"საფარის" საქმეები / სიახლეები

9-თვიანი დამცავი ორდერი ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის – “საფარის” საქმე

sapari

ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოძალადე კაცის მიმართ დამცავი ორდერი მაქსიმალური ვადით, 9 თვით გამოიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა “საფარის” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მსხვერპლმა ქალმა მიმდინარე წლის ნოემბერში მოგვმართა. საქმეში ორგანიზაციის იურისტი, ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო, რომელმაც მოიძია და სასამართლოს წარუდგინა არაერთი მტკიცებულება – ტექსტური შეტყობინებები, აუდიო ჩანაწერები და ა.შ. აღნიშნული მტკიცებულებები და ქალის ჩვენება ამხელს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს.

“თანაცხოვრების დაწყებისთანავე ადგილი ჰქონდა ქალის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატებოდა აგრესიით, ცილისწამებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, შანტაჟით, მანიპულაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფებითა და სისტემატური დამცირებით”, – აცხადებს ნინო ანდრიაშვილი.

ქალის ინფორმაციით, 13-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, მუდმივად იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ქმარმა მასზე ფიზიკურადაც იძალადა.

ქალს დაგეგმილი ჰქონდა ერთ-ერთ აქტივობაზე დასწრება საღამოს საათებში, რაზეც კაცის რეაქცია იყო სრულად უკონტროლო: გადაეღობა წინ, ჩაუკეტა კარი და აუკრძალა სახლის დატოვება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აფურთხებდა. შემდეგ მოითხოვა სიგარეტი და ძალისმიერი მეთოდით შეეცადა მის წართმევას, უგრეხდა ხელებს. ქალი აივანზე გაიქცა, თუმცა თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო, ვინაიდან კაცი მას უკან გაჰყვა და კვლავ მოაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ შარვალი გაიხსნა, თმაზე ძლიერად მოქაჩა და სასქესო ორგანოზე სახით შეხებას აიძულებდა“, – ასე აღწერს ერთ-ერთ ეპიზოდს ნინო ანდრიაშვილი ქალის ჩვენებაზე დაყრდნობით.

ქალის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. “საფარმა” ქალს დეტალური კონსულტაცია გაუწია და სისხლის სამართლის მიმართულებით საქმის წარმოებაც შესთავაზა. თუმცა, ქალი ამ ეტაპზე საჩივრის შეტანისგან თავს იკავებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმეზე დამცავი ორდერი გამოცდა შემდეგი პირობებით:

  • კაცი გაერიდება იმ სახლს, სადაც მსხვერპლი ქალი ცხოვრობს;
  • კაცს ეკრძალება ყველა ქალის საცხოვრებელ და სამუშაო გარემოსთან, ასევე, ყველა იმ სივრცესთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება;
  • კაცს ეკრძალება ქალთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია – როგორც უშუალო, ასევე მესამე პირის მეშვეობით; როგორც პირისპირი, ისე სატელეფონო, სოციალური ქსელების თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ საჩივრის შეტანის შესახებ კითხვა ქალს მოსამართლემაც დაუსვა. ქალმა მასაც განუმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კაცისგან დისტანცირება სურდა. ამის მიუხედავად, მოსამართლე გადაწყვიტა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინა.

საჭიროების შემთხვევაში, “საფარი” ქალის ინტერესებს მომავალშიც დაიცავს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.