სექსუალობა

კლიტორის ჯერ კიდევ არასწორად გაგებული ფორმა

ნაომი რუსო, 2017

სინამდვილეში კლიტორი არცთუ ისე ჩახლართულია. ყოველ შემთხვევაში, ეს ასე არ უნდა იყოს. სხეულის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის ფორმის, ზომის ან საერთოდ არსებობის აღიარება ყოველთვის როდი იყო ნორმა, სამედიცინო პროფესიაშიც კი. როგორც ამერიკის უროლოგიის ასოციაციის 2005 წლის ანგარიშშია ნათქვამი, „კლიტორის ანატომიის შესწავლა დროთა განმავლობაში არ მოგვარებულა, რისი მოლოდინიც არსებობდა. მნიშვნელოვანწილად, მის შესწავლას ხელს სოციალური ფაქტორები უშლიდა“.

მაგრამ ზოგიერთის მიერ გამოცხადებულმა სექსუალურმა და ფიზიოლოგიურმა რევოლუციამ და კლიტორის სამგანზომილებიანმა ბეჭდურმა მოდელმა ქალის სექსუალობის შესახებ არსებული საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები გამოიწვია. ნატურალური ზომის სამგანზომილებიანი მოდელი, უფასო ჩამოტვირთვის ნებართვით, ფრანგმა ინჟინერმა, სოციოლოგმა და დამოუკიდებელმა მკვლევარმა ოდილ ფილომ (Odile Fillod) შეიმუშავა 2016 წელს.

კლიტორის მოდელი, რომელიც 10 სანტიმეტრის სიგრძისაა თავიდან ბოლომდე, გაცილებით დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს ტაქტიკაა: იგი დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად შეიქმნა. ბევრ ლექსიკონსა და სამედიცინო ტექსტში მისი ზომა „მარცვლის ზომას“ უტოლდება.

* * *

ისტორიული ცნობები კლიტორის შესახებ მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი დამოკიდებულებებითაა აღსავსე. მართალია, შუასაუკუნეების ცნობილ მეცნიერს მაგნუსს კლიტორი პენისის ანალოგად მიაჩნდა, მაგრამ ამ აზრს მისი ყველა მემკვიდრე როდი ეთანხმებოდა. მე-16 საუკუნეში, ვეზალიუსი (Vesalius) ამტკიცებდა, რომ კლიტორი „ჯანმრთელ ქალებს არ გააჩნდათ“. Malleus Maleficarum, კუდიანების აღმოსაჩენი წიგნი (1486 წელი), ამტკიცებს, რომ კლიტორი „ეშმას ძუძუსთავია“, და თუ მას ქალს უპოვიდნენ, ეს მისი ალქაჯობის დადასტურება იყო. 1800-იან წლებში კი, ქალებს, რომლებსაც „ისტერიის“ დიაგნოზს უსვამდნენ, ზოგჯერ კლიტორს აჭრიდნენ.

მხოლოდ 1981 წელს შეიმუშავა  ფემინისტ ქალთა კლინიკების ფედერაციამ (Federation of Feminist Women’s Health Clinics) კლიტორის ანატომიურად სწორი გამოსახულება. ეს გამოსახულებები, რომლებიც ჟურნალში „ქალის სხეულის ახალი ხედვა“ გამოქვეყნდა, იმ ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელიც ქალებისთვის მათი სხეულის შესახებ სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად, მათი ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ათწლეულების შემდგომ, 2009 წელს, ფრანგმა მკვლევარებმა კლიტორის პირველი სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს.

ამ თემის ირგვლივ ინფორმაციის ნაკლებობა დღემდე პრობლემაა. როგორც ჯეინ ჩალმერსი (Jane Chalmers) ამბობს, კლინიცისტი და ფიზიოლოგიის მკვლევარი დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტიდან, კლიტორს ძველებურად გაურბიან ან აიგნორებენ.

„რამდენიმე ძირითად სამედიცინო სახელმძღვანელოში საერთოდ უარყოფილია ან დიაგრამითაა ნაჩვენები, თუმცა, არ არის მოხსენიებული ორგანოდ. ეს დიდი კონტრასტია პენისთან მიმართებაში, რომელიც მსგავს ტექსტებში დეტალურადაა აღწერილი“, – ამბობს იგი.

როგორც მკვლევარი, რომელიც ასევე ვულვისა და მენჯის პრობლემებს შეისწავლის, ჩალმერსი ამბობს, რომ მას ინტერნეტით ხშირად დევნიან. „გაუთავებლად მისვამენ კითხვებს: რატომ გსურთ ამის შესწავლა? და იქედნურად დაასკვნიან ხოლმე, რომ „ალბათ ლესბოსელი ვარ“, – დასძენს მკვლევარი, École Centrale Paris-ის შემქმნელი, რომელიც 2013 წლიდან სქესისა და გენდერული საკითხების კვლევითაა დაკავებული ბიოსამედიცინო მეცნიერებაში.

