისად მას ბევრი, თითქმის გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც აწუხებდა”, – ამბობს იურისტი, ცირა ჯგერენაია.

იურისტთა გასაუბრებისას მან ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. იურისტმა ცირა გჯერენაიამ მასთან გასაუბრების შემდეგ საქმის გამოკვლევა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში მართლაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაბუისა და მამის გარდაცვალების შემდეგ, სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.

“საფარმა” დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოიპოვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ჯერ ქუთაისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოებს მიმართა. 2023 წლის 23 მაისს საქმე მორიგებით დასრულდა – ახალგაზრდა ქალს $22000 ღირებულების სახლი გადაეცა.

“მე მიმუშავია ნინოწმინდის პანსიონატის არაერთ ყოფილ აღსაზრდელთან. ამ ადამიანებისათვის ცხოვრების  დამოუკიდებლად გაგრძელება და საზოგადოებაში ინტეგრაცია ძალიან დიდი  გამოწვევაა, რადგან პანსიონატში ყოფნის პერიოდში ისინი  იმყოფებოდნენ სრულიად იზოლირებულ გარემოში. მათ არ შეუწყვეს ხელი გამოემუშავებინათ დამოუკიდებლად ცხოვრების და გადაწყვეტილებეების მიღების უნარ-ჩვევები. ამასთან, პანიონატში ყოფნისას, სიტემატიურად იყვნენ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ანუ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები. ამიტომ, ყველა ის შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი ბრძოლა მათთვის აჩენს ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის შესაძლებლობას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია”, – ამბობს ცირა ჯგერენაია და დასძენს, რომ ამ საქმის წარმატებით დასრულება ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მიიღოს განათლება და უკეთ ინტეგრირდეს საზოგადოებაში.

“საფარი” ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან 2021 წლიდან მუშაობს. ამ დრომდე 50-ზე მეტ ადამიანს გავუწიეთ სამართლებრივი, ფსიქოლოგიური თუ სოციალური დახმარება. 2022 წლის ივლისში, მათთან 9-თვიანი მუშაობის შემდეგ, შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ რეკომენდაციების პაკეტი. 2023 წლის 13 აპრილს, პანსიონის 5 ყოფილი აღსაზრდელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. სტრასბურგის სასამართლოსგან ვითხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას.

 

უ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დაგვიკავშირდი:
599 407 603; 0322 307 603.
“საფარი” გაგიწევს უფასო კონსულტაციას და სამართლებრივ მომსახურებას, გამოძიების ყველა ეტაპზე და ყველა ინსტანციის სასამართლოში.