ბუნდესტაგმა ხმა მისცა რეფორმას, რომელმაც ლესბოსელებსა და გეებს იურიდიულად სრულფასოვანი ქორწინების გაფორმებისა და ბავშვების შვილად აყვანის უფლება მიანიჭა. აქამდე, გერმანიაში ერთი სქესის წყვილთა შორის მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობების რეგისტრაცია იყო ნებადართული.
გეი ქორწინების მომხრე კანონს ხმა მისცა 393-მა დეპუტატმა, 226-ის წინააღმდეგ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 2013 წლის საარჩევნო კამპანიაში, გეი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა და საკუთარი პოზიცია „ბავშვებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის“ აუცილებლობით გაამართლა. მან ასევე აღიარა, რომ მისთვის გეი ქორწინება „რთული საკითხი“ იყო.
მაგრამ, ამა წლის 26 ივნისს, ქალთა ჟურნალ Brigitte-ის მიერ ორგანიზებულ საღამოზე, მერკელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: მან თქვა, რომ ძალიან უნდა, რომ მის მიერ ნახელმძღვანელები პარტიის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატებმა გეი ქორწინების კანონს „თავიანთი სინდისის კარნახით“ მისცენ ხმა. მერკელმა დასძინა, რომ მის მსოფლმხედველობაში გარდამტეხი მოვლენა მაშინ მოხდა, როდესაც 8-შვილიანი ლესბოსელი წყვილი გაიცნო.
კანცლერის თქმით, მის პოზიციაზე ასევე იმან იქონია გავლენა, რომ საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მომხრენი სხვა პარტიებიც იყვნენ.
კანონის მხარდაჭერის შესახებ, წინასწარ დააანონსა ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა, რომელთანაც ქრისტიან-დემოკრატები ერთ ბლოკში შედიან.
მერკელის გამოსვლიდან სულ მალე, გეი ქორწინების მომხრეებმა ტვიტერში ჰეშთეგი #EheFuerAlle (ქორწინება ყველასათვის) გაუშვეს.
ამჟამად, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს 20 ქვეყანაშია დაკანონებული. პირველი ასეთი ქვეყანა ნიდერლანდები იყო, სადაც ერთი სქესის წყვილებს ქორწინების რეგისტრაცია 2011 წლის აპრილიდან შეუძლიათ.
ნიდერლანდების ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2011-დან 2015 წლამდე, ქვეყანაში 21331 ქორწინება დარეგისტრირდა: 11196 ქალებს შორის, 10135 – კაცებს შორის.
იმ დროს, როდესაც ცივილიზებული სამყარო ადამიანების უფლებრივი თანასწორობის სრულ აღიარებისკენ მიდის, საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის სატელიტი ხელისუფლებების მსგავსად, „ჰომოფობიის დაძლევის“ საბაბით, ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახის ქალისა და კაცის კავშირად დეფინიციის შემოტანას გეგმავს.