ბლოგები

კრიმინალი თუ ალქაჯი?

ბაია პატარაიას ბლოგი

ბავშვის დაჭრის შემზარავმა შემთხვევამ ორჯერ ძალიან მკაფიოდ გამოავლინა, როგორი შებოჭილი გვაქვს გონება გენდერული როლებით:

ერთი – მამა, რომელიც ბავშვის დასახმარებლად დარჩა, ლანძღეს, უნდა ველად გაჭრილიყო, დამნაშავეს დადევნებოდა, დასწეოდა და გაეერთიანებინა თავ-ყბაო. რა კაცის საქმეა ბავშვის მოვლაო, კაცის საქმე დამნაშავეების დევნააო. ესაა პატრიარქატის ზეწოლა კაცებზე. სიმართლე თუ გინდათ, ყველა მამა ასეთი უბედურების დროს ბავშვთან უნდა დარჩეს, მის გადარჩენას და გამხნევებას ეცადოს და არა – შურისმაძიებლურ რბოლას. განა დედაზე ვინმე იტყოდა, რატომ არ მიაგდო ბავშვი და არ გაეკიდა დამნაშავეს დასაჭერადო? – არა. აი, ესაა გენდერი, როცა მზრუნველი მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს, შურისმაძიებელი კი – კაცი.

მეორე – ქალი, რომელმაც დაჭრა ბავშვი, გაილანძღა და დაიგმო არა როგორც კრიმინალი, არამედ როგორც – სატანა, ალქაჯი და რაღაც სრულიად გაუგებარი არსება. დეტალურად და არაერთხელ აღწერა ხალხმა კრიმინალის წამების სასურველი ფორმები. კაცი რომ ყოფილიყო დამნაშავე, გალანძღავდნენ? – კი, მაგრამ არა – ასეთი ვნებით და ცხოველური ფანტაზიით. რატომ? – იმიტომ, რომ ძალადობასაც აქვს გენდერი ამ საზოგადოებაში. მოძალადე კაცია, ამიტომ მოკლედ შემოიფარგლებიან ხოლმე ადამიანები კაცი მოძალადის ლანძღვისას, მაგრამ თუ ბავშვზე მოძალადე ქალია, ლამის რქები და ეშვები ამოსდის რიგით ფბ მომხმარებელს და არაამქვეყნიურ ხავილს იწყებს კრიმინალი ქალის ცოცხლად გატყავების და ცეცხლზე დაწვის მოთხოვნით. გაიხსენეთ მაგდა პაპიძის საქმე, – თითქოს ერთადერთი მშობელი ყოფილიყოს, რომელმაც შვილი მოკლა. ასევე, გაიხსენეთ კაცი, რომელმაც ძმისშვილი მოკლა ახლახან. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მოძალადე ქალი ქალის გენდერულ როლს არღვევს, მოძალადე ქალი არანაირად არ ჯდება პატრიარქატში, თუნდაც მის კრიმინალურ ქრონიკაში. ამიტომ ქალის მიერ ჩადენილი ძალადობა თითქოს უფრო სტკივათ, ვიდრე კაცისა, მაშინ, როცა ძალადობა ძალადობაა და ერთნაირად უნდა გვაწუხებდეს კრიმინალი.

აი, ასეთი ამოქოლილი გვაქვს აზროვნება გენდერით. ეს კი ქალებსაც გვაზიანებს და კაცებსაც: კარგ ქცევას გვიწუნებს (ბავშვთან დარჩენა), ცუდ ქცევას (კრიმინალს) კი რაღაც სატანისტურ ელფერს ადებს. პრობლემა რომ დავძლიოთ, ჯერ უნდა დავინახოთ იგი. თუ ვერ ვხედავთ პრობლემას, გამორიცხულია მისი მოგვარება. საქართველოში კი გენდერის დანახვა არ უნდათ, არ არსებობსო, ამბობენ (ნეტა მართლა არ არსებობდეს). ამ ვითომ გენდერულად ნეიტრალურ საზოგადოებაში ისეთები ხდება ხოლმე, საღ აზრთან გვერდით რომ არ ჩაუვლია. რა შუაშია კრიმინალთან სქესიო. მართლაც, რა შუაშია, ქუჩაში ბავშვს დანით ქალი დაესხმება თავს თუ კაცი? რა შუაშია ამ კრიმინალთან ალქაჯები, კუდიანები, ცოცხლად გატყავება, მკერდის ამოშანთვა და ცეცხლზე დაწვა? მეც მაინტერესებს, თუმცა ვიცი პასუხი. ჩაბუდებული და ფარული მიზოგინია (ქალთმოძულეობა) ზუსტად ისეთ დროს აყვავდება ხოლმე სრული მასშტაბით, როცა მართლა დასაძრახია ქალი და გამოიხატება ზღაპრულ და არაადამიანურ ფანტაზიებში. არასდროს ისე ვნებიანად არ წარმოიდგენენ ხოლმე სასურველი წამების სცენებს, როგორც ქალი კრიმინალების შემთხვევაში. ეს იმიტომ ხდება, რომ გენდერის მიხედვით, მოძალადე კაცი უნდა იყოს, მსხვერპლი კი – ქალი და როცა ეს როლები ირევა, ირევა პატრიარქალური აზროვნების სისტემაც. როგორ ფიქრობთ, ცოცხებით წამების კადრებში მსხვერპლი კრიმინალი კაცების ნაცვლად კრიმინალი ქალები რომ ყოფილიყვნენ, იმავე ისტერიკაში ჩავარდებოდა მაშინდელი ქართული საზოგადოება? ვეჭვობ.