ავტორი: ერეკლე გრიგოლია
დილემის გადაწყვეტაც ასეთი უნდა – ჩემი უსაყვარლესი ‘’წილნახვედრი’’ მამრების სიამაყის საგანი, ერთის მხრივ, მათი მამაკაცური “იარაღი” და ამოუწურავი სექსუალური პოტენციალია (ვეტერან მამრებს თავის დროზე ‘’ერთმორწმუნე’’ რუსეთში ძლევამოსილი ეროტიკული “ლაშქრობებით” მოაქვთ თავი გაუთავებლად), მეორე მხრივ კი ისინი უზომოდ ამაყობენ თავიანთი “მამაოებით’’, რომლებიც დღენიადაგ მარხვა-ლოცვებისა და ფიზიოლოგიის დათრგუნვისკენ მოუწოდებენ ‘’მრევლს’’.
თანამედროვე ქართველი ‘’მრევლი’’ სასწაულთმოქმედია ფაქტიურად (ყოველგვარი ირონიის გარეშე), მას სრულიად ეკლექტური რაღაცები მოჰყავს აბსოლუტურ თანხვედრაში. ამის მაგალითია მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთეს დასაწყისში ჰარმონიზებული მარხვა და სექსი, გნებავთ სექსი და მარხვა (შესაკრებთა გადანაცვლებით აბსოლუტურად არაფერი რომ არ იცვლება, ზუსტად ის შემთხვევა გახლავთ).
‘’წილნახვედრ’’ მრევლს “სულიერი მამებისაგან’’ პერმანენტულად ესმის, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესს მკაცრად ეწინააღმდეგება გემოთმოყვარეობა, თრობა, ფუფუნება, განკითხვა, ჩუკენობა, ნებისმიერი სექსუალური ფანტაზია და გადახვევა მისიონერული პოზიციიდან (ფუი ეშმას, ჯოჯოხეთის კარიბჭე!), და ა.შ. ჰო, წლის განმავლობაში ან მარხვებია გაუთავებელი, ან წმინდანთა და სალოსთა მოხსენიების დღეები (წმინდანები და ‘’სალოსები’’ კონა ათი შაურია ‘’წილნახვედრში’’), როდესაც ნებისმიერი სახის კოიტუსი მკაცრადა შეჩვენებული. ფიზიოლოგიური პროცესებიდან მხოლოდ სუნთქვა და საპირფარეშოს მონახულებაა ოფიციალურად ნებადართული (საბედნიეროდ, ჯერჯერობით მათ შეზღუდვაზე არაფერი გვსმენია დედაეკლესიისაგან).
ადგილობრივი ‘’მრევლი’’ კი ამავდროულად პრადოსაც და აიფონსაც უზომოდ სცემს თაყვანს (აქ თავად ‘მამაოები’’ სერიოზულ ფორას აძლევენ ნებისმიერს), სხვის სარეცელსაც მიმოიხილავს დიდის სიამოვნებით, ხინკალსა და ყანწის ბინადარ ღვთიურ სითხესაც შეუზღუდავად ჩაიფენს სტომაქში, მოცალეობის ჟამს განცხრომით მასტურბირებს კიდეც, საუნებსაც დაუცხრომლად სტუმრობს დილა-საღამოს და ა.შ. და ა.შ., და მაინც ‘’მრევლია’’…
მოკლედ, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს, ჭკუა დაუშლის თუ ეკლესია, და იგი ერთნაირი გზნებით, 24/7 რეჟიმში ევქარისტიობს საუნა-რესტორნებშიც და აღსარებისასაც და ამას ერთმანეთის პარალელურად ახერხებს იშვიათი ოსტატობით. “დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისასო’’, – ამან არ დაგაბნიოთ, ეგ ‘’ევქარისტიის’’ საწყის სტადიაზე ხდება მხოლოდ. ‘’ყველა გზა რომში მიდისო’’, ძველები უბნობდნენ, ‘’წილნახვედრი ვაჟკაცის’’ ყველა გზა კი უცილობლივ მისი პირადი ‘’მამაოს’’ ხელის მტევანთან სრულდება. ღვინის ტუჩი – ევქარისტია ბახუსით, ქალის ტუჩი – ევქარისტია საუნაში და ბოლოს, მთავარი – თავდაუზოგავი ჭმუნვით დაკონება ‘’მამაოს’’ სასტიკად არაჰიგიენერ ხელის მტევანზე და სამდება ეს წმიდათაწმიდა პროცესიც.
ქალი ‘’წილნახვედრნიც’’ ტოლს არ უდებენ მამრ კოლეგებს და ასევე ჰარმონიულად უთავსებენ ერთმანეთს უშველებელ დეკოლტეს და ამ დეკოლტეზე ამაყად მოღერებულ არანაკლებად მასშტაბურ ჯვარს. ჩვენდა საბედნიეროდ, პატრიარქი ილია მეორეც ფრიად ჰუმანისტი ხვდა წილად მრევლს და პერიოდულად ხიზილალათთ ხსნილით რელაქსაციის საშუალებას აძლევს ზემოხსენებული პროცესებით უზომოდ დაღლილსა და გამოფიტულ სამწყსოს.
დიდი უილიამის პერიფრაზითვე დავასრულებდი –
‘’თვალთმაქცობავ, ‘’წილნახვედრი ქართველი’’ უნდა გერქვას შენ!’’