ავტომობილი, რომელსაც 53 წლის მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია (Daphne Caruana Galizia) მართავდა, 16 ოქტომბერს ააფეთქეს. აფეთქების მომენტისთვის, ჟურნალისტი თავის Peugeot 108-ით სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადიოდა.
დაფნა კარუანა გალიცია მალტაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო. მას ინგლისურენოვანი ბლოგი ჰქონდა, სახელწოდებით Running Commentary, რომელიც ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებში ფესვგადგმული კორუფციის გამოძიებას ეძღვნებოდა. ზოგიერთი მისი პოსტის აუდიტორია ბევრად სცდებოდა მალტის 400 000-იანი მოსახლეობის რიცხვს. გალიციას გამოძიების ფოკუსში სახელმწიფო ჩინოვნიკები იყვნენ. მისი მასალები განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა. სიკვდილამდე ორი საათით ადრე გამოქვეყნებულ მასალას ასეთი სათაური ჰქონდა: „ეს გაიძვერა სკემბრი დღეს სასამართლოში აცხადებდა, რომ სულაც არაა გაიძვერა“ (კიტ სკემბრი (Keith Schembri) მალტის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია). გალიციას პუბლიკაციები არაერთხელ გამხდარა მაღალჩინოსანთა გადადგომის მიზეზი.
ჟურნალისტი „პანამის არქივზე“ მუშაობდა. გალიცია და მისი ვაჟ მეთიუ გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორის კონსორციუმის (ICIJ) წევრები იყვნენ, რომელიც Mossack Fonseca-ს ფირმის დოკუმენტების არქივზე მუშაობას არეგულირებდა. სწორედ პანამაში ოფშორების რეგისტრატორი ფირმის არქივებიდან დაადგინა გალიციამ, რომ მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი (Joseph Muscat), სავარაუდოდ, ოფშორულ კომპანიებს ფლობდა. 2016 წელს, გალიციამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი კონრად მიცი (Konrad Mizzi) და ზემოთხსენებული კიტ სკემბრი პანამის საქმეებში ოფშორული კომპანიების მფლობელებად დაასახელა. რა თქმა უნდა, ორივე მაღალჩინოსანმა მისი სიტყვები უარყო.
2017 წელს, გალიციამ განაცხადა, რომ მუსკატის ცოლის ოფშორი, სავარაუდოდ, ფულს იმ კომპანიისგან იღებდა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის სახელს უკავშირდებოდა (ალიევების ოჯახი „პანამის არქივებში“ არაერთხელ მოიხსენიება). ამ შეტყობინებების შემდეგ, მალტაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ჯოზეფ მუსკატმა კვლავ გაიმარჯვა.
გალიციას მკვლელობას პოლიტიკურს უწოდებენ. მალტის ყველა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა, მათ შორის მუსკატმაც, მისი მკვლელობა დაგმო. გალიცია ამბობდა, რომ არანაირი პოლიტიკური მისწრაფება არ გააჩნდა: მისი გამოძიებების ობიექტები იყვნენ როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე ოპოზიციონერები. მის გამოძიებებში თავად პოლიციის გამომძიებელი კონსუელო სკერი ჰერერაც (Consuelo Scerri Herrera) კი ფიგურირებდა, რომელსაც თავდაპირველად გალიციას მკვლელობის გამოძიება დაევალა. საქმე იმაშია, რომ კონსუელოს გალიციას წინააღმდეგ საჩივარიც კი ჰქონდა შეტანილი (საქმე საჩივრის უკან გატანით დასრულდა). ჟურნალისტის ოჯახის დაჟინებით, ჰერერა გამოძიებას ჩამოაცილეს, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ მომხდარიყო. მალტის ხელისუფლების თხოვნით, გალიციას აფეთქების გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები და ჰოლანდიელი გამომძიებლები ჩაებმებიან.
გალიციას ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქუჩაში ათასობით მალტელი გავიდა. ჟურნალისტთან გამოთხოვების მასშტაბური ცერემონია 16 ოქტომბრის საღამოს, ქალაქ სლიემში, შედგა. სანაპიროზე ათასობით ადამიანი გავიდა და მის სახსოვრად სანთლები აანთო. ასევე, შეუპოვარი ჟურნალისტის პატივსაცემად, ათასობით მალტელმა გლოვის ნიშნად ფეისბუქის პროფილის ფოტოები შავი კვადრატებით ჩაანაცვლა.
წყარო: telegraph.co.uk