სამუშაონი და დღენი
ეძღვნება ნატალია ზაზაშვილის ხსოვნას
ჩემი ფემინიზმი, მახსოვს, დაიწყო სადღაც XX საუკუნის 60-იანი წლების შუისკენ, სოხუმის I საშუალო სკოლაში, როცა გოგოებისა და ბიჭების „ბრძოლაში“, რაც ძალიან ბუნებრივია დაახლოებით VI კლასელობის ასაკიდან, წამოგვაძახეს, მაშ რატომ არიან გამოჩენილი ადამიანები სულ კაცებიო. მაშინ კი როგორღაც გავუმკლავდით, ან – გვეგონა, რომ გავუმკლავდით, მაგრამ ჩემთვის დარჩა მნიშვნელოვან კითხვად, რომელსაც სრული პასუხი, უკვე როგორც ფილოლოგმა და ხელოვნებათმცოდნემ, იმავე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გავეცი.
დიდი საქმეა განსაზღვრება, ოღონდ არა მაინცდამაინც საკუთარი თავისა ფემინისტად, არამედ უფრო, საკუთარი თავისა ფემინიზმში, ამიტომ – ფემინიზმის განსაზღვრება ისე, რომ იქ აღმოაჩინო აზრიც, შესაძლებლობებიც და ასპარეზიც სამოქმედოდ. ანუ – რამდენად და როგორ იტევს და ალაგებს ეს სივრცე ყველაფერს, რაც ამ, ჩაფიქრების, მომენტისთვის იცი, გრძნობ, განიცდი და გინდა. გასაგებია, რომ „ფემინიზმი“არაა ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ამგვარად მისწრაფული ადამიანი ხვდება და უფიქრდება, არამედ – „სამართლიანობა“, „პატიოსნება“, „ღირსება“, „პასუხისმგებლობა“, გულწრფელობა და სხვა მრავალი მისთანა, ხოლო მთავარი ისაა, რომ ცნებები ხელახლა განისაზღვროს, ანუ – გათავისუფლდეს იმ საზღვრებისგან, რაც მათ სიტყვების მომხმარებლებმა ამოუშენეს. ასეთი კედლების მშენებლობები მიმდინარე და განუწყვეტელი პროცესია, ხოლო გამათავისუფლებლები – იშვიათად, მაგრამ არიან.ცხადი ისაა, რომ თუ ცნებები განსაზღვრულია, კედლები – დანგრეული, რაღა მნიშვნელობა აქვს, თუ რას არქმევ (ან რას ირქმევ), ხოლო მნიშვნელობა აქვს – სად მიდიხარ, ანუ -რას და როგორ აკეთებ.
ბრძოლაში პირველი საჯარო ჩართვა, ოღონდ მართლა საჯარო, და მართლაც – ბრძოლა (რომელშიც ყოფილმა კავალერისტმა და მაშინ – „უშიშროების“ სამსახურის პირველმა პირმა „ხალხის მტრები“ გვიწოდა), იყო ჩვენი ჯგუფის მუშაობა ე.წ. ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობის გასაჩერებლად. 1987 წელს გავაჩერეთ (აღწერილია 2006 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ზალიკოს საქართველო“). როგორც მერე მივხვდით, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების პირველი დიდად ეფექტურიპროექტი, ხოლო ჩვენ -„ენჯეო“ ვყოფილვართ. ამ „ენჯეოს“ ლიდერზე რომ ვუყვებოდი 1995 წლის მარტში ამერიკაში მეგობრებს, ფემინისტი ყოფილაო, მეუბნებოდნენ; ხოლო როცა, 2014 წლის 30 ოქტომბერს,ხორვატიაში, ევროპული ქალთა ფონდების კრებამ ფემინისტის მახასიათებლები ჩამოვწერეთ, არაჩვეულებრივად კარგი და საინტერესო მშრომელი ადამიანის პორტრეტი გამოვიდა.
