სტატიები

“კარგი ქვეყნის ინდექსის” რეიტნგში, შვედეთი 1-ლ ადგილზეა, საქართველო კი – 49-ეზე

ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელსაც „კარგი ქვეყნის ინდექსი“ ეწოდება, მსოფლიოს 163 ქვეყნიდან, მსოფლიო თანამეგობრობაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით, შვედეთი პირველ ადგილს იკავებს. ცალკეულ კატეგორიებში, „აყვავება და თანასწორობა“, „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, წარმატებულმა სკანდინავმა ამბიციების მქონე სხვა ქვეყნებს გაუსწრო.

პოლიტიკის საკითხებში დამოუკიდებელმა კონსულტანტმა და ინდექსის შემქმნელმა საიმონ ანჰოლტმა (Simon Anholt), კარგი ქვეყნის ინდექსის (Good Country Index) შესადგენად, 35 ცალკეული კატეგორია შექმნა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შვიდ დიდ განყოფილებაში დააჯგუფა: მეცნიერება და ტექნობლოგიები, კულტურა, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მსოფლიო წესრიგი, პლანეტა და კლიმატი, აყვავება და თანასწორობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ინდექსისთვის მონაცემები აღებულ იქნა ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და ქვეყნების ადგილობრივი ანგარიშები.

თანასწორობისა და კეთილდღეობის კატეგორიებში შვედეთის ლიდერობა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ბავშვის მოვლის შვებულების პოლიტიკა აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულუხვია: ახალბედა დედები და მამები 480 დღით ისვენებენ.

ასევე, შვედეთი ხშირად გზავნის თავის ექიმებს სხვა ქვეყნებში არსებულ კრიზისულ სიტუაციებში და პანდემიის დროს დასახმარებლად.

ანჰოლტი ამბობს, რომ მისი სურვილია, მსგავსმა ინიციატივამ ქვეყნებს ერთმანეთში კონკურენციისკენ კი არ უბიძგოს, არამედ, მათ ეს ანგარიში თანამშრომლობის სტიმულად აღიქვან. მაგალითად, ისეთი ძლიერი სოციალური ინოვაციების ქვეყანას, როგორიც შვედეთია, შეუძლია, ასწავლოს აშშ-ს, რომელმაც კატეგორიაში „აყვავება და თანასწორობა“ 46-ე ადგილი, „ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში“ კი მე-12 ადგილი დაიკავა, თუ როგორ უნდა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება, ხოლო სამხრეთ აფრიკას (პირველი ადგილი „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“), შეუძლია, ასწავლოს შვედეთს და ა. შ.

რეიტინგში აშშ 21-ე ადგილზეა. მისი ყველაზე ძლიერი კატეგორიაა „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, რომელშიც 163 ადგილიდან მე-12 ადგილზე გავიდა. ჩინებული რეიტინგის წყალობით, შვედეთმა მოახერხა აშშ-ის თითოეულ კატეგორიაში უკან ჩამოტოვება.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ინდექსში საქართველო 49-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ყველა მეზობელს: თურქეთს (56-ე ადგილი), რუსეთის ფედერაციას (78-ე ადგილი), სომხეთსა (90-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (103-ე ადგილი), თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ შარშანდელი მონაცემების თანახმად, 162 ქვეყანას შორის, ჩვენი ქვეყანა 45-ე ადგილზე იყო.

გთავაზობთ რეიტინგის შედეგებს:

ზედა პოზიციები:

  1. შვედეთი;
  2. დანია;
  3. ნიდერლანდები;
  4. გაერთიანებული სამეფო;
  5. გერმანია.

ქვედა პოზიციები:

  1. ერაყი;
  2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;
  3. მავრიტანია;
  4. ეკვატორული გვინეა;
  5. ლიბია

წყარო: independent.co.uk