ბლოგები

მთელი ერი ჩემი იღლიის სადარაჯოზე

მარი კურტანიძის ბლოგი

უკვე დაახლოებით 12 წელია, ანუ ზუსტად, ჩემი ცხოვრების ნახევარი(!!!), ვისმენ, ვუყურებ, განვიცდი ჩემი და ჩემი მეგობრების, ნაცნობების თუ უცნობი გოგოების ტანჯვას… ესაა ომი, ყოველდღიურობად ქცეულ, ხელჩართულ, თავგამოდებულ ბრძოლათა დაუსრულებელი სერია!

იწყება ფეხით და იღლიით. გრძელდება წარბებით, შემდეგ – ბაკებით. ტუჩის მიმდებარე არე… ხელები… წელს და მუცელს ხომ არ დატოვებ ისე? ახლა უკვე ბოქვენზე, დუნდულებზეც. თმის დაპუტვა, მოგლეჯვა, მოშორება ყველა შესაძლო საშუალებით, სხეულის ყველა შესაძლო ნაწილიდან.

სცენარი – ეპილატორი

კანის 2-3 საათიანი წიწკნა, რომელსაც თუ გაუძელი და თმის ამოგლეჯვის მიზანს წარმატებულად მიაღწიე, თან სდევს რამდენიმესაათიანი დაწითლებულ/დაკოპლილი კანი. შედეგი: რამდენიმე დღით შემსუბუქებული ტანჯვა, რომლის შემდეგაც თმა ამოსვლას ისევ იწყებს, ოღონდ ამჯერად – ალაგ-ალაგ ჩაბრუნებული, – გართულების, დაჩირქების და კანის გაღიზიანების შესაძლო პერსპექტივებით, სულ მცირე, რამდენიმე ადგილას.

საპარსი

მათთვის, ვისთვისაც რამდენიმე საათი გლეჯვა/წიწკვნა აუტანელი პროცესია, მარტივი პარსვის პროცედურა არსებობს. თუმცა, თმაც ასევე მარტივად, მხოლოდ ერთ დღეში უბრუნდება საწყის პოზიციებს კანზე. ამჯერად, უფრო მხნედ! მჩხვლეტავ/მკაწვრელი საფარი კანის ზედაპირის “სასიამოვნო” განცდისათვის. მის თავიდან ასარიდებლად რეკომენდირებულია დღეში სამჯერ პარსვა, გიჟივით: აბა ვინმემ ხელი რომ აგისვას შემთხვევით, ან ეს შავი წამოყოფილი თმა შეამჩნიოს, ხომ მოგეჭრა თავი! ბრიტვის ჩანთით ტარებას წინ რა უდგას? სამსახურშიც შეგიძლია იპარსო და იყო, მოიფიქრებ რამეს ადამიანი…

ბიოეპილაცია

გაცხელებული წებოვანი ხსნარი სხეულზე. ერთი ხელის მოსმით ადღლეზილი, კანთან და თქვენს ნერვებთან ერთად. თუ თქვენით ეჭიდებით ამ პროცედურას, იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ თითქმის ყველაფერი თქვენ გარშემო ამ წებოთი იქნება მოთხვრილი, განსაკუთრებით – კანი. იმ შემთხვევაში, თუ ფულის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ, ადღლეზვაში ფული გადაიხადოთ და ყოველ მეათე დღეს სალონებში იაროთ.

ელექტრონული ეპილაცია

აპარატი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეული თმის ღერის სათითაოდ, სათითაოდ განეიტრალება! ელექტროენერგიის შეყვანა სხეულში ჩემი საყვარელი პროცედურაა. ერთი საათის განმავლობაში გამოცდილი და სწრაფი პროფესიონალის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა (60 წუთი – 60 წამზე – 3600; 4 წამში თითო ჩხვლეტა) 900-1000-ჯერ გიჩხვლიტონ ნემსი კანში. ამის გამეორება თითოეული ღერისთვის მხოლოდ 3-4 ჯერ მოგიწევთ; ამბობენ, კანზეაო დამოკიდებული. მაგრამ, მერე რა- სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს?

ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს, მარტივად აგვარებს ბევრი ფული: მთელ სხეულზე ეპილაცია ცვილის,დიოდის, ყინულის თუ ათასი ახალი გამოგონებით 2-3 საათში შეგიძლიათ, თვეში სულ რაღაც 300-400 ლარად. გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ამდენი ეპილაცია საბოლოოდ კანის კიბოს ან სხვა რამე უბედურებას არ აგკიდებთ, მაგრამ თმასთან ბრძოლისთვის ყველა გზაა გამართლებული. ხომ გსურთ საზოგადოებაში მიღებული და მოწონებულნი იყოთ?

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! მსხვერპლად იგი ან თქვენს ნერვებს იწირავს, ან დროს, ან ფულს, ან მტანჯველ ტკივილს მოითხოვს, სხვადასხვა ხარისხისას. ან შესაძლოა ეს ყველაფერი ერთდროულად, კომპლექტურად გერგოთ.

