ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 46 მილიონი ორსულობა ხელოვნური აბორტით სრულდება. მათგან 20 მილიონი უსაფრთხო არაა. ორსულობით განპირობებული სიკვდილიანობის დაახლოებით 13%-ზე არაუსაფრთხო აბორტის გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მოდის, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 67 000 ქალის სიკვდილში გამოიხატება. გარდა ამისა, არაუსაფრთხო აბორტის მიერ გამოწვეული გართულებები ქალის ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მომტანია და ბევრ შეუქცევად პროცესს იწვევს.
ვინაიდან, კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი 100%-ის საიმედოობით არ გამოირჩევა, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ქალები იძულებულნი არიან, აბორტს მიმართონ.
აბორტის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, სასურველია, იგი ორსულობის ადრეულ ვადაზე (პირველ ტრიმესტრში) გაკეთდეს. ამ დროს, ქირურგიულ აბორტთან ერთად, აქტიურად გამოიყენება მედიკამენტოზური აბორტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მედიკამენტოზური აბორტი, მისი განხორციელების წესების დაცვის შემთხვევაში, ეფექტური და უსაფრთხოა.
მედიკამენტოზური (ფარმაკოლოგიური, ქიმიური) აბორტი ორსულობის ადრეულ ვადაზე ხელოვნური შეწყვეტის მეთოდია, რომელიც ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვს. იგი პერორალურად მისაღები მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება.
მედიკამენტოზური აბორტის გაკეთება მენსტრუაციის შეწყვეტიდან 49-ე დღემდეა დაშვებული, ანუ ვადა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან გამოითვლება, რაც დაახლოებით ორსულობის 7-8 კვირას შეესაბამება. რაც უფრო ადრე ხორციელდება მედიკამენტოზური აბორტი, მით მეტად ეფექტურია იგი.
საჭირო პრეპარატები
ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად, ანტიპროგესტაგენური ქმედების პრეპარატები (მიფეგინი, პენკრაფტონი, მიფეპრისტონი, RU 486 და სხვ) გამოიყენება. პრეპარატების ამ ჯგუფს ერთი აქტიური ნივთიერება – მიფეპრისტონი – აერთიანებს. მიფეპრისტონი ბლოკავს ჰორმონი პროგესტერონის რეცეპტორებს, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზე აგებს პასუხს და საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს. გარდა ამისა, მიფეპრისტონი პროსტაგლანდინების მიმართ საშვილოსნოს კუნთოვანი კედლის მგრძნობელობას ამძაფრებს, რაც ასევე ხელს უწყობს მის შეკუმშვას. შედეგად, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი მიმდებარე ენდომეტრიუმიდან (საშვილოსნოს შიგნითა შრე) გამოიდევნება, რაც საშვილოსნოდან ემბრიონის გამოდევნით, ანუ აბორტით, სრულდება.
ნივთიერება მიფეპრისტონს, 200 მკგ-ს დოზით, ყველა ანტიპროგესტაგენური პრეპარატი შეიცავს. მიფეპრისტონის გარდა, ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტის ეფექტის გასაძლიერებლად, დამატებით ინიშნება პროსტაგლანდინები (მიზოპრესტოლი, გემეპროსტი, საიტოტეკი, მიროდიტი და სხვ).
მედიკამენტოზური აბორტის გაკეთების წინ ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები
მანამდე, ვიდრე ექიმი ფარმაკოლოგიური საშუალებებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას გადაწყვეტს, ქალმა შემდეგი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს:
- ექიმი-გინეკოლოგის გასინჯვა;
- მცირე მენჯის ღრუსექოსკოპია;
- სისხლის ანალიზი სიფილისზე, ჰეპატიტებსა და აივ ინფექციაზე;
- სისხლის ანალიზი რეზუს ფაქტორზე;
- საშვილოსნოს ნაცხის ანალიზი ინფექციებზე.
მედიკამენტოზური აბორტის გაკეთების პირობები
მედიკამენტოზური აბორტი ამბულატორიულ პირობებში ტარდება. მისი პირველი ეტაპი პაციენტის გასინჯვას, ორსულობის შეწყვეტასა და 600 მკგ (3 ტაბლეტი) მიფეპრისტონის მიღებაზე ხელმოწერას გულისხმობს. 2-4 საათის მანძილზე, ქალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება; პაციენტების დაახლ. 50%-ს აბორტი სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოსდის.
შემდეგ, ქალი შინ მიდის. 36-48 საათის მანძილზე, ეფექტის გასამყარებლად, იგი პროსტაგლანდინების პრეპარატებს იღებს. თუ აბორტი სამკურნალო დაწესებულებაში არ მოხდება, იგი უნდა მოხდეს არანაკლებ სამი დღე-ღამის პერიოდში. 3 დღის შემდეგ, პაციენტი ქალთა კონსულტაციაში უნდა გამოცხადდეს, რათა ექიმმა შეამოწმოს და ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) გაიკეთოს. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების განმეორებითი ექოსკოპია 10-14 დღის შემდეგ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერა კვერცხუჯრედის ნარჩენებს ან პროგრესირებად ორსულობას გამოავლენს, მაშინ გარდაუვალია საშვილოსნოს გამოფხეკა (მიფეპრისტონის მიღების ფონზე, ნაყოფის განვითარების ანომალიების ჩამოყალიბების რისკი მაღალია).
