კვლევა Parity associated with telomere length among US reproductive age women, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, გვიჩვენებს, რომ მშობიარობები ქალის დაჩქარებული დაბერების მიზეზი შეიძლება იყოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნამშობიარებ ქალებში განსაკუთრებულად დამოკლებულია ტელომერები – ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნები, რომლებიც დაბერებასთან ერთად მოკლდება. რაც მეტი მშობიარობა გამოუვლია ქალს, მით უფრო თვალსაჩინოა ეს ეფექტი.
აქამდე ვიცოდით, რომ მშობიარობას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ჰემოროი, ვარიკოზი, ზურგის ტკივილები, შარდის შეუკავებლობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და სხვ. ახლა, ამ სიას დაბერების დაჩქარებაც დაემატა. ვირჯინიას შტატის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნამშობიარებ ქალებში ტელომერები მოკლდება. ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნებია, რომლებიც ადამიანის დნმ-ს იცავს, ორგანიზმის დაბერებისას კი მოკლდება. კვლევის შედეგები ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 20-დან 44 წლამდე ასაკის 1954-მა ქალის მონაცემები, რომლებმაც 1999-2002 წლებში ჯანმრთელობისა და კვების ექსპერტიზის ნაციონალურ კვლევაში (National Health and Nutrition Examination Survey) მიიღეს მონაწილეობა. მათი კონტინგენტი დაახლოებით თანაბრად იყო გადანაწილებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 20-24 წელი, 25-29 წელი, 30-34 წელი, 35-39 წელი და 40-44 წელი. კვლევაში მონაწილე ქალების 37,6%-ს ნორმალური წონა ჰქონდა, 27,9%-ს – ჭარბი, 31,3%-ს გაცხიმოვნება აღენიშნებოდა, 3,3%-ს კი – არასაკმარისი წონა. მათ შორის ნახევარზე მეტს არასოდეს მოუწევია, დანარჩენები კვლევის დროს ან ეწეოდნენ, ან თავი ჰქონდათ დანებებული. კვლევის მონაწილე ქალებს შორის 444-ს არასოდეს უმშობიარია, დანარჩენებს კი ერთიდან ხუთ მშობიარობამდე ჰქონდათ გამოვლილი. 377 ქალი კვლევის დროს იყო ორსულად. ეს კვლევა მეცნიერებმა იმიტომ აიღეს, რომ მასში აღრიცხული იყო მონაწილეთა სისხლში ტელომერების სიგრძე.
იმ ქალებთან შედარებით, ვისაც არასოდეს უმშობიარია, თუნდაც ერთ მშობიარობაგამოვლილ ქალებს ტელომერები, როგორც მინიმუმ, 4,2%-ით მოკლე ჰქონდათ. ეს სურათი დაახლოებით 11 წლის უჯრედულ დაბერებას უდრის.
მოკლე ტელომერები ორგანიზმში სიმსივნური დაავადებების მომატებულ რისკს, გულის დაავადებებსა და გონებრივ შეფერხებებს იწვევს.
აგრეთვე, კვლევის თანახმად, მშობიარობას ტელომერების სიგრძეზე გაცილებით მეტი ზეგავლენა ჰქონდა, ვიდრე მოწევასა და გაცხიმოვნებას, რომლის დროსაც, უჯრედული დაბერება 4,6 და 8,8 წლით ჩქარდება. რაც უფრო მეტი მშობიარობა გამოუვლია ქალს, შესაბამისად, მეტად დამოკლებულია მისი ტელომერები. ასე რომ, ხუთჯერ ნამშობიარები ქალის ტელომერები 12,7%-ით ნაკლებია, ვიდრე მათი, ვისაც არ უმშობიარია.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ ქალებს, რომლებსაც ხუთი ან მეტი შვილი ჰყავთ, გაცილებით მოკლე ტელომერები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არ უმშობიარია, ან ერთი, ორი, სამი ან ოთხი მშობიარობა გამოუვლია“, – აღნიშნავს ეპიდემიოლოგი ანა პოლაკი (Anna Pollack), კვლევის ავტორი.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ტელომერების დამოკლება მშობიარობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდებოდეს. მაგალითად, აქ მნიშვნელოვან როლს შეიძლება ასრულებდეს სტრესი. ცნობილია, რომ იგი ასევე უწყობს ხელს ტელომერების დამოკლებას.
მოცემული კვლევა წინააღმდეგობაში მოდის მალაიზიელ ქალებში ჩატარებულ კვლევასთან, რომლის თანახმადაც, მშობიარობები ქალებში ტელომერების დაგრძელებას უწყობს ხელს. მიმდინარე კვლევის ავტორთა აზრით, შესაძლოა, ეს იმას უკავშირდებოდეს, რომ წინა კვლევის მონაწილეებს დიდი სოციალური მხარდაჭერა ჰქონდათ.
„ჩვენ ქალებს არამც და არამც არ მოვუწოდებთ, არ იმშობიარონ“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი კვლევის შედეგი, შესაძლოა, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ სტრესისგან იყოს გამოწვეული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული სავალდებულო შვებულება არ არსებობს.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, რომელიც დედობასა და გენეტიკურ დაბერებას შორის კავშირებს შეისწავლიდა. ისინი გაურბიან მშობიარობების რაოდენობასა და ტელომერების დამოკლებას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე საუბარს – შესაძლოა, ქალებს, რომლებსაც იმთავითვე მოკლე ტელომერები აქვთ, ნაკლები ბავშვის გაჩენის უნარი ჰქონდეთ. მეცნიერების თქმით, ამ ფენომენის შემდგომი კვლევა უნდა ითვალისწინებდეს ტელომერების დამოკლებაზე დაკვირვებას გარკვეული ვადის ფარგლებში.