ჩემს პირველ დიდ შრომას ქალებისთვის ერქვა 13-თვიანი პროექტი „ტრენინგები და შესაძლებლობების ზრდა უმუშევარი ქალებისთვის რუსთავში“ (1998-99 წლები), ევროკავშირის ფული იყო, ხოლო წამყვანი ორგანიზაცია – ფრანგული, საერთაშორისო და ჰუმანიტარული, რომელშიც 1996 წლიდან ვმუშაობდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, დიდი უმუშევრობა იყო მაშინ და ამანაც ხელი შეგვიწყო: საუკეთესო ხალხი ჩაგვყავდა რუსთავში ყოველდღე მასწავლებლებად. ბევრ ისეთსაც ვაკეთებდით სტუდენტებთან ერთად, რაც სულ არ ეწერა პროექტში, ჰუმანიტარულს და სამედიცინოს – თბილისიდან ექიმების ბრიგადა ჩამოგვყავდა ბავშვებისთვის, ოფისში სინჯავდნენ, ხოლო ჩვენს ქალებს სახლებიდან მოჰქონდათ ტახტები და სამზითვოდ გადანახული ზეწრები… მეორე ცვლა დავიმატეთ რომ მეტი ქალისთვის გვესწავლებინა კომპიუტერულ კლასში, ჩვენი პროექტის პირველი ნაკადის ორი ნასტუდენტარი ასწავლიდა და გამოვიდა, რომ სავალდებულო 60-ის ნაცვლად 200-მდე ქალმა მიიღო დასაქმების შესაძლებლობა, ოღონდ, უმეტესად თბილისში: პოსტინდუსტრიულ რუსთავში არაფერი ხდებოდა, და თუ ხდებოდა, იქ მეტი იყო ისეთი, მუქთად რომ ამუშავებენ ქალებს თვეობით, ხელფასის მოლოდინში, და მერე – სხვებს. პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვე ვადევნებდი თვალს (დავთქვით და მირეკავდნენ) და დასაქმებამ, შედეგმა, იმ პერიოდში 80%-ს მიაღწია. გვინდოდა მუშაობის გაგრძელება რუსთავში, ქალთა ბიზნესის განვითარების პროგრამით, სრულებით გვქონდა ნდობა (ეს – უმნიშვნელოვანესი და უძნელესი შრომა, რაც ვერასდროს ისახება პროექტების ანგარიშებში), ხალხს ვიცნობდით, გვიცნობდნენ, მაგრამ – არა. დონორი ორგანიზაცია პერიოდულად მოითხოვდა პროექტის გადაკეთებას, ვიღაცეების ჩართვას(არადა, იმ ვიღაცეებსაც ვიცნობდით რუსთავიდან), ბოლო შეხვედრაზე – ჩვენს პროექტს უკვე ვეღარ ვცნობ და კარგად იყავით-მეთქი.
ამასობაში, 1999 წლის 26 აგვისტოს, ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და ამჯერად საქართველოს მთავრობამ ჩეჩენ ლტოლვილებს საზღვარი გაუხსნა; გადმოსვლაც არ იყო მარტივი საქმე და ჩვენები შველოდნენ. იმ 10000-ზე მეტი ადამიანიდან, ვინც მაშინ საქართველოში ჩამოვიდა, ორი ახალგაზრდა კაცი ჩვენს სახლს გაუშინაურდა, ვლაპარაკობდით. დიდი კითხვები მახსენდება. ისინი: რატომგვეხმარებით, ჩვენ ხომ აფხაზების მხარეზე ვიბრძოდით თქვენს წინააღმდეგ? (და სინანული); როგორ გვენდობით, ჩვენ ხომ თქვენი ნათესავები არ ვართ? მე: რა იყო ეს ხალხის მოტაცება, პირველი ომის დროს მთელი მსოფლიო თქვენს მხარეს იყო… კარგი პასუხი მივიღე და ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ჩვენშიც და უცხოეთშიც…იმდენი ვილაპარაკეთ, სანამ დუისში საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობა-ამუშავებაზე არ შევთანხმდით, თან შევიამხანაგეთ თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი, ერთ-ერთის ნათესავი. პროექტი დავწერე და მე და ზალიკომ მივაკითხეთ მიშა ჩაჩხუნაშვილს, ჩვენს მეგობარსა და „სოროსის“ ფონდის დირექტორს. პროექტი დაფინანსდა, მე და ზალიკომ მოხალისეობისწერილს მოვაწერეთ ხელი, ჩვენი თხოვნით „სოროსის“ ბიჭებმა გუნდს კომპიუტერთან მუშაობა ასწავლეს, დუისში ცენტრი გაიხსნა, გახსნაზე თბილისიდან მიშასთან და ზალიკოსთან ერთად ჩავიდნენ ადამიანები, ვინც მზად იყო მოხალისეობრივად ემუშავა ლტოლვილებთან; კი გახსნეს (ერთი სურათი შემომრჩა), მაგრამ ატყდა სროლა…
