ბლოგები

მე – სოცკულტურა = ?

ელენე ნაკაიძე

გსმენიათ გამონათქვამად ქცეული აქსიომა იმის შესახებ, რომ სამყაროში ორი ერთნაირი თოვლის ფიფქი არ მოიძებნება? და საერთოდ, სამყაროში ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელიც, იპოვო ორი ნივთი, რომელებიც აბსოლუტური სიზუსტით იმეორებენ ერთმანეთს.

ეს თემა ფიქრებად ამეკვიატა და მალევე დამებადა შეკითხვა – თუ ეს მოსაზრება მართალია (და ფაქტი ჯიუტია, ის მართალია…), მაშინ რა აიძულებს ადამიანს, რომელიც ღრმა ლიბერალური რწმენით ინდივიდია და ანალოგი არ მოეძებნება, მაქსიმალური სიზუსტით მოირგოს წინასწარ განსაზღვრული ქალური ან კაცური როლი და დაემსგავსოს მილიარდობით სხვა ქალსა და კაცს?! მაგალითად, მე მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვყოფილიყავი ქალი, რა თვისებები უნდა მქონოდა ამისათვის, როგორ უნდა ჩამეცვა, რა უნდა მომწონებოდა (სწავლება ფერთა პალიტრაზეც კი კონკრეტდებოდა) და საბოლოოდ, რა უნდა ყოფილიყო ჩემი მთავრი მიზანი ცხოვრებაში.

ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ამ ცოდნის გამოყენება აღარ მინდოდა. ამიტომ ერთი–ორჯერ საკუთარი ჩარჩოდან ჩუმად სხვის ჩარჩოში გადავძვერი და რამდენიმე მახასიათებელი მოვიპარე. მოპარულის შეთვისება ამ საქმეშიც ტკბილი აღმოჩნდა, მაგრამ მალევე
მივხვდი, რომ ამის ფუფუნება ხშირად არ მომეცემოდა. მიზეზები მოგვიანებით გავაცნობიერე…

ყოველი ჩვენთაგანი დაბადებიდან გავდივართ დიფერენცირებული სოციალიზაციიის პროცესს, რაც გულისხმობს ბიჭებისა და გოგონების კარდინალურად განსხვავებული მეთოდებით, დამოკოდებულებითა და სტერეოტიპებით აღზრდას. ჟან მორისს რომ
დავესესხოთ, არ არსებობს ცხოვრების ასპექტი, რომელიც არ არის გენდერით გაჯერებული. გენდერულად დიფერენცირებულია, თითქმის, ყველაფერი ჩვენს გარშემო. სათამაშოების მაღაზიაში, კინოსა და თეატრებში, კლასიკურ ლიტერატურაში – ყველგან ხაზი ესმება სქესთა შორის განსხვავებულობას.

შესაბამისად, ჩვენში ქალისა და კაცის მახასიათებლები იმდენად ღრმა ბავშვობიდან იდგამს ფესვებს, რომ ზრდასრულობაში მათ უპირობო მიღებაზე პრობლემა აღარ გვექმნება, რაც თავის მხრივ აფერხებს თვითგამორკვევის ურთულეს, თუმცა მნიშვნელოვან პროცესს. „ჩვენ ვაკეთებთ გენდერს“ ყოველდღიურობაში, რადგან საზოგადოება ჩვენგან ელის იმ ქცევას, რომელიც შესაფერისია ჩვენი სქესისათვის.

მეთვრამეტე საუკუნეში, ჟან–ჟაკ რუსო თავის პედაგოგიურ ნაშრომში „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ გვთავაზობდა ბავშვისთვის განათლების მიცემის მეთოდოლოგიურ სხვადასხვგვარობას. რუსოს სჯეროდა, რომ ბიჭებში მთავარი მათი გონებისა და აზროვნების განვითარება იყო, ხოლო გოგონებში – იმ გრძნობებისა და უნარჩვევების გამოღვიძება, რომელიც სამომავლოდ მათ კარგ დედობასა და ცოლობას განაპირობებდა. დაახლოებით ორას ორმოცდაათი წლის წინ, მსგავს შეხედულებებზე ღიად წერა საქილიკოდ არ ითვლებოდა.

დრო გავიდა და მოცემულობა შეიცვალა. ტრანსფორმაციულ საზოგადოებაში რუსოსეული შეხედულებების კალმით აფიშირება სამარცხვინო გახდა, მაგრამ მისი პრაქტიკაში განხორციელება ჯერაც მიღებულია.

