24 წლის ამელია სმითი ამბობს, რომ ადამიანებს, მათ შორის პროფესიონალ ექიმებს, ზოგჯერ არ ესმით, რომ ადამიანს დეპრესია შესაძლოა ისე სჭირდეს, რომ გარეგნულად საერთოდ არ ეტყობოდეს.
10 თვის წინ, ამელიამ სოციალური მედიაგვერდი selfloveclubb შექმნა, რათა ამ საკითხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გაეზარდა.
Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტში, ამელია გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ მოიკრიბა გამბედაობა 14 წლის ასაკში და დეპრესიისგან თავის დაღწევაში დასახმარებლად მიმართა ექიმს, მაგრამ ამ უკანასკნელის სრულიად მოულოდნელმა პასუხმა სახტად დატოვა.
“თვითმკვლელივით არ გამოიყურები“, – ექიმის ბაგეთაგან მოსმენილი ეს სიტყვები კარგად მახსოვს, მას შემდეგ, რაც მე მას ვუთხარი, რომ სუიციდური აზრები მაწუხებდა. ეს სულელური დასკვნა, ეს სიტყვები ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. გეგონება, ფსიქიკურ ჯანმრთელობას განსაკუთრებული სახე და გამოხედვა ჰქონდეს. ესაა სტიგმა, უვიცობა, თითქოს თვითმკვლელობაზე აზრები მხოლოდ მათ აწუხებთ, ვინც ცუდად გამოიყურება. ორივე ფოტოზე მე ვარ, და ორივე ფოტოზე სუიციდური აზრები მაწუხებს. დეპრესიას რაღაც ერთი კონკრეტული გარეგნობა არ გააჩნია“, – ამბობს ამელია.
ამელიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. „ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ დათრგუნულად სულაც არ გამოვიყურებოდი. ცხოვრებაში თავი ასე ბრიყვულად არასოდეს მიგვრძვნია! თქვენს პოსტს ვკითხულობდი და ვტიროდი. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის!“, „თქვენი კარგად მესმის. ექიმებმა მითხრეს, რომ უბრალოდ, „ფაზა“ მაქვს ასეთი“, – სწერენ ამალიას Instagram-ის მომხმარებლები.
ამელის პოსტს ექიმი სტაჟიორიც გამოეხმაურა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ექიმთან თქვენი კომუნიკაციის მსგავს ისტორიებს ვაწყდები, მახსენდება, რომ ასეთი ექიმი არ უნდა ვიყო“, – ამბობს იგი.
„თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ჩათვალეთ, რომ მარტო არ ხართ, რომ დახმარების, სიყვარულისა და ბედნიერების ღირსი ხართ. უამბეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ მეგობარს ან ექიმს“, – ამბობს ამელია.
წყარო: bbc.com