ბლოგები

“არ მოგწონს? – წადი!”

ბაია პატარაიას ბლოგი

“არ მოგწონს? – წადი!” – კაპიტალისტური მანტრაა, რომელიც გვატყუებს. ის გვიქმნის თავისუფლების ისეთ ილუზიას, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს. ეს წინადადება გვატყუებს, თითქოს არჩევანი მართლა გვაქვს. ყველაზე უპასუხისმგებლო, აროგანტული და ზედაპირული ადამიანები ამბობენ ამ სიტყვებს. ეს ფრაზა სრულიად უარყოფს რეალობას და დილემების არსებობას.
“არ მოგწონს? წადი!” – ეუბნება ბიზნეს მენეჯერი 400 ლარიან თანამშრომელს, რომელსაც დამატებით ამუშავებს და სრულიად აიგნორებს იმ მოცემულობას, რომ ამ გაჭირვებაში და უმუშევრობაში წასვლა შიმშილს უდრის და ის ვერ წავა…
“არ მოგწონს? წადი!” – ეუბნებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც არ აქვს ფული, კისერზე ბავშვები ჰკიდია და “ბოზის” სტატუსის საფუძვლიანად ეშინია; ცალკე მოძალადე ქმრისგან შანტაჟი და მუქარები აწუხებს და არც ერთი მხარდამჭერი არ ყავს. აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ფსიქიკაზე და უდაბლეს თვითშეფასებაზე, რაც მსხვერპლს ახასიათებს.
“არ მოგწონს? წადი!” – ეუბნებიან ქვეყნებსაც კი, მაგალითად ქართველები ეუბნებიან რუსეთზე დამოკიდებულ სომხეთს, მაშინ როცა ქართველებსაც დაკარგული აქვთ ტერიტორიები და ძალიან ძვირი უჯდებათ ნატოსკენ სწრაფვა. და სომხეთს რა დაუჯდება რუსეთისგან წასვლა საერთოდ გესმით?
თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ ის პირდაპირ სიკვდილს და შიმშილს ნიშნავს, ამიტომ ამ ხეპრე გამოთქმას “არ მოგწონს? წადი!” გავეშვათ და თუ შეგვიძლია (და ნამდვილად შეგვიძლია), დავეხმაროთ ადამიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერით, გაძლიერებით, თანაგრძნობით. და ნუ გვავიწყდება, რომ სხვისი მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს ვიდრე ჩვენი. ნუ უგულებელვყოფთ სხვის რეალობას, სხვის რესურსებს, სხვის მოცემულობას. ნუ იქნებით უგრძნობი და აროგანტულები. ინგლისელები ამბობენ თუ გინდა სხვის ადგილას წარმოიდგინო თავი, მისი ფეხსაცმელი ჩაიცვიო, ამიტომ თუ თანაგრძნობას ეძებთ, საკუთარი ფეხსაცმლით ნუ შეგლაჯუნდებით სხვის სამყაროში, მიდი, აბა, ჩაიცვი მისი პატარა და ძველი ფეხსაცმელები და მერე ილაპარაკე.
მე არავის მოვუწოდებ, უარი თქვას თავისუფლებაზე, – სულ პირიქით, მონობის სიმწარეს არც ერთ ცოცხალ არსებას არ ვუსურვებ. მე დანარჩენებს მოვუწოდებ, დავეხმაროთ და თანავუგრძნოთ სხვებს, რადგან გამუდმებით მესმის და უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს “არ მოგწონს? წადი” – ყოვლად უპასუხისმგებლო და იდიოტური მანტრა.