სტატიები

მარიამ მირზახანი გარდაიცვალა

აშშ-ში გარდაიცვალა ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი, ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც სამი წლის წინ მათემატიკაში უმაღლესი ჯილდოს – ფილდსის მედლის (Fields Medal for mathematics) ლაურეატი გახდა.

რადგან მათემატიკის დარგში ნობელის პრემია არ გადაიცემა, ფილდსის პრემიას ხშირად “მათემატიკოსებისთვის დაწესებულ ნობელის პრემიას” უწოდებენ.

მარიამ მირზახანი 40 წლისა იყო. 2013 წელს, მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე თვის წინ კი მას კიბოს მეტასტაზები ძვლის ტვინში აღმოაჩნდა.

მირზახანის ფილდსის მედალი 2014 წელს რიმანის ზედაპირების დინამიკასა და გეომეტრიაში, ასევე სივრცითი თეორიისა და მისი მოდულების შესწავლის საქმეში შეტანილი დიდი წვლილის გამო გადაეცა. ამგვარად, იგი ფლიდსის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი გახდა როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე მშობლიურ ირანშიც.

“ვიმედოვნებ, რომ ეს ჯილდო ბევრ გოგონასა და ქალს წაახალისებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ ფილდსის მედლის დაუფლებაში”, – განაცხადა პრემიის ჟიურის იმჟამინდელმა წევრმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის კირუონმა (Frances Kirwan).

ფილდსის მედალი 1936 წლიდან მოყოლებული გადაიცემა, ოთხ წელიწადში ერთხელ, ყოველ საერთაშორისო მათემატიკურ კონგრესზე. მისი ლაურეატი შესაძლოა გახდეს ორი, სამი ან ოთხი მათემატიკოსი, 40 წელს ქვემოთ.

მარიამ მირზახანი 1977 წლის 3 მაისს დაიბადა. ჯერ კიდევ მოზარდობისას, იგი ორჯერ – 1994 და 1995 წლებში, მათემატიკაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 1999 წელს, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადადის. მას ჰყავდა მეუღლე, ჩეხი მეცნიერი იან ვონდრაკი (Jan Vondrak) და ერთი ქალიშვილი.

ირანის ოფიციალური პირების მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი არასოდეს იყენებდნენ პროფესორი მირზახანის თავშლის გარეშე ფოტოებს. ირანის ოფიციალური მედია მუდმივად მარიამის ძველ ფოტოებს აქვეყნებდა, თავშლით.

სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი მარკ ტესიე-ლავინი (Marc Tessier-Lavigne) პროფესორი მირზახანი უკიდურესად თავმდაბალ ადამიანად იხსენებს, რომელმაც ჯილდოები მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ სხვა ქალებისა და გოგონებისთვის სტიმულის მიმცემი მაგალითი ყოფილიყო. “მარიამი ჩვენგან ძალზე ნაადრევად წავიდა, მაგრამ მისი ამბავი არის მისაბაძი ნიმუში იმ ქალებისთვის, რომლებსაც მათემატიკასა და მეცნიერებაში საქმიანობა სურთ”, – განაცხადა მან.

2004 წელს, მარიამმა ჰარვარდის უნივერსიტეტში მათემატიკის განხრით დოქტორის ხარისხს ეუფლება. მისი სპეციალობა იყო ლობაჩევსკის გეომეტრია, ტაიხმიულერის, ერგოდიული თეორიები და სიმპლექტიკური გეომეტრია. მოგვიანებით, იგი პრინსტონში მუშაობდა, 2008 წლიდან კი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

“დღეს სინათლე ჩაქრა. ჩემი გული დამსხვრეულია… ის ისე მალე წავიდა ჩვენგან…”, – ინსტაგრამზე დაწერა მარიამის ირანელმა მეგობარმა და კოლეგამ ფირუზ ნადერიმ (Firouz Naderi).