სანაყოფე კვერცხუჯრედის გამოდევნის დროს შეგრძნებები ქალებს სხვადასხვა სახით აღენიშნებათ, ეს ტკივილის შეგრძნების ხარისხზე, ორსულობის ვადაზე, ასაკსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, საშვილოსნოდან სისხლდენა და მტკივნეული შეგრძნებები მენსტრუაციის დროს არსებულ მოვლით ტკივილს მიაგავს (ზომიერი ტკივილი და სისხლდენა). აბორტის შემდგომი სისხლდენა საშუალოდ 9 დღე გრძელდება, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა იგი 45 დღე მიმდინარეობდეს.
მედიკამენტოზური აბორტის უკუჩვენებები
ორსულობის შეწყვეტას, მათ შორის მედიკამენტოზურს, რიგი უკუჩვენებები გააჩნია, რომელიც აბსოლუტურად და შედარებითად იყოფა. აბსოლუტური უკუჩვენების შემთხვევაში, პაციენტს მედიკამენტოზური აბორტის განხორციელებაზე უარს ეუბნებიან.
აბსოლუტური უკუჩვენებები:
- საშვილოსნოსგარე ორსულობა;
- დაუდგენელი ორსულობა (ექიმის გასინჯვის, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიის გარეშე);
- ქრონიკული ინფექციები გამწვავების სტადიაში;
- მძიმე სტადიის ქრონიკული სომატური დაავადებები (ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა);
- სისხლის დაავადებები, ანემიის მძიმე ფორმა, ჰემორაგია (სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის ჩაქცევა სხეულის რომელიმე ღრუსა და ორგანოში);
- ალერგიული ფონი;
- ავთვისებიანი სიმსივნე;
- ბრონქებისა და ფილტვების გამწვავებული დაავადებები (მაგ. ბრონქული ასთმა);
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია.
შედარებითი უკუჩვენებები
- საშვილოსნოს მიომა და ენდომეტრიოზი;
- ნაწიბური საშვილოსნოზე (საკეისრო კვეთა, მიომექტომია);
- ადგილობრივი ან ჰორმონული კონტრაცეფციის ფონზე მიმდინარე ორსულობა;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს აბორტამდე 14 დღით ადრე);
- მწეველობა 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში;
- არტერიული ჰიპერტენზია.
მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობანი
ორსულობის შეწყვეტის ქირურგიული მეთოდისგან და ვაკუუმ-ასპირაციისგან (მინი აბორტი) განსხვავებით, ფარმაკოლოგიურ აბორტს შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
- ორსულობის შეწყვეტის ოპტიმალური ხერხი მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუჩენია;
- აივ ინფექციით, ჰეპატიტებით, სხვადასხვა ინფექციით დასნებოვნების რისკის არარსებობა;
- იმ გართულებების რისკის არარსებობა, რომელიც ორსულობის ქირურგიულ შეწყვეტას უკავშირდება (საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტა), საშვილოსნოს ყელისა და ენდომეტრიუმის ტრავმის თავიდან აცილება). საშვილოსნოს ყელი არანაირი მექანიკური ზემოქმედების ქვეშ არ ხვდება, რაც მისი დაზიანების რისკს სპობს;
- არ სჭირდება ანესთეზია;
- ეფექტურობის პრაქტიკულად 100%;
- შედარებით ნაკლებად მძაფრი ტკივილი;
- ტარდება ამბულატორიულად;
- პაციენტი ფსიქოლოგიურად კარგად იტანს,
- თუ ქალი ჭარბწონიანია, მაგრამ არ გააჩნია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მისთვის ქირურგიული ოპერაცია შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს;
- ნარკოზის საჭიროების არქონა;
- აბორტის პროცედურა ხანმოკლეა და წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს;
- მედიკამენტოზური აბორტის მძიმე შედეგები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
შესაძლო გართულებები
ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტის შესაძლო გართულებებია:
- ძლიერი სისხლდენა საშვილოსნოდან და მისი სავალალო შედეგები;
- არასრული აბორტი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს;
- წარუმატებელი აბორტი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს;
- ჰორმონული დარღვევები (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა);
- ჰემატომეტრა – საშვილოსნოს ღრუში მენსტრუალური სისხლის დაგროვება, რაც განპირობებულია მისი გამოდენის დარღვევით;
- საშვილოსნოსა და საშვილოსნოს (ფალოპის) მილების ინფიცირება აბორტის შემდგომი რეკომენდაციების დაუცველობის შედეგად ან დაშლილი კვერცხუჯრედის ნარჩენებით.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებებისა, პაციენტების ნაწილს აღენიშნება მიფეპრისტონის შემცველი პრეპარატების მოქმედების შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენები: გულისრევა, სისუსტე, თავბუსხვევა, თავის ტკივილი, დიარეა.
დამატებითი ინფორმაცია როგორც მედიკამენტოზური, ასევე ქირურგიული აბორტის უსაფრთხო სტანდარტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციაში Safe abortion: technical and policy guidance for health systems