ბლოგები / ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კამპანიები / რა უნდა იცოდე - ეკონომიკაshe

გენდერული (უ)თანასწორობა და ეკონომიკა

ქალების ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მიღწევას ეხმარება, ქალების უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს და სიღარიბეს ამცირებს. ეკონომიკური პროგრესი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მიიღწევა, თუ ქალების ეკონომიკური სტატუსი დაბალია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია.

ქალების ეკონომიკური გაძლიერება მთელი რიგი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების პროცესს მოიაზრებს. ჩემი ბლოგის თემაც ამ პროცესს უკავშირდება.  გლობალურად, როდიდან გაჩნდა ქალების ეკონომიკური განვითარება დღის წესრიგში და სად დგას ქალის უფლებები ეკონომიკურ განვითარებაში.

ქალებზე ფიქრი ეკონომიკური განვითარების კვლევებში 1950-იანი წლებიდან იწყება, თუმცა, მაშინ ეკონომიკური გაძლიერების ფართო გაგებაზე, რაზეც დღეს ვმსჯელობთ, საუბარი არ ხდებოდა. ქალი განიხილებოდა მხოლოდ სურსათის მიმღების მონაცემებში, დედის ან ცოლის სტატუსით. იმდროინდელი ეკონომიკური კვლევები ფინანსების ხელმისაწვდომობაზე, ტექნოლოგიების განვითარებასა თუ საჭირო ცოდნაზე, აქცენტს მხოლოდ კაცზე აკეთებდა. კაცი იყო ინტერესის სფერო, როგორც ოჯახის „მარჩენალი“.

1970-იანი წლებიდან ეკონომიკური პროგრამების გენდერული ანალიზის ჩატარების საჭიროებას  ყურადღება მიექცა. იგი მოიცავდა ქალებისა და კაცების ეკონომიკურ როლებზე მონაცემების შეგროვებას; მათი საჭიროებების შეფასებას ცალ-ცალკე; რესურსებზე კონტროლის ანალიზსა და საოჯახო თუ საჯარო სივრცეებში ქალებისა და კაცების პასუხისმგებლობებისა და გადაწყვეტილებების გადანაწილებაზე ანალიზს.

ამ დროიდან მოყოლებული, ფემინისტურ წრეებში ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხედვებზე ბევრი სჯა-ბაასი იმართებოდა.  თავდაპირველად,  განვითარების პროგრამების მიერ საკითხი, ქალების ეკონომიკური როლების აღქმის შესახებ,  არასწორად დაისვა, თითქოს, გამართლებას ეძებდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება გვჭირდებოდა იმისათვის, რომ ქალები უფრო მზრუნველები არიან, სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა უკეთესად აქვთ და უკეთესი რესურსების ადმინისტრატორები არიან. ეს მიდგომები არ სვამდა კითხვებს კაცების დომინანტობაზე, ქალების სუბორდინაციაზე, როლებისა და პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებაზე, ვის ჰქონდა ძალაუფლება და სად ხდებოდა ამ ძალაუფლების ცენტრალიზება. ამ კითხვების დასმის გარეშე, ქალების უფლებრივი მდგომარეობა ვერ  უმჯობესდებოდა. ამიტომაც, ყველაფერი დროებით ხასიათს ატარებდა და დისკუსია ზედაპირული იყო.

მოგვიანებით უკვე, ქალისთვის,  როგორც დამოუკიდებელი ინდივიდისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის სარგებლიანობაზე დაიწყო საუბარი. პარალელურად, ცხადია, კვლავ მსჯელობდნენ, რომ ქალის გაძლიერებისგან მიღებული სარგებელი ოჯახთან და თემთან იყო დაკავშირებული, თუმცა, აქვე ხაზგასმული იყო ქალების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მნიშვნელობა, შრომის თანაბარი განაწილება, რათა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას არ გაეზარდა მისი ტვირთი, რადგან, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემატებოდა საშინაო პასუხისმგებლობებიც.

თანდათანობით, ეკონომიკურ კვლევებში გენდერული ანალიზის ჩატარების მნიშვნელობას დიდი ყურადღება დაეთმო. მაგალითად, ქალებისა და კაცების შემოსავლებზე, საოჯახო ბიუჯეტირებასა თუ მაკროეკონომიკის დაგეგმვაში ქალებისა და კაცების როლსა და პასუხისმგებლობებზე არაერთი კვლევა დაიწერა. ეს არის უკვე 1990-იან წლებში განვითარებული ანალიზი, როდესაც პოლიტიკის დაგეგმარებისას, ეკონომიკაში გენდერი გახდა არა სასურველი ატრიბუტი, არამედ – აუცილებელი. 1990-იანი წლებიდან შემუშავდა მთელი რიგი ხედვებისა, რაც საერთო ჯამში ხაზს უსვამდა, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება ნიშნავს, ქალს ჰქონდეს ძალაუფლება მიიღოს გადაწყვეტილებები და აკონტროლოს რესურსები, ეს იქნება საოჯახო რესურსები: ქონება, შემოსავალი, დრო, თუ საჯარო რესურსები: სერვისები, ბიუჯეტი.