ამ ურთიერთობის დროს ბ-ნ მიშასგან ფონდში სამსახურის დაწყების წინადადება მივიღე და ვაშინგტონში ერთთვიანის მომზადების მერე გავხდი დაწყებითი კლასის მასწავლებელთა გადამზადების ხელმძღვანელი არაჩვეულებრივ პროგრამაში სახელად „ნაბიჯ-ნაბიჯ“, რომელიც, თავის მხრივ შედიოდა ფონდის დიდ საგანმანათლებლო პროგრამაში – „მეგა პროექტი“. ცხადია, ვღელავდი, მაგრამ მოვალეობების აღწერილობა რომ მივიღე, დირექტორთან შევედი და ვეუბნები, არ ყოფილა-მეთქი ბევრი სამუშაო, და, ღმერთო, რამდენჯერ (და სულ) გამართლდა,რაც მაშინ მიპასუხა: სამუშაო იმდენია, რამდენსაც შენს თავზე აიღებო. მართლაც ბევრი იყო, ძირითადად მასწავლებლებთან ვმუშაობდით (მაგრამ ასევე – პედაგოგიურ ინსტიტუტთან, სამინისტროსთან, გამომცემლობებთან…),არსი: თითოეული (და არა საშუალოარითმეტიკული) ბავშვის განვითარება.
მასწავლებელი ქალები სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ასობით. გავლენის უზარმაზარი შესაძლებლობები, საინტერესო ხალხი, ვისაც ასწავლი და ისიც გასწავლის, გენდობა და მოგყვება. მაგრამ სხვანაირებიც იყვნენ, სკოლების (პარტბილეთდაყრილ და ახლადგამართლმადიდებულ) დირექტორებს შორის, ძირითადად. აქ ვისწავლე რა არის ტრენერობა, ცოდნასთან ერთად ენერგიის გაცემა და არტისტიზმიც.
ჩემი მუშაობა ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო“ 2000 წლის 2 იანვარს დაიწყო, ხოლო მარტში ქალთა პროგრამის „შეთავსება“ მთხოვეს და შევითავსე. პროგრამა 2 წლის დაწყებული იყო: ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორუფლებიანობის მრავალსაფეხურიანი სწავლებებით და 2 დიდი პროგრამით, აგრეთვე სამგზავრო გრანტებით. როგორც კი ფონდში მივედი (მაშინ ვაკის პარკთან გვქონდა ოფისი), ბიბლიოთეკას მივაკითხე რომ რამე წამეკითხა ჯორჯ სოროსზე და მისი დაწერილიც, და ერთ მის სტატიაში მივაგენი ისეთ წინადადებას, რომელიც სულ, და ახლაც სახელმძღვანელოა ჩვენი გუნდისთვის, თან – უფრო და უფრო მზარდად. მივაგენი-მეთქი, ვამბობ, იმიტომ, რომ იქ სხვა მრავალიც საგულისხმო ეწერა, მაგრამ ეს – ვიცანი, რაკი უკვე მქონდა მეხსიერებაში „შენახული“ საამისო საფუძველი: რომელიღაც კლასში, იგივე სკოლაში, იმ დროს, როცა ნიუტონის კანონებს ასწავლიან ფიზიკაში, რაც, როგორც ჩანს, ემთხვევა ადამიანის ცხოვრების იმ ხანას, როცა თავის თავს არკვევს და ძალიან უნდა ეს თავი წესრიგში (და მის ნაწილად) აღმოაჩინოს (და არა – ქაოსში), ახალგაზრდა დათო გაბუნია, ფიზიკის მასწავლებელი (ჩურჩულებდნენ, ლექსებს წერსო), დიდი გატაცებით და ენერგიულად გვიხსნიდა ნიუტონის კანონებს, რაღაცნაირად „გამოჰყავდა“ ეს კანონები დაფაზე, და რომ გამოიყვანდა – მოგვიტრიალდებოდა და გაირინდებოდა, როგორც – ბედნიერი. ვბედნიერდებოდი მეც, აღტაცებული იმით, რომ რაკი გამოვიდა, ანუ – არის, წესრიგი ყოფილა ჩემთვის, ყველასთვის და ყველაფრისთვის. მაგრამ: დათო ხმას იღებდა ფრაზით – ეს კანონი არასდროს მუშაობს ბუნებაში, და რატომ? არის ხელისშემშლელი ძალები – მთელი სია, პირველი, მახსოვს – ხახუნისა. ხოლო ბატონი სოროსი იმ სტატიაში ამბობდა, ალბათ ფულის კეთების შესახებ: საკმარისი არაა ეკონომიკის კანონების ცოდნა, საჭიროა ცოდნა იმისა, თუ რა უშლის ხელს ამ კანონების განხორციელებასო… აქ კიდევ ერთ კაცს ვახსენებ: ბორის პასტერნაკს უწერია უბის წიგნაკში: ქაოსი შემოქმედებაში უნდა გამოატაროო. ანუ – მუშაობა, შემოქმედება და მოქმედება კოსმოსისთვის.
