სილამაზის კონკურს „მის ამერიკის“ მონაწილეებს სცენაზე საცურაო კოსტიუმებში ვეღარ ვიხილავთ. შეიცვლება თავად კონკურსის ფილოსოფიაც: აშშ-ში ულამაზესი გოგონას სტატუსის განსაზღვრისას, მას მხოლოდ ფიზიკური მიმზიდველობით აღარ შეაფასებენ.
„ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ სილამაზის კონკურსი, ამიერიდან, ჩვენ შეჯიბრს ვატარებთ. ჩვენს მონაწილეებს მხოლოდ გარეგნობით აღარ შევაფასებთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გრეთხენ კარლსონმა (Gretchen Carlson), კონკურსის ყოფილმა გამარჯვებულმა, რომელიც ამა წლის დასაწყისიდან მის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს.
კონკურსის ის ელემენტი, რომლის დროსაც მონაწილეები სცენაზე საცურაო კოსტიუმებში გამოდიან, ჩანაცვლდება ტიტულისთვის მებრძოლ პრეტენდენტებთან ინტერვიუებით: ისინი ისაუბრებენ თავიანთი მისწრაფებების, ინტერესების ესახებ და იმაზე, თუ როგორ ესმით ტიტული „მის ამერიკის“ მფლობელის ამოცანები.
„ჩვენთან გოგონების უამრავი წერილი შემოდიოდა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან სურდათ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ უარს აცხადებდნენ სცენაზე საცურაო კოსტიუმში და ქუსლებზე გამოჩენაზე. აი ახლა, მათ ამის გაკეთება აღარ მოუწევთ. რომელ გოგონას აღარ მოუნდება ახალი შესაძლებლობების გამოყენება, სიძლიერის შეგრძნების განცდა, ლიდერის თვისებების შეძენა, სწავლის საფასურის გადახდის უნარის მოპოვება და მთელი მსოფლიოსთვის საკუთარი თავის ჩვენება ისეთის, როგორიც სინამდვილეშია? სწორედ შინაგანი ღირსებების მიხედვით შეფასდება ყველა“, – ამბობს კარლსონი.
კონკურსის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სემ ჰასკელი (Sam Haskell) და ფონდ Miss America Organization-ის პრეზიდენტი ჯოშ რენდლი (Josh Randle) შარშან იძულებულნი გახდნენ, თავიანთი პოსტები დაეტოვებინათ, რადგან საიტმა Huffington Post მათი შიდა მიმოწერა გამოაქვეყნა.
ელექტრონულ მიმოწერაში, ჰასკელი და რენდლი კონკურსის მონაწილეებს, მათ გარეგნობას, ინტელექტსა და სქესობრივ ცხოვრებას დამამცირებლად მოიხსენიებდნენ.
მათი წასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭოში დაინიშნა კონკურსის სამი ყოფილი მონაწილე, კარლსონის მეთაურობით.
ტელეარხ Fox News-ის ყოფილი წამყვანი, 51 წლის კარლსონი დღეს სექსუალური შევიწროებისგან დაზარალებული ქალების უფლებებისთვის იბრძვის, და კამპანია #MeToo-ს აქტივისტია.
წყარო: bbc.com