სავარაუდოდ, პრობლემა დიდი ხნის წინ დაიწყო. ახლო წარსულში, ათზე მეტ ქვეყანაში 55-ამდე თვისებრივი კვლევა ჩატარდა. მათი ავტორების აღმოჩენით, ახალგაზრდა ადამიანები, როგორც წესი, უარყოფითად აფასებენ სკოლაში მიღებულ სქესობრივ განათლებას. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბევრი სტუდენტი წუხს იმის შესახებ, რომ ამ ცოდნაში ძალიან ცოტა საუბარია სექსუალურ სიამოვნებაზე, განსაკუთრებით – ქალისაზე.

ფილოს თქმით, საფრანგეთში, საიდანაც იღებს სათავეს კლიტორის ნიმუშის შექმნა, სქესობრივი აღზრდა ხშირად მოძველებულ შეხედულებებს ასწავლის. სქესობრივი სწავლების ოფიციალური ინსტრუქციები „საშინლად სექსისტური, ჰეტერონორმატიული და ჰომოფბიურიც კია“, – ამბობს იგი. კერძოდ, სოციალური ნორმები ხშირად ირიბად უკავშირდება ბიოლოგიურ ინფორმაციას. მაგალითად, ფილოს განმარტებით, ბავშვებს ასწავლიან, რომ „ბიჭები მეტად ორიენტირებუნი უნდა იყვნენ გენიტალიურ სიამოვნებაზე, მაშინ, როდესაც გოგონებს მეტად უნდა ადარდებდეთ სიყვარული და ურთიერთობები, ნაწილობრივ, მათი „განსაკუთრებული ფიზიოლოგიური თვისებების გამო“. 2015 წელს სამთავრობო ორგანიზაციამ Haut Conseil à l’Egalité, რომელიც გენდერულ თანასწორობას მეთვალყურეობს, განაცხადა, რომ საფრანგეთის სკოლებში სქესობრივი აღზრდა სექსიზმითაა გაჯერებული.

ამ პრობლემის გადაჭრის სურვილით მოტივირებული ფილო ტულუზში არსებულ დოკუმენტური ფილმების მწარმოებელ კოპანიასთან თანამშრომლობდა, რათა ვიდეორგოლები მოემზადებინა ალტერნატიული მასალებით. ფილმებზე მუშაობის პროცესში, ფილო მიხვდა, რომ კლიტორის სამგანზომილებიანი მოდელი, ნატურალური ზომის, ამისთვის კარგი თვალსაჩინოება იქნებოდა.

„ბიოლოგიის ფრანგულ სახელმძღვანელოებში, კლიტორი არასოდესაა გამოსახული სწორად ქალის სასქესო სისტემის აღწერისას, ზოგჯერ კი იგი სრულიად იგნორირებულია. იდეალური გადაწყვეტილებაა, უფასო წვდომა გავხსნათ კლიტორის სამგანზომილებიან გამოსახულებაზე. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემთვის ან ვიდეოგაკვეთილისთვის, იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც ამ სამგანზომილებიან მოდელს საგანმანათლებლო მიზნებით გამოიყენებს“, – დასძენს იგი.

* * *

ვიდრე ფილო ამ მოდელს შექმნიდა, უნდა გაერკვია, რა იყო ცნობილი აქამდე კლიტორის შესახებ? სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვამ მას კლიტორის დაახლოებითი ზომის დაზუსტების საშუალება მისცა. პარიზის სამეცნიერო მუზეუმის, Cité des Sciences et de l’Industrie-ის ფაბრიკასთან თანამშრომობით, მან უკვე სტილიზებული მოდელი შექმნა, ბეჭდვისთვის.

ეს მოდელი აიტვირთა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვისაც 3-D პრინტერზე წვდომა აქვს. ნატურალური ზომის კლიტორი 10 სანტიმეტრია, და ორგანოს ფორმა სამკუთხა ძვალს მიაგავს.

ფილო იმედოვნებს, რომ მისი მოდელი ქალის გენიტალიების უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია სქესობრივი განათლებისთვის, სკოლებში.

ჩალმერსის თქმით, ამ აკურატული და პატარა ორგანოს შესწავლის აუცილებლობას მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც მიხვდებიან, რადგან მას დიდი როლი ენიჭება იმუნური სისტემის სიჯანსაღეში. კლიტორის მდგომარეობის იდენტიფიცირებისა და აღქმის უნარი ნიშანია როგორც ქალებისთვის, ასევე – ექიმებისთვისაც; იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლიტორის არეში ტკივილი, აგრეთვე ინფექციები, ანთებები და დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, ჩალმერსის თქმით, კლიტორის უფრო ღრმა კვლევა ძალზე მნიშვნელოვანია. იგი დასძენს, რომ რადგან კლიტორი ქალის სექსუალურ სიამოვნებას უკავშირდება, მის შესახებ ცოდნის არარსებობა გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს.

ეს შესაძლოა, შეიცვალოს. ფილოს თქმით, სექსოლოგები, სქესობრივი განათლების სპეციალისტები, სკოლის ექიმები, ბიოლოგიის მასწავლებლები და სექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე მომუშავე ორგანიზაციები ამ მოდელით დაინტერესდნენ. ზოგიერთმა ფრანგუმა სკოლამ იგი მიიღო კიდეც. არადა, ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ 2005 წელს ასეთი დასკვნა გააკეთა: „ერთ დიაგრამაში შეუძლებელია კლიტორის ანატომიის გადმოცემა“.

theatlantic.com