სექსუალობა

ბოდიპოზიტივმა კაცის თეთრეულის რეკლამაშიც შეაღწია

პატრიარქალური სისტემა, ქალთან ერთად, კაცსაც ავიწროებს, მისგან მოითხოვს, იყოს ოჯახის ეკონომიკური ლიდერი, გამოიყურებოდეს, როგორც ამერიკული სუპერგმირი და ამ ყველაფრის განსახორციელებლად, აუცილებლად ჰქონდეს მაღალი შემოსავალი.

ბრიტანულმა ბრენდმა Surge-მ კაცის თეთრეულის რეკლამა გამოუშვა, რომელშიც ყველანაირი აგებულებისა და ასაკის მოდელები მონაწილეობენ.

დასახელებულ რეკლამაში ბოდიპოზიტივის იდეის გატარება ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავის ოსტინ არმაკოსტრის (Austin Armacost) ინიციატივით მოხდა.

“ჩვენ, როგორც კაცის თეთრეულის ბრენდს, არ გვსურს კაცების გარეგნობაზე ზეწოლის განხორციელება, – ნათქვამია Surge-ს პრესრელიზში, – ამ კოლექციაზე მუშაობას დაახლოებით ერთი წლის წინ შევუდექით და პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრენდი ინკლუზიური იქნებოდა”.

კამპანიის ერთ-ერთი მოდელი, 30 წლის ბრიტანელი დენიელ ლეო სტენლი (Daniel Leo Stanley) ამბობს, რომ მედია ადამიანებს ხშირად აიძულებს, თავიანთი სხეულები სხვებისას შეადაროს, და ამგვარი შედარება თითქმის ყოველთვის მათი მარცხით მთავრდება.

“ჩვენ გარშემო არსებული უამრავი წნეხი გვაიძულებს, წონაში დავიკლოთ და მუსკულები დავიბეროთ, მაგრამ მე ამ ყველაფერს უარვყოფ და ჩემს ბუნებრივ ფორმას ვინარჩუნებ”, – ამბობს დენიელი.