"საფარის" აქტივობები / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

გიორგი ურჩუხიშვილის საჯარო ლექცია ზუგდიდში

26 ივნისს, ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, “საფარის” წარმომადგენელმა, სოციოლოგმა და გენდერის მკვლევარმა გიორგი ურჩუხიშვილმა, საჯარო ლექცია წაიკითხა ძალადობის გენდერული ასპექტების შესახებ.

მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რატომ იღებს საზოგადოება მოძალადე კაცების მიერ ჩადენილი ძალადობის აქტებს ჩვეულებრივ მოვლენად, რატომ ამბობენ უარს პოლიცია ან მოქალაქეები ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ჩარევაზე და რა აიძულებს ქალებს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაჩუმებას. გიორგი ურჩუხიშვილის თქმით, ძალადობის საკითხებზე თავად კაცებს ბევრი უნდა ვესაუბროთ.

„ქალთა მიმართ ძალადობის შემსუბუქების კუთხით ბევრი ღონისძიება იმართება. მსგავს შეხევდრებზე მამაკაცების დასწრება აუცილებელია. ასევე აუცილებელია პოლიციელების ჩართულობა, რადგან მათი უმეტესობა არის მარობითი სქესის და მათზეც იგივე კულტურული მოცემულობები ვრცელდება, რაც ჩვეულებრივ კაცებზე. თუ ცოლ-ქმარს შორის არის დაპირისპირება, არავინ ერევა, რადგან ყველა თვლის, რომ ცოლი ქმრის საკუთრებაა“, – აღნიშნა მკვლევარმა.

გიორგი ურჩუხიშვილმა აღნიშნა, რომ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების დროს კონფლიქტში ჩარევას ყველა იმიტომ არიდებს თავს, რომ საზოგადოება მეტწილად კაპიტალისტური აზროვნებით იმართება, რომელიც ქალს მამაკაცს მიაკუთვნებს, როგორც ნივთს. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების დროს გარეშე პირის ჩარევაც საზოგადოების მხრიდან „კერძო საკუთრებაში“ შეჭრად აღიქმება.

„თუ ჩვენ ხმამაღლა დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ თავში ჩაცემენტებული, მარტივი სამეწარმეო ურთიერთობები განაპირობებს ქალის ნივთად ქცევას, შემდეგ შეიძლება ცოტა შემსუბუქდეს ეს ამბავი. ქალები, როგორც მეორადი სქესი, ისე თანაცხოვრობენ მამაკაცებთან, მათი საკუთრების ქვეშ. პოლიციაც ერიდება, თუნდაც კანონიერი, მკაცრი ნაბიჯები გაატაროს და ამით შეთანხმებული, გაზიარებული ღირებულებები დაარღვიოს“, – აღნიშნა გიორგი ურჩუხიშვილმა.

შეხვედრას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრებო ორგანიზაციების წეარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.