ეკონომიკური გაძლიერებისათვის ხაზი გაესვა სამი დონის ცვლილების მიღწევის მნიშვნელობას. პირველი, როდესაც ქალები ხედავენ საკუთარ ეკონომიკურ როლს, გადაწყვიტონ და იმოქმედოს ისე, რომ მათ ნახონ სარგებელი. მეორე დონის ცვლილება მიიღწევა ოჯახში, თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში, როდესაც ქალი ჩართულია ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში და ძალაუფლება თანაბრად არის გადანაწილებული. მესამე დონის ცვლილებების დროს, იცვლება სოციალური ნორმები, დამოკიდებულებები და საზოგადოების რწმენები, ასევე, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოები.

აღნიშნულ, გლობალურ ხედვებთან შედარებით, საქართველოში ამდაგვარი სიღრმისეული ანალიზი არ დაწყებულა. მკვლევარები სახელმწიფოს მიერ ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ხარვეზებზე მიუთითებენ. სოციოლოგიის დოქტორი ანა დიაკონიძე წერს, რომ საქართველოში ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები ცალკე მდგომი ინიციატივებია და საერთო პოლიტიკის ნაწილს არ წარმოადგენს. ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ პროექტების ეფექტი ქალებისთვის უფრო ეკონომიკური გადარჩენაა, ვიდრე – ეკონომიკური გაძლიერება. ასევე, სარგებლის მიმღები ქალების შერჩევისას საუკეთესო მონაცემების მქონე ქალებზე აქცენტირება, სხვა ქალებს უფრო მოწყვლად ჯგუფად აქცევს, რომლებიც  დახმარების მიღმა რჩებიან.

მკვლევარი ქრისტინე მარგველაშვილი კი წერს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შეიტანოს პოლიტიკური დღის წესრიგში. შესაბამისად, მისი პოლიტიკა გენდერულად სენსიტიური არ არის. სახელმწიფო ვერ ხედავს ქალის მიმართ ეკონომიკურ ძალადობას და აქედან გამომდინარე, პრევენციის მექანიზმების განხორციელებაც არ ხდება.

სხვადასხვა კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეკონომიკური ცვლილება  თავისთავად არ გააძლიერებს ქალს, თუ არ დაისმება კითხვები გენდერულ უთანასწორობასა და დომინანტობაზე. ასევე, აუცილებელია, გენდერული ანალიზის მნიშვნელობის აღიარება, რათა განვითარდეს ეფექტური პოლიტიკა. საქართველოში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე მხოლოდ  გენდერულად დისაგრეგირებული მცირე რაოდენობრივი მონაცემებია შეგროვებული, ისიც იმ პროექტებზე, სადაც ქალები, როგორც ცალკე ჯგუფი, ისეა დამატებული და არ არის შეფასებული ერთიან, ეკონომიკურ თუ საბაზრო სისტემებში. ქალების ეკონომიკური გაძლიერების ინდიკატორები უნდა ზომავდეს არჩევანზე  ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და  რესურსებზე გაზრდილი კონტროლის კუთხით  მომხდარ ცვლილებებს.

და ბოლოს, გავიხსენოთ, გლობალურად სად ვდგავართ ქალები ეკონომიკაში. ქალები ეკონომიკურ ურთიერთობებში ნაკლებად არიან ჩართულები; ნაკლები შემოსავალი აქვთ; მუშაობენ შედარებით დაბალანაზღაურებად სამსახურებში, კაცისა და ქალის ხელფასებს შორის სხვაობა 23%-ია; ხშირად, დამსაქმებელთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, რაც მათ ტოვებს სამართლებლივი დაცულობის მიღმა; ოჯახისთვის მოწეული სურსათის 80%-ს ქალები აწარმოებენ, თუმცა, მიწების მხოლოდ 2%-ს ფლობენ; მნიშვნელოვან ორგანიზაციებში კი აღმასრულებელი დირექტორების პოზიციებზე მხოლოდ 5% ქალს შეხვდებით. ქალები ასრულებენ მნიშვნელოვან, თუმცა უჩინარ კონტრიბუციას ეკონომიკისთვის, როცა აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობას ასრულებენ, რაც იმაზეც აისახება, რომ ქალებს აქვთ შემოსავალებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა. ქალების აუნაზღაურებელი შრომა არ არის აღიარებული, როგორც სოციალური და ეკონომიკური ღირებულება. აუნაზღაურებელ შრომაში ჩართულობის გამო, ქალებისთვის შრომისა და დროის ტვირთვის შემცირებაზე  ზრუნვა არ ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია შრომის სამართლიანი გადანაწილება ოჯახში ქალსა და კაცს შორის და საჯარო/საზოგადოებრივი სერვისების მიერ ქალის ტვირთის გაზიარება. ცალკე თემაა ემიგრანტი ქალების პრობლემები. კვლავ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე ქალების სექსუალური ძალადობა და შევიწროება.

 

ავტორი: ნონა სამხარაძე.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.