ქალზე ძალადობა

ისლამური სახელმწიფო ინტერნეტით სექს მონებს ჰყიდის

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები Telegram-ისა და WhatsApp-ის სმარტფონ აპლიკაციებით, დაშიფრული განცხადებების სახით ქალ სექს მონებს ჰყიდიან. ერთ-ერთ მსგავს განცხადებაში ვკითხულობთ: „ქალწული. ლამაზი, 12 წლის. ფასი $12500“.

დღეისათვის, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები მათ განკარგულებაში მყოფ 3000 სექს მონა ქალზე კონტროლს ამკაცრებენ. მათ გასაყიდად გამოჰყავთ მცირეწლოვანი გოგონებიც კი, რომელთა შორის ზოგიერთმა ტყვეობისგან თავის დაღწევა მოახერხა.

ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ ლამია აჯი ბაშარმა (Lamiya Aji Bashar) გაქცევა ოთხჯერ სცადა, მაგრამ მას ყოველ ჯერზე უკან აბრუნებდნენ. ორ ტყვე ქალთან ერთად ბოლო გაქცევისას, ნაღმზე აფეთქდა. შედეგად, ლამიამ სახის დამწვრობა მიიღო და თვალი დაკარგა. მისი თანამგზავრები, 8 წლის ალმასი და 20 წლის ქეთრინი დაიღუპნენ.

18 წლის ლამია ამბობს, რომ თავის და-ძმებთან ერთად ტყვედ მაშინ წაასხეს, როდესაც ისლამური სახელმწიფო მის სოფელს დაესხა თავს. „საბოლოოდ, მათგან თავი დავაღწიე. ეს რომ ორივე თვალის დაკარგვის ფასად დამჯდომოდა, მაინც არ ვინანებდი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერაყის ჩრდილოეთში, ბიძასთან თავშეფარებულმა ლამიამ.

ლამია 2014 წლის ზაფხულში მოიტაცეს. ამჟამად, მისი 9 წლის და მაიადა ტყვეობაში რჩება.

ლამია გვიამბობს, რომ მისი მფლობელი ისლამური სახელმწიფოს ერაყელი უფროსი იყო. მას ქალი ხშირად ჰყავდა ხელბორკილებში და აუპატიურებდა მას, განსაკუთრებით გაქცევის მცდელობებისას. ორი თვის შემდეგ იგი მიჰყიდეს ბოევიკს, რომელიც ყუმბარებსა და თვითმკვლელი ტერორისტის ქამრებს ამზადებდა. იგი ლამიას ხშირად აიძულებდა ყუმბარების დამზადებაში დახმარებას.

ტყვეობიდან გაქცევაში ლამიას ბიძა დაეხმარა, რომელმაც კონტრაბანდისტებს $800 გადაუხადა. გარკვეული დროის განმავლობაში გოგონამ ნათესავებთან ფარულად დაკავშირება შეძლო.

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ხშირად იმონებენ იეზიდ ქალებს.