2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი „ნაბიჯ-ნაბიჯში“ და თან – ქალთა პროგრამის კოორდინატორად, მერე „ნაბიჯ-ნაბიჯი“ ფონდიდან გამოდიოდა (როგორც ჩვენ, ქალთა პროგრამა გამოვედით 2006 წლის ბოლოს) და შემომთავაზეს – გავყოლოდი, მაგრამ ისინი მთელი გუნდი იყვნენ, ქალთა პროგრამაში კი მარტო ვიყავი, ბევრი საქმე მქონდა, ბევრიც – წამოწყებული, დასამთავრებელი, დაგეგმილი, ურთიერთობები, პარტნიორების და სხვ., დავრჩი.
პროგრამა იზრდებოდა, საქმე ბევრდებოდა და ჩვენი ნიუ-იორკელი დირექტორი დაჟინებით მოითხოვდა ფონდისგან ჩემთვის ასისტენტის აყვანას. 2004 წლის ზაფხულში დავით გაბუნია (მაშინ – ჰარი პოტერის ახალგაზრდა მთარგმნელი, ახლა – ცნობილი მწერალი) შემოუერთდა პროგრამას, 2005-ში – ცისანა გოდერძიშვილი, რომელიც მანამდე ჩვენი გრანტისმიმღები იყო მეხსიერების კვლევის ცენტრის (ზეპირი ისტორიები) დაარსების პროექტით. ამ ცენტრთან ერთად შემოვიერთეთ. რას ვაკეთებდით? ამ გრძელ სიტყვას მოკლედ ვიტყვი (უფრო გრძლად გამოქვეყნებულია „ფონდის ტასო“ 2007-2010 წლების საანგარიშო წიგნში, სათაურით – „წინაისტორია“), გადმოვიწერ 2006 წლის დოკუმენტიდან:
- სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება და ქალთა მოძრაობის კონსოლიდაცია (2000 წლიდან);
- ქალთა უფლებები, ძალადობა ოჯახში (1999 წლიდან);
- ქალთა უფლებები, ტრეფიკინგთან ბრძოლა (დაიწყო 1999, განახლდა 2004 წლიდან);
- სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საზოგადოებრივი აქტივიზმის მხარდაჭერა (2004 წლიდან);
- გენდერული კვლევების განვითარება (2000 წლიდან);
- პროგრამა „განათლება უფლებამოსილებისთვის“ თბილისში და საქართველოს რეგიონებში (2000 წლიდან);
- ქალთა კვლევების განვითარება (ქალთა ზეპირი ისტორიები), 2001 წლიდან;
- რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (2005 წლიდან);
- გენდერული წონასწორობისკენ მიმართული ეროვნული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
- თანამშრომლობა „ალკოჰოლისა და ნარკოტიკების რეგიონალურ პროგრამასთან“ (სტეფან ბატორის სახ. ფონდი, პოლონეთი) ოჯახური ძალადობის სფეროში და პროგრამა „ატლანტისის“ გასავითარებლად საქართველოში (2003 წლიდან);
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება პუბლიკაციების გზით (2000 წლიდან) და დოკუმენტური ფილმების წარმოებით (2001 წლიდან);
- ქართველ ლიდერთა ჩართვა გლობალურ ქალთა მოძრაობაში (სამგზავრო გრანტები, 1998 წლიდან);
- ქალთა პროგრამის, ქალთა პროგრამისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების, და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გამოქვეყნებული ლიტერატურის მიზნობრივი დარიგება.
