რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის მუზეუმების დირექტორად პროფესორი ბარბარა იატა (Barbara Jatta) დანიშნა. ვატიკანის ისტორიაში პირველად, ეს პოსტი ქალმა დაიკავა.
ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნე და ისტორიკოსი იატა 2017 წლის 1 იანვრიდან ამჟამინდელ დირექტორს, იტალიის კულტურის ყოფილ მინისტრს ანტონიო პაოლუჩის (Antonio Paolucci) შეცვლის, რომელიც ვატიკანის მუზეუმებს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.
ბარბარა იატა რომში 1962 წლის 6 ოქტომბერს დაიბადა. მან რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი ვატიკანის პალეოგრაფიისა და საარქივო საქმის კოლეჯის დიპლომი აიღო. 1994 წელს იგი გრაფიკული ხელოვნების კათედრის დოცენტი ხდება, მოგვიანებით კი მუშაობას ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში იწყებს. ბოლო წლებში, იატა პაოლუჩის მოადგილედ მუშაობდა.
ვატიკანის მუზეუმები პაპის სახელმწიფოში არსებული მუზეუმების მთელი კომპლექსია. იგი XVI საუკუნის დასაწყისში პაპმა იულიუს II-მ დააარსა და დღეს 54 გალერეას მოიცავს. ვატიკანის მუზეუმების ექსპონატების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასს აღწევს. გარდა ამისა, 120 ათასი ექსპონატი საცავებში ინახება.
ვატიკანის საექსკურსიო მარშრუტში შედის სიქსტის კაპელა მიქელანჯელოს სახელგანთქმული მოხატულობებითა და „განკითხვის დღით“, აგრეთვე რაფაელის მიერ გაფორმებული სტანცები. ყოველწლიურად, ვატიკანის მუზეუმებს მილიონობით ადამიანი ინახულებს, რამაც მისი რეიტინგი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მხატვრულ საცავებს შორის მეხუთე ადგილით განსაზღვრა.