და რატომღაც, ამ ისტერიულ ბანჯგვლთან ბრძოლაში ჩართული მსხვერპლი, ძირითადად ქალია. ბანჯგვლების და ზოგადად სილამაზის სტანდარტების თემაზე საუბარი არ გამოვა იმ უსამართლობის ხაზგასმის გარეშე, რომელიც ქალებს და კაცებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს და რომელიც განსხვავებულ სტანდარტს გვიწესებს.

ჩვენ, ქალებს, არ გვაქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. დიახ, გვიშლიან. გვიშლიან ბანჯგვლიან სიარულს, რადგან ვიცი, თუ დიდი ხნის გაუპარსავი ფეხით და იღლიით გამოვალ ქუჩაში, ჩემზე თითის შვერას და დაცინვას დაიწყებენ, მომაკერებენ „ბინძურის“ იარლიყს ან ათას ალტერნატიულ შეურაცხყოფის გზას მოიფიქრებენ! ასე რომ, მე არ მაქვს თავისუფალი ნება, ვიყო ბანჯგვლიანი. ეს მანამ იქნება ასე, სანამ დაცინვის და შეურაცხყოფის ფასად მომიწევს ამის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ კაცებს გაცილებით უფრო „არაესთეტიკური“, გრძელი და უხეში ბანჯგვლები აქვთ, მათ არავინ სთხოვს, ყოველდღე იპუტონ თმა. რატომ ვავრცელებთ გაცილებით უფრო მაღალი “ესთეტიკურობის” მოთხოვნას ქალებზე? რატომ არის ბანჯგვლიანი კაცი ესთეტიკური და მისაღები, ხოლო ქალი არა?

რატომ გვიწევს გოგოებს/ქალებს მუცელზე, წელზე, ხელებზე, თუნდაც ფეხებზე ღინღლების დაპუტვა-დაგლეჯვა? რატომ ითვლება ქალი ბინძურად, თუკი ფეხზე თმა აქვს, მაშინ როცა კაცის ფეხზე თმა ჰიგიენურად არის მიჩნეული?

პასუხი: იმიტომ, რომ ქალი კაცისთვის შექმნილი ნივთია, რომელიც უბადლოდ უნდა გამოიყურებოდეს და ემსახურებოდეს კაცს. იმიტომ, რომ პატრიარქალურ სისტემაში კაცები ქალების დაქვემდებარებული როლით სარგებლობენ. იმიტომ, რომ ქალების დღის წესრიგს ეს მჩაგვრელი სისტემა განსაზღვრავს. კაცები გვაიძულებენ, დავიჯეროთ, რომ ჩვენი მთავარი დანიშნულება ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვაა, რადგან სწორედ ასე შევძლებთ, ვიყოთ სასურველნი, რომ არ გვჭირდება, სხვა საზრუნავი გვქონდეს, გარდა იმისა, რომ კაცების სასურველი „მოსატყნავი ობიექტები“ ვიყოთ. რაც უფრო მეტს აუდგება ჩვენზე, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ სასურველი კანდიდატი გვერგოს წილად. უფრო ადვილად „გავსაღდებით და ჩავბარდებით პატრონს“, რომელიც შემდეგ იამაყებს იმით, რომ ასეთ „მაგარ ნაშას ტყნავს“.

უნდა ვაღიაროთ რეალობა! რეალობა, რომელიც ქალზე, მის სხეულზე და მის ნებაზე ბატონობს და უსაზღვრავს ცხოვრების წესს. ქალებს ძალიან დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა გვჭირდება თავისუფლების მოსაპოვებლად! ბრძოლა იმის გააზრებით იწყება, რომ ყოველდღიური მარაზმი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი არჩევანი არაა, იგი პატრიარქატის, ქალების სისტემური ჩაგვრის და დაქვემდებარებულ როლში ყოფნის შედეგია და მისი დასრულება მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია.

ქალის გათავისუფლება პირველ რიგში იმის გააზრებით იწყება, რომ იგი განკარგავს საკუთარ სხეულს! მასზე ბატონობის უფლება არც ინდივიდს აქვს და არც – სოციუმს! ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა არჩევანის უფლებისთვის, ბრძოლა უფლებისთვის, გამოვიყურებოდე ისე, როგორც მსურს, დაცინვის და დამცირების შიშის გარეშე.

ჩემი სხეული ჩემი საქმეა. შესაბამისად, ჩემი ბეწვის სიგრძესაც მე გადავწყვეტ! ხოლო მათ, ვინც ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი თემა არაა, გთხოვთ გაიაზროთ, რას ნიშნავს, ცხოვრობდე სოციუმში, სადაც ბანჯგვლის ზომასაც კი საზოგადოება გიწყვეტს.