ეს ყველაფერი ხორციელდებოდა გრანტის გაცემით და ე.წ. შერეული პროექტებით: ანუ – ოპერაციული და გრანტგამცემი საქმიანობის კომბინაცია.
2003 წლიდანმოყოლებული, როცაქალთაპროგრამამდაიწყოდამოუკიდებელ ორგანიზაციად ტრანსფორმაციისპერსპექტივაზეზრუნვა, ფილანთროპია, ფონდიისახებოდაერთადერთორგანიზაციულფორმად (საქართველოში ეს შესაძლებელია მხოლოდ წესდების „ძალით“, საქმიანობად ჩაწერ – გავცემ გრანტებს), რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით,შესაფერისიიქნებოდაქალთაპროგრამისმისიისგასაგრძელებლად.გამოცდილებისზრდამდაპროგრამულიმიმართულებებისგაფართოებამ, ასევეღიასაზოგადოებისინსტიტუტისქალთაქსელურიპროგრამისმიერგაწეულმადახმარებამ (ეროვნული ფონდების ქალთაპროგრამებისკოორდინატორებისთვისსხვადასხვა წლებში ჩატარებულისაგანგებო ტრეინინგებიქალთაფონდებისმართვისთემაზე) ესშესრულებადიგახადა. იგივეს ადასტურებდა განხორციელებადობის 2006 წელს ჩატარებული კვლევა (ეკატერინე აღდგომელაშვილი, ნინო დურგლიშვილი).
ძირითადი თემა, რომელიც ქალთა პროგრამამ „ფონდში ტასო“ გადმოიტანა, იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება, მათი საზოგადოებრივი აქტივიზმი. ეს ისტორია 2003 წელს დაიწყო, 2004 წლის სტრატეგიის წერისას, ითქვა, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობა, სოფლებში მცხოვრებნი, გარიყულია დემოკრატიზაციის პროცესისგან და უკეთეს შემთხვევაში, იშვიათად და ეპიზოდურად, ქალაქად მცხოვრები ექსპერტების ტრენინგ-სემინარების მონაწილეებს წარმოადგენენ; დროა ის რესურსი (თბილისში არსებული ქალთა ორგანიზაციები), რომელიც, მათ შორის ჩვენი პროგრამის მუშაობითაა შექმნილი, სოფლად ქალთა მოძრაობის წამოსაწყებად და გასავითარებლად მივმართოთ. 2004 წლიდან მრავლდება სოფლელ ქალთა შემოსავლისმომტანი საქმიანობისთვის გამიზნული გრანტები და, 2005 წლიდან, გრანტისმიმღებთათვის ტარდება არა მხოლოდ მცირე ბიზნესის მართვის, არამედ აგრეთვე – ქალთა უფლებების 6-დღიანი სკოლები, სადაც ტრენერებად გამოდიან იმ ორგანიზაციის ლიდერები, რომელთაც, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერით, შეუძლიათ არა მხოლოდ სწავლება, არამედ – დახმარების გაწევაც: ოჯახში ძალადობის, ადამიანებით ვაჭრობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, დასაქმებისსფეროებში. 2006-8 წლებში მუშაობს პროგრამა „სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალური პასუხისმგებლობის ცენტრები“. 2007 წლის ნოემბერში ქვეყნდება „სოფლის ღირსება“, ფონდის სერიის „ქალთა მეხსიერება“ VI წიგნი (იმავე წელს – „საკუთარი ოთახი“,„ფემინისტური ბიბლიოთეკის“ I წიგნი). 2008 წელს „ფონდი ტასო“ ატარებს სამშვიდობო კამპანიას ფილმით „ჯოჯოხეთს წარტყვევნა“ და აგროვებს ხელმოწერებს სამშვიდობო მოწოდებაზე, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და თავის სოფლად მცხოვრებ პარტნიორებთან ერთად ეხმარება დევნილ მოსახლეობას ჯერ თბილისში, შემდეგ კი მათი დაბრუნების გაპარტახებულ ადგილებზე. წლის ბოლოს ფონდი გადაწერს თავის სტრატეგიას და ქალთა პრიორიტეტულ ჯგუფად სოფლად მცხოვრებლებთან ერთად დევნილებსაც აცხადებს.
