სულ ახლო წარსულში, 8 მარტს ქართველი კაცები თავიანთ ოჯახის წევრ თუ თანამშრომელ ქალებს ტრადიციულ საჩუქრებს უძღვნიდნენ და სუფრაზე საოცარი ენამჭევრობით ადღეგრძელებდნენ. პოსტსაბჭოთა, ისევე, როგორც საბჭოთა ეპოქის საქართველოში, ცოტამ თუ იცოდა ამ დღის ნამდვილი არსი, – რომ 8 მარტი ეძღვნებოდა არა „ქალურობის“ ნებისმიერ გამოვლინებას, არამედ თანასწორობისთვის ბრძოლას. არადა, თანამედროვე ქართველი ქალი დღეს ბევრ იმ სიკეთეს იმკის, რომელიც მსოფლიო ფემინისტური მოძრაობების მონაპოვარია.
ხმის უფლება პიროვნების ერთ-ერთი საბაზისო უფლებაა, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავლის დაგეგმვის, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისა და მისი შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნეში, ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კურსს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი, და არა მთელი ქვეყანა, განსაზღვრავდა. მოცემული პოლიტიკის ფორმალური, შემდეგ კი რეალური ცვლილების მაგალითი ისლანდია გახდა – დღეისთვის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა.
უკვე 1915 წელს, სუფრაჟისტების პანევროპული მოძრაობის ზენიტში, ისლანდიელმა ქალებმა ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და ფინეთის შემდეგ, ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, თუმცა გადიოდა წლები და ქალთა საკითხების მხრივ პოლიტიკაში არანაირი ძვრები არ ხდებოდა. პარლამენტში აქ ქალებს ადგილების 5% ეკავათ, მაშინ, როდესაც სკანდინავიურ ქვეყნებში ეს რიცხვი 20%-ს შეადგენდა. ამიტომაც, ფემინისტების ახალმა ტალღამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა: 1975 წლის 24 ოქტომბერი ისლანდიის ისტორიაში ცნობილია, როგორც „ქალების დასვენების დღე“. ამ დღეს, საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, ქალთა 90% სამსახურში არ გამოცხადდა. სანამ ისინი მოედნებზე სიტყვით გამოდიოდნენ, კაცებს მოსავლელად ხელში ბავშვები შერჩათ (იმ დღეს ყველა ბაღი დაკეტილი იყო).
ეს მომენტი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ხუთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველმა ქალმა პრეზიდენტმა – ვიგდის ფინბოგადოტირმა (Vigdís Finnbogadóttir) – გაიმარჯვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის საკითხი კვლავ აქტუალურია.
გარდა იმისა, რომ სკანდინავიურ საზოგადოებებში ქალის როლი გაცილებით მომგებიანი იყო, XIX საუკუნის შვედეთში სქესთა თანასწორობისთვის წამოწყებულმა მძლავრმა მოძრაობამ და XX საუკუნის დასაწყისის შვედი სუფრაჟისტების საქმიანობამ ქვეყანა ფემინიზმის ერთ-ერთ მსოფლიო პლატფორმად აქცია: 1909 წელს, შვედმა ფემინისტებმა სახელმწიფო სამსახურში მიღების წესების შეცვლას მიაღწიეს და შრომითი ანკეტიდან კაცების მონოპოლიის გაუქმება შეძლეს. ამ გზით, ქალებს საჯარო სამსახურში გაეხსნათ გზა, მაშინ, როდესაც აქამდე, სათანადო კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ქალისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება ან სახელმწიფო საავადმყოფოში მუშაობა წარმოუდგენელი იყო.
სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ქალებს პირველადი სასკოლო განათლების მიღების უფლება ჰქონდათ, ზოგს უმართლებდა და აკადემიურ განათლებასაც იღებდა, თუმცა, ზოგიერთს არანაირ განათლებაზე არ მიუწვდებოდა ხელი. თავად ევროპაშიც კი, XIX საუკუნის დასასრულისკენ, განათლების არმქონე კაცებსა და ქალებს შორის ვეება განსხვავება იყო – წარჩინებული ოჯახებიდან გამოსულმა ბევრმა ქალმა კითხვა კი იცოდა, მაგრამ პრაქტიკულად ვერ წერდა.
ამ პერიოდის საქართველოში, უკიდურესად მწვავედ იდგა დაწყებითი განათლების გავრცელების პრობლემა, რისი ნაწილობრივ მოგვარებაც საკუთარ თავზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აიღო. 1885–1907 წლებში, როდესაც საზოგადოებას თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე, მისი თავმჯდომარეობით არჩეულ გამგეობის წევრთა შორის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი მწერალი ეკატერინე გაბაშვილიც იყო. იმ ეპოქის ქალებს: ანასტასია თუმანიშვილს, ნინო ტყეშელაშვილს, ბარბარე ჯორჯაძეს, კატო მიქელაძეს, კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ქალთა უფლებების საკითხში განათლების როლი და ამიტომ, საქართველოში აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მოკლე პერიოდში, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხუთმა წევრმა: ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისამ, მინადორა ტოროშელიძემ, ქრისტინე შარაშიძემ, ელისაბედ ბოლქვაძემ და ანა სოლოღაშვილმა მიიღო. პირველი ქართველი ქალი პარლამენტარები აქტიურად მონაწილეობდნენ დამფუძნებელი კრების საქმიანობაში.
ქალთა განათლების სფეროში გარღვევად შეიძლება შეფასდეს 1861 წელი, როდესაც ფრანგი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების აქტივისტი ჟიული-ვიკტუარ დობიე (Julie-Victoire Daubié) ლიონის უნივერსიტეტის პირველი ქალი სტუდენტი, შემდგ კი ბაკალავრი გახდა. სამწუხაროდ, მისი ფიგურა სათანადოდ ცნობილი არაა, არადა მას და მის თანამოაზრეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქალებმა საფრანგეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გამოცდების ჩაბარებისა და ბაკალავრის ხარისხის მოპოვების უფლება მოიპოვეს. ერთი წლის შემდეგ, ქალებისთვის უკვე ყველა ფაკულტეტზე სწავლა იყო ნებადართული, გარდა თეოლოგიურისა. 1966 წელს, ქალებმა გამოცდების ჩაბარებისა და ბაკალავრის ხარისხის მოპოვების უფლება უკვე საფრანგეთის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოიპოვეს.
ახლა ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია ოლიმპიადა ქალთა ნაკრებების გარეშე. არადა, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე, მხატვრული ტანვარჯიში, ფიგურული ციგურაობა და სინქრონული ცურვა პირველ რიგში სპორტის „კაცურ“ სახეობებად ითვლებოდა. მძლეოსნობასა და ტანვარჯიშში ოლიმპიურ ასპარეზობაზე მონაწილეობის შესაძლებლობა ქალებს პირველად 1928 წელს, ამსტერდამში მიეცათ. მაშინ, 14 შეჯიბრში მხოლოდ 277 ქალი მონაწილეობდა, ისიც სპორტის მხოლოდ 4 სახეობაში. ქალი სპორტსმენების რიცხვი მონაწილეთა მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, და მაშინდელი საზომით, ეს ცოტა სულაც არ იყო.
დაახლოებით ოცი წელი დასჭირდა იმას, რომ სპორტის სამყაროში ახალი წესები და შეჯიბრებების ახალი პროგრამები გაჩენილიყო, რამაც სპორტსმენ ქალებს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამიტომ, როდესაც ცხარე კამათი იმართება მოკრივე ქალების ფორმაზე, ირონიით მოიხსენიებენ ქალთა ფეხბურთის ან კალათბურთის არასაკმარის სანახაობრიობას, სპორტის ისტორიის გადახედვა ნამდვილად ღირს.
ქალთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული გამოცდილება, შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. იგი განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფორმაში, რომლის დროსაც ძალზე ძნელია, დაამტკიცო, რომ მსხვერპლი ხარ. ქორწინებაში გაუპატიურების ფაქტები ბევრ ქვეყანაში დღემდე კანონს მიღმა ქმედებად რჩება, რადგან, პრაქტიკულად, მისი მტკიცება შეუძლებელია და მაქსიმალურად დამამცირებელია დაზარალებულისთვის და მისი ოჯახისთვის.
დიდ ბრიტანეთში, დიდი რეზონანსი გამოიწვია 1991 წლის საქმემ „რ. რ.-ს წინააღმდეგ“, რომელშიც ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულმა ქმარმა აპელაციას მიმართა. იგი ეყრდნობოდა არგუმენტს, რომ კანონი გაუპატიურების შესახებ არ მოიცავდა ქორწინებაში გაუპატიურების პირობას. თავად ქორწინების კონცეფციაც, ბევრი ადამიანის თვალში დღემდე აღიქმება, როგორც მეუღლეების მზაობა ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებების ნებისმიერ მომენტში დასაკმაყოფილებლად, რაც ხშირად ამ მოთხოვნების ქალის მიმართ წაყენებას გულისხმობს.
ხანგრძლივი გარჩევის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ხარვეზისა, ოჯახში გაუპატიურება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც გაუპატიურების კერძო შემთხვევა, და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა, 1994 წელს კი ეს პრეცედენტი იმგვარად განმტკიცდა, რომ ოჯახში გაუპატიურებას ოფიციალურად უკანონო ქმედების სტატუსი მიენიჭა.
კიდევ ერთი რთული სფერო, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ოფიციალური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, აბორტის უფლებაა. ქრისტიანობა დღემდე კიცხავს კონტრაცეპტივებს, აბორტი კი ფართო საზოგადოების თვალში დიდი ან მცირე ბოროტებაა. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პროგრესულ ირლანდიაში, აბორტი აკრძალულია, ზოგან კი იგი მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით არის ნებადართული.
pro-choice (აბორტის უფლების მომხრე) და pro-life (აბორტის უფლების წინააღმდეგი) ადამიანების დებატები დღემდე გრძელდება, მაგრამ მოსახლეობის ეკონომიკურად შეჭირვებულ ფენებს, მოზარდებს და გაუპატიურების მსხვერპლთ ეს უფლება ყველა შემთხვევაში უპირობოდ სჭირდებათ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უამრავი დაზარალებული მიმართავს სამედიცინო ჩვენების დროს აბორტზე უარის თქმის შემთხვევების გამო.
ფემინისტური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი გენდერული ნიშნით შრომის ანაზღაურების განსაზღვრაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალები საშუალოდ კვლავინდებურად გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, მათ შორის იმავე თანამდებობებზე. თუ გადავხედავთ ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ქალებმა სულ ახლახან მოიპოვეს შრომის, მათთვის საინტერესო სფეროებში პროფესიონალად ჩამოყალიბების რეალური შესაძლებლობა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სულ ახლახან, ქალისთვის სახელმწიფო პოსტზე მუშაობა ფორმალურადაც კი შეუძლებელი იყო, ახლა კი შეუძლებელია რეალურად. ეს იმის პარალელურად ხდება, როდესაც შვედეთში ქალთა შრომის ანაზღაურების საკითხში პირველი ძვრები ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში მოხდა, როდესაც ქალებს ლეგალური საჯარო ვაჭრობისა და სასტუმროების ფლობის უფლება მიენიჭათ.
მაგრამ, ვიდრე მსოფლიოში (მათ შორის ჩვენს ქვეყანაში) ქალების წინაშე პროფესიული განვითარების ბარიერები არსებობს, შრომით სფეროში თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის საკითხი კვლავ ღიად რჩება.