ამას წინათ, რუსოს თანამედროვე მწერლის უოლსტონკრაფტის ნაშრომს ვკითხულობდი, რომელსაც იმის მტკიცება უწევდა, რომ ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ბიჭებისთვის, არამედ გოგონებისთვისაც მნიშვნელოვანია და სისუსტე არა ბუნებრივი ტრუიზმი, არამედ აღზრდის შედეგია. მსჯელობის თემა და რუსოსთან შერკინება მოძველებულად მეჩვენა. „ახლა სხვა დროა“, გავიფიქრე და წიგნი ამაყად გადავდე გვერდით. თუმცა, კმაყოფილების განცდა მალევე დავკარგე, როდესაც გონების სარდაფიდან ბავშვობის მოგონებებმა დაიწყეს ამოცოცება და ხელთ არასასიამოვნო ფაქტი ამომიყოლეს.

ფიქრებმა პირდაპირ სკოლაში, ფიზკულტურის დარბაზში დამსვა, თანაკლასელ გოგონებთან ერთად. ჩვენ ვჭორაობდით, ვხუმრობდით, ზოგიც შემდეგი გაკვეთილის ტექსტს იმეორებდა, მაგრამ ჩვენ არ ვვარჯიშობდით. ფიზკულტურის გაკვეთილი გოგონებისთვის ორმოცდახუთწუთიანი შესვენება იყო, განსხვავებით სტადიონზე მორბენალი თანაკლასელი ბიჭებისგან, რომლებიც მრწვრთნელობაშეთავსებულ მასწავლებელთან ერთად, ფეხბურთის თამაშით იყვნენ გართულნი. ისეთი არაფერია, არა? ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. ახლა სხვა თვალით ვუყურებ… სკოლა ჩემი სახლის წინაა. შესაბამისად, მაქვს ფუფუნება, ყოველდღე, სახლიდან სამსახურამდე, ბავშვობის მთავარ მოგონებასა და განუყრელ ნაწილს ავუარო და ჩავუარო. ქუჩიდან სკოლის სტადიონი ჩანს. სურათი ყოველ ჯერზე სრული სიზუსტით იმეორებს ბავშვობის კადრებს – ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ, გოგონები სტადიონს მიღმა ლაქლაქებენ. ვხვდები, რომ დიდად არაფერი შეცვლილა, ჩემი ბავშვობიდან კი არა, მერი უოლსტონკრაფტის ახალგაზრდობიდან, აი იმ დროიდან, გოგონების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელოვნების მტკიცება რომ უწევდა… სწორედ იმიტომ, რომ არაფერია რადიკალურად შეცლილი და გამოსწორებული, გარდა გენდერული პრობლემატიკის მეტი გათავისებისა. ~

ხშირად ჩნდება კითხვა: რა აიძულებთ ქალებს, უპირობო მორჩილებით თანაიარსებონ მასკულინურ სამყაროში და ერთგულად უპარტნიორონ ამ მანკიერებების შემოქმედებს?

სინადვილეში, ალბათ, პატრიარქალიზმის კლანჭებიდან გამოთავისუფლების სურვილი ბევრ ქალს აქვს, მაგრამ ნურავის ეგონება, რომ დევიანტობა მარტივად მოსარგები ტყავია. როგორი დამაჯერებლობითაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სხვების აზრი არ გვადარდებს,
გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ბევრ რამეს სწორედ სხვების დასანახად ვაკეთებთ. ამის დასტური ნებისმიერი ბანალური მაგალითი შეიძლება იყოს, თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურობიდან. ერთი მხრივ, ეს ბუნებრივია. ჩვენ ვცდილბთ, თავი მოვაწონოთ საზოგადოებას, მისაღები და მოსაწონი ვიყოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. და რა არის ამისათვის საჭირო? – ნიჭიერად შეასრულო ის როლი, რომელიც გერგო. ცხოვრება სცენაა, საზოგადოება – რეჟისორი, რეჟისორის აზრი კი მსახიობის მთავარი არსია მის ცხოვრებაში. შესაბამისად, მსახიობი მაქსიმალური ძალისა და ნიჭის გამოყენებით ცდილობს, მოირგოს ის როლი,
რომელიც რეჟისორმა მისცა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქალები, როგორც უოლსტონკრაფტი იტყოდა, თავიანთი რეალური თავიანთი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ჯილდო კი საზოგადოების განწყობაა. რაც ნაკლებად გადაუხვევ დადგენილ ნორმებს, მით ნაკლები პრობელმა იქნება შენს ცხოვრებაში.

მაგრამ მაინც…

ცხოვრება მიდის, საზოგადოება ვითარდება, მის განვითარებას კი აუცილებლად მივყავართ იმ შედეგებამდე, რომლისთვისაც ქალები საუკუნეების მანძილზე იბრძვიან.

და მეც, ერთი დიდი ქალის მსგავსად, იმედი მაქვს, რომ ისევ დაიბადება შექსპირის და, რომლის დასახვედრადაც ჩვენ მზად ვიქნებით.