2009 წელს ფონდი წევრიანდება საერთაშორისო ქსელში „ფონდები მშვიდობისთვის“ და ამ ქსელის წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებს ფონდების დიდ შეკრებაში კაიროში. აქ პირველად, ფონდი ეცნობა სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანთროპიის ფილოსოფიას (თავისთავად – ახალს), და როგორც სოფლებში მომუშავე პრაქტიკოსი, ხედავს თავის ადგილს ფილანთროპიული საქმიანობების მატრიცაში და შესაძლებლობებსაც.
შესაძლებლობებს 2010 წელსხსნის გაეროს ქალთა ორგანიზაციის 6-წლიანი პროექტი, რომელშიც „ფონდს ტასო“ დევნილ, კონფლიქტებით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების სათემო მობილიზაცია ევალება(https://www.youtube.com/watch?v=1poslV28Jsk).[1]
სოციალური მობილიზაციის გამოყენებითი მეთოდი, რომელიც ყირგიზმა ექსპერტებმა გვასწავლეს, მიზნად სიღარიბის დაძლევას გულისხმობდა. საქართველოში, პასუხად მოსახლეობის უმრავლესობის სოციალური და პოლიტიკური ინერტულობის პრობლემისა, სათემო მობილიზაციის მიზნად დაისახა მონაწილეობითი დემოკრატიის მშენებლობა ქალთა ლიდერობით. სათემო მობილიზაცია, აქცენტით ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებაზე, იძლევა მრავალ, მათ შორის – დაუგეგმავ შედეგებს, რომელთა შორის პოლიტიკური მონაწილეობაცაა, ეკონომიკური განვითარებაც და დასაქმებაც. საბოლოოდ, სათემო მობილიზაცია, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკური პროგრამაა, ამ სიტყვის იმ, თავდაპირველი მნიშვნელობით, რაც მოქალაქეობაზე მიუთითებს, დემოკრატიულ მართვაზე; ანუ, ჩვენს შემთხვევაში – სათემო მობილიზაციის პროცესში მომზადებული და მოქმედი ხალხის ჩართულობით.
დემოკრატია ის მიზანია, რომელიც, მსგავსად თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობისა და სხვა გარდუვალი ფასეულობებისა, არასდროს მიიღწევა საბოლოოდ და სრულად, შესაბამისად – მობილიზაცია დემოკრატიისთვის არის დაინტერესებული, პატიოსანი, პასუხისმგებელი და დაუზარელი ხალხის გრძელვადიანი, უწყვეტი და თანმიმდევრული პროექტი. კულტურა, თავისი გარდუვალი ფასეულობებით, დემოკრატიული განვითარებისკენ, მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმართულ მობილიზაციაში ჩართულ ადამიანთა უღალატო მხარდამჭერია. ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მობილიზაციის, როგორც საგანმანათლებლო ფილოსოფიის საწყისს ყოველი მძებნელი იპოვის თავის ეროვნულ სულიერ კულტურაში, ხოლო კარგად ძებნით – სოციალური ანთროპოლოგიის ფაქტებშიც, და არა მხოლოდ სოკრატეს ფილოსოფიაში, სადაც ეს საწყისები, განსაკუთრებით კი – აქცენტი ადამიანის ზრდაზე საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების ამუშავებით – ნამდვილად იკითხება.სოციალური მობილიზაცია, როგორც სახელმძღვანელო მეთოდი, ცვალებადია არსებული სამიზნე მდგომარეობის (კონკრეტული კონტექსტის) შესაბამისად და, საბოლოოდ, იმის მიხედვით, თუ როგორია იმ ადამიანების თავისუფლების ხარისხი, ვინც სოციალურ მობილიზაციას, როგორც განვითარებას და მოქმედებას, იაზრებს, გეგმავს და ახორციელებს. ამას მხოლოდ ჩვენი ფონდის გუნდზე არ ვამბობ, არამედ მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ – პროგრამის მონაწილე პარტნიორებზე, ქალებზე.
