სტატიები

კვლევა: ჩვილების მიმართ მეტი სითბოსა და ალერსის გამოვლინება წლების შემდეგ მათ გენეტიკაზეც აისახება

ის, რომ ჩვილი ბავშვებისთვის ახლობელთა მხრიდან გამოვლენილი ალერსი და დამამშვიდებელი კონტაქტები სითბოს, სიმყუდროვისა სიყვარულის საწინდარია, არ ახალია, თუმცა, ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულებები ჩვილზე მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და მისი შედეგები, შესაძლოა, წლების მანძილზე გრძელდებოდეს.

კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების მხრიდან ნაკლებ ფიზიკურ კონტაქტს იღებენ, მეტი შფოთვიანობა აღენიშნებათ, საბოლოო ჯამში კი მათში გენების ცვლილებების გამომწვევი მოლეკულური პროცესები მიმდინარეობს.

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ეს დასკვნები კვლევის მხოლოდ საწყის ეტაპზე გაკეთდა, და დაზუსტებული არ არის, რა არის ამ ცვლილებების მიზეზი.

თუმცა, ამ მონაცემებს შეუძლია, გარკვეული წარმოდგენა შექმნას იმის შესახებ, თუ როგორი გულისამაჩუყებელი ეფექტი მიმდინარეობს ეპიგენზე – ბიოქიმიურ ცვლილებებზე, რომელიც ორგანიზმში გენების გამოხატვაზე ზემოქმედებს.

კვლევის დროს, 94 ჩვილის მშობლებს შესთავაზეს, ბავშვის დაბადების 5 კვირიდან მოყოლებული, ეწარმოებინათ შვილთან შეხებებისა და ჩახუტებების, ასევე ბავშვის ქცევაზე (ტირილი, ძილი და ა. შ.) თვალყურის დევნების დღიური.

ამ დროიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, ე. წ. დნმ-ის მეთილირების, ანუ ბიოქიმიური მოდიფიკაციის გასაანალიზებლად, კვლევაში მონაწილე ბავშვების დნმ-ის ნიმუშები აიღეს. ეს არის ეპიგენეტიკური მექანიზმი, რომელშიც ქრომოსომების ზოგიერთი ნაწილი ნახშირბადისა და წყალბადის მცირე მოლეკულებით აღინიშნება და ხშირად იცვლება. ამაში ჩანს, თუ როგორ ფუნქციონირებს გენები და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მის ცვლილებებზე.

მკვლევარებმა „მაღალკონტაქტური“ და „დაბალკონტაქტური“ ბავშვების დნმ-ის მეთილირებებს შორის სხვაობები დაადგინეს, დნმ-ის ხუთ კონკრეტულ უბანზე. ორი მათგანი გენებში აღმოჩნდა: ერთი იმუნურ სისტემას უკავშირდებოდა, მეორე კი – მეტაბოლურს.

დნმ-ის მეთილირება ადამიანის ნორმალური ბიოლოგიური განვითარებისა და პროცესების მარკერად გვევლინება. მასზე გავლენას ახდენს გარე და ეკოლოგიური ფაქტორებიც.

ამასთანავე, შემოწმდა ბავშვების ეპიგენეტიკური ასაკი, სისხლისა და ქსოვილების ბიოლოგიური მდგომარეობა. ეს მარკერი მოსალოდნელზე დაბალი აღმოაჩნდათ იმ ბავშვებს, რომლებთანაც მშობლებს ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ. მათ აღენიშნებოდათ ფაქტიურ ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი შფოთვიანობა.

„ჩვენი აზრით, შესაძლოა, შეფერხებული ეპიგენეტიკური დაბერება განვითარებაში არსებული არასახარბიელო პროგრესის მაჩვენებელი იყოს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, მაიკლ კობორი (Michael Kobor).

ფაქტიურად, ანალოგიური შედეგები მიიღო 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ დიდ ყურადღებასა და ალერსს უწილადებენ მშობელი ვირთხები თავიანთ ჩვილებს.

პრობლემები ეპიგენეტიკურ და ქრონოლოგიურ ასაკებს შორის უკავშირდება ჯანმრთელობის წარსულში არსებულ პრობლემებს, თუმცა, ჯერჯერობით ამგვარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია: მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ როგორ გავლენას იქონიებს ბავშვების მომდევნო ცხოვრებაზე ეს ცვლილებები.

მართალია, კვლევაში 100-ზე ნაკლები ბავშვი მონაწილეობს, მაგრამ, აქედანაც ჩანს, რომ ჩვილთან ფიზიკური კონტაქტი – მოფერება და ჩახუტება, რაღაც მანქანებით ადამიანის სხეულზე გენეტიკურ დონეზე მოქმედებს.

რაღა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანური კონტაქტები ჩვენი განვითარებისთვის სასურველი და საჭიროა, თუმცა, ეს არის პირველი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მას ადამიანის ეპიგენეტიკის შეცვლა.

შემდგომი კვლევების ამოცანა იქნება იმის დადგენა, აქვს თუ არა რაიმე ხანგრძლივმოქმედი ზეგავლენა ამგვარ კონტაქტებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„ჩვენ ვგეგმავთ, თვალყური მივადევნოთ იმ ფაქტორს, აქვს თუ არა დიდი გავლენა „ბიოლოგიურ უმწიფრობას“, რომელიც ამ ბავშვებს აღენიშნებათ, მათ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი მათ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სარა მური (Sarah Moore), – თუ მომდევნო კვლევები ამ პირველად შედეგს დაადასტურებს, ნათელი იქნება ფიზიკური კონტაქტის მნიშვნელოვნების ხაზგასმა, განსაკუთრებით შფოთვების მქონე ბავშვებში“.

კვლევა გამოქვეყნდა Development and Psychopathology-ში.

წყარო: sciencealert.com