ჩვენ შესახებ

ვინ ვართ?

ჩვენი მისია

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით და ქალების გაძლიერებიით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნას საზოგადოების ყველა წევრისთვის საქართველოში.

ჩვენი ხედვა

სამყარო, რომელშიც მოქალაქეთა უფლებები იქნება თანაბრად დაცული და მათ ექნებათ თანაბარი წვდომა საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე.

ჩვენი ღირებულებები

მკაფიო ღირებულებების ქონა გვეხმარება გუნდურ მუშაობაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთო მიზნების მისაღწევად.

სამართლიანობა და თანასწორობა

გვჯერა, რომ ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება, ამიტომ ჩვენ გუნდსა და სამუშაო პროცესებში, პირველ რიგში სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.

ემპათია და სოლიდარობა

თანაგრძნობის უნარი ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სამყარო ხშირად სასტიკი და არასამართლიანია, ამიტომ პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს ბენეფიციარებს, პარტნიორებს და თანამშრომლებს.

საქმისადმი ერთგულება

საკითხები, რაზეც ვმუშაობთ და ადამიანური ისტორიები, რომელთანაც გვიწევს შეხება არასდროსაა მარტივი, თუმცა ყოველთვის ვპოულობთ ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად, რადგან ვაცნობიერებთ ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობას.

ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება

გვჯერა, რომ განსხვავებული პერსპექტივები აფართოებს აზროვნებას, ამიტომ ჩვენი გუნდის მაგალითზე ვცდილობთ, დავამკვიდროთ კულტურა, სადაც ყველასთვის არის ადგილი, განურჩევლად წარმომავლობისა თუ იდენტობისა.

კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა

ჩვენ ღიად ვმუშაობთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ამასვე მოველით სხვებისგანაც. ეს უზრუნველყოფს ნდობის ჩამოყალიბებას და ურთიერთობების განმტკიცებას გუნდის შიგნით თუ მის გარეთ.

ქალების ძალა ერთიანობაშია, ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა! თუ ქალები არ მივატოვებთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერს შევძლებთ!

ბაია პატარაია, აღმასრულებელი დირექტორი

 

ისტორია

“საფარის” ისტორია 2001 წელს, ერთი გაბედული ქალით, პროფესიით ფსიქიატრისა და ფსიქოტრავმატოლოგის – ნინო მახაშვილით, იწყება. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებზე დაიწყო მუშაობა, რასაც იმ დროს ქვეყანაში არავინ უთმობდა სათანადო ყურადღებას.

მათი მხარდაჭერის მიზნით, “საფარის” სახით, მან თავდაპირველად შექმნა რეაბილიტაციის ცენტრი, მომდევნო წელს კი – საქართველოში პირველი თავშესაფარი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. მასშტაბი, ბუნებრივია, მცირე იყო, მაგრამ იქ მოხვედრილი ქალები ყველა აუცილებელ დახმარებას იღებდნენ.

2005 წელს, “საფარის” ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყო – მას სათავეში საქართველოში ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროს ერთ-ერთი პიონერი – ნატალია ზაზაშვილი ჩაუდგა. არსებული ფინანსური გამოწვევების მიუხედავად, მან არ უღალატა ორგანიზაციის ხედვას, თავშესაფარი საკუთარ ბინაში გადაიტანა და მის ყველა ხარჯს თავად ფარავდა. ასე იმუშავა “საფარმა” ორი წლის განმავლობაში, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყო ორგანიზაციის სერვისების გაფართოება და ქალების გაძლიერების დამატებითი გზებით ხელშეწყობა.

2013 წლიდან დღემდე, “საფარის” დირექტორი საქართველოში ფემინისტური მოძრაობის ლიდერი ფემინისტი აქტივისტი და უფლებადამცველი – ბაია პატარაიაა. Მან განაგრძო “საფარის” დამაარსებელთა საქმე და შეეცადა, ქალთა უფლებები ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტულ საკითხთა შორის გამოეტანა.

მისი ლიდერობის დაწყებიდან მოყოლებული, ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხი მოიცვა.

დღეისთვის, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუწევთ ქალებს იურიდიულ დახმარებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე.

გარდა ამისა, რეგულარულად ვატარებთ კვლევებს, ვქმნით სოციალურ კამპანიებს და ხელს ვუწყობთ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ქალთა უფლებების გარშემო”.