პოლიტიკაshe

ისლანდიას ახალი პრემიერი ჰყავს – ანტიმილიტარისტი ფემინისტი კატრინ იაკობსდოტირი

ისლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი 41 წლის ანტიმილიტარისტი ფემინისტი, ფილოლოგი კატრინ იაკობსდოტირია (Katrin Jakobsdottir). იგი ცნობილი პოეტების შთამომავალია, და ვიდრე პოლიტიკაში მოხვდებოდა, ლიტერატურას, განსაკუთრებით ისლანდიურ კრიმინალურ რომანებს, იკვლევდა. გარდა ამისა, კატრინი პატარა კუნძულოვანი ქვეყნის მსოფლიო ლიდერად გადაქცევას გეგმავს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქმეში. მისი მემარცხენე მწვანე მოძრაობა ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის ორი პარტიისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. რიგი სკანდალების შემდეგ, რამაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე სამი არჩევნების დანიშვნა გახადა საჭირო, ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ ეს ფაქტი ისლანდიას გარკვეულ სტაბილურობას შეუქმნის. იაკობსდოტირი ცდილობს, წარსულთან კავშირი გაწყვიტოს და ხალხში მთავრობის მიმართ ნდობა აღადგინოს.

სულ რაღაც ერთი წლის წინ, სიგმუნდურ დავიდ გუნლაუგსონი (Sigmundur David Gunnlaugsson) იძულებული გახდა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარიყო, რადგან საზოგადოება უკიდურესად განარისხა: პანამის საქმეების მიხედვით, მის ოჯახს სოლიდური კაპიტალი ჰქონდა გადასროლილი ოფშორულ ზონებში.

თუმცა, ისლანდიის მთავრობის თავს დამტყდარი უბედურება ამით არ დასრულებულა: სექტემბერში, ყოფილმა პრემიერმა ბიარნი ბენედიქტსონმა (Bjarni Benediktsson), მის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო, რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საქმე იმაშია, რომ ისლანდიაში არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეს უფლებას აძლევს, თავდებში დაუდგეს ადრე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ სხვა პირს. ამ შემთხვევაში, ამ დამნაშავეს ნასამართლეობა უუქმდება და იგი სრულიად „სუფთა“ ხდება. ბენედიქტ სვეინსონი, ყოფილი პრემიერის ბიარნი ბენედიქტსონის მამა (ისლანდიაში გვარები არ არსებობს, გვარად მამის სახელს იღებენ), თავდებში ჩაუდგა ვინმე ჰიატლი სიგურიონ ჰაუკსონს, რომელიც თავისი გერის მრავალჯერადი გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. ეს „სარეკომენდაციო წერილი“ საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ, როგორც ისლანდიური მედია იტყობინება, პრემიერმა შესანიშნავად იცოდა, რომ მამამისმა პედოფილი შეიწყალა.

გასაკვირი არაა, რომ ამ სიტუაციაში მოსული პრემიერი ხალხში წინამორბედების მიერ გაცუდებული ნდობის მოპოვებას ცდილობს.

კატრინ იაკობსდოტირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ახალი პრემიერის კაბინეტი მისი პარტიის, „მემარცხენე მწვანეების“ სამი, მემარჯვენე პარტია „დამოუკიდებლობის“ ხუთი და „პროგრესული პარტიის“ სამი წევრისგან შედგება.

წყარო: metro.co.uk