„ფონდმა ტასო“, წინარე, მათ შორის სათემო მობილიზაციას დაფუძნებული პროგრამების შედეგებს (ადამიანებს, სოფლად მცხოვრები შვილობილი ორგანიზაციების, ქალების მზადყოფნას)სოციალური სამართლიანობის და მშვიდობის კონცეპტი დაუკავშირა და,2011 წლის ბოლოს, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ და „ქალთა გლობალური ფონდის“ მხარდაჭერით, შეძლო დაწყება გრძელვადიანი პროგრამისა სამუშაო მიმართულებებით: ცოდნის გავრცელება ფილანთროპიის შესახებ; ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერა; სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანთროპიის კანონმდებლობა საქართველოსთვის; სათემო ფილანთროპიის ქსელის ჩამოყალიბება და მათი ფილანთროპიული პრაქტიკის მხარდაჭერა; სასწავლო ფილმი ფილანთროპიაზე და კანონის აუცილებლობაზე[2].
ვრცლად ეს ყოველივე მოთხრობილია წიგნში „18818 ქართულად“, სადაც, წინასიტყვაობაში ითქმის: წიგნის კეთების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია თუ „რისი თქმა სურდა პოეტს“, მაგრამ არანაკლებ, და ეგებ განმსაზღვრელადაც, თუ რისი გაგონება სურდა მკითხველს. სურვილების დამთხვევა ძნელი და გრძელვადიანი სამუშაოა, ვადები, როგორც ყოველთვის – შეზღუდული, ხოლო საჭიროება – დიდი. ამიტომ მაქსიმალური თავდადებით ვეცადეთ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის მიგვეახლოვებინა სხვადასხვა დონეების, სექტორების, შტოებისა და განზომილებების ხალხი. წიგნს 30-ზე მეტი ავტორი ჰყავს, უცხოელი და ჩვენი, და მათ შორის სათემო ფონდის სამი ლიდერი.
ფონდმა, სათემო ფილანთროპიის ქსელის წევრებთან ერთად, 2013 წლიდან სათემო ფილანთროპიის მხოლოდ სამი ციკლის ჩატარება შეძლო, მათ შორის, 2016 წლის ციკლისა – არასრულად (მხოლოდ 6 სათემო ფონდის დაფინანსება შევძელით, ისევ – ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით). სულ სათემო ფონდებმა, დღემდე, 90 გრანტი გასცეს (საერთო თანხა: 84 778 ლარი), ანუ – დიდი შედეგი მცირე ფულით. შედეგები სრულიად არაჩვეულებრივია, რადგან:სათემო ფონდმა უკეთ იცის, თუ რა პრობლემებია თემში და ისიც, თუ – რა ადამიანური რესურსია (რომელსაც ფონდი, მათ შორის – თავად ქმნის და აძლიერებს); სათემო ფონდის გრანტისმიმღები უფრო მოწადინებულია იმიტომ, რომ საქმეს „თავის სახლში“ აკეთებს (ჩემი თემი!); კეთილსინდისიერი შესრულება იმითაცაა უზრუნველყოფილი, რომ პროცესს უყურებს, და მონაწილეობს კიდეც, თემი; თვითმმართველობა ხედავს, თუ რა შესაძლებლობებს ხსნის სათემო ფილანთროპია და მზადდება სათემო ფონდის საქმიანობის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მხარდაჭერის საფუძვლები; თავის მხრივ, სათემო ფონდი, როგორც თემის წარმომადგენელი, თავის გრანტისმიმღებ პარტნიორებთან და აქტივისტებთან ერთად, ერევა მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში თავისი თემებით და საკითხებით.
სათემო ფილანთროპია ზრდის თემის კეთილდღეობის ხარისხს და ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის ხარისხსაც, ნერგავს მოხალისეობის კულტურას, აჩენს მცირე სახსრებით სერიოზული შედეგების მიღწევის მაგალითებს და გასაზიარებელ გამოცდილებას. სათემო ფილანთროპიას შეუძლია ქვეყნის გეოგრაფიული „დაფარვა“ და სოციალური მოძრაობის გამოწვევა. ანუ – სათემო ფილანთროპიას შეუძლია იმ კანონების განსაზღვრება, რომელთა ამოქმედებას ხელს სხვადასხვა ძალები უშლის, მათ შორის – პირქარი.
[1]ამ ფილმის ინგლისური ვერსია: https://www.youtube.com/watch?v=wPd6KzTIGf0
[2]ფილმის ინგლისური ვერსია: https://www.youtubcome./watch?v=gIwVrlgZ9_4