ქალზე ძალადობა

მსოფლიოში ყველაზე მეტი ქალი ოჯახში ძალადობის შედეგად იღუპება

გაეროს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, 87 000 ქალი მოკლეს, მათგან ნახევარზე მეტი კი პარტნიორის ან ოჯახის წევრის მსხვერპლი გახდა.

გაეროს ახალი ანგარიშის დასკვნით, ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი მათივე სახლია.

გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ, კვირას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გამოაქვეყნა ჰომიციდთან დაკავშირებული გლობალური კვლევა: გენდერის ნიშნით ქალთა და გოგონათა მკვლელობა. ანგარიშში საუბარია 2017 წელს, მსოფლიოს მასშტაბით,  ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც მოიცავს პარტნიორების მხრიდან ძალადობას, ან ოჯახის წევრების მიერ მზითვის გამო ჩადენილ ან ე.წ “ღირსების” მკვლელობებს.

გასულ წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათგან ნახევარზე მეტი (50 000, ანუ 58 %) – პარტნიორმა ან ოჯახის წევრმა. მესამედზე მეტი ქალი (30 000)  მოქმედი ან ყოფილი პარტნიორის მსხვერპლი გახდა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში, ყოველ საათში, თავისივე ნაცნობის ხელით 6 ქალი კვდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, კვირას, პრობლემის ხილვადობის საერთაშორისო დღეს,  ამ ტენდენციას ქალთა მიმართ ძალადობას “გლობალური პანდემია” უწოდა.

“ეს მორალური შეურაცხყოფაა ყველა ქალისა და გოგონასთვის, სამარცხვინო ლაქაა  ჩვენი საზოგადოებებისთვის და თანასწორი და მდგრადი განვითარების მთავარი დამაბრკოლებელია”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით: “ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, თავისი არსით, არის უპატივცემულობის გამოვლინება – ქალთა თანაბარი უფლებებისა და ღირსების არაღიარება კაცების მიერ. აღნიშნული ადამიანის უდლებების საფუძველმდებარე პრობლემაა”.

გაეროს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქალები გაცილებით მოწყვლადნი არიან ოჯახური ძალადობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მიმართ, ვიდრე კაცები. კვლევის მიხედვით, ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლთა 82%-ს ქალები, ხოლო 18%-ს კი კაცები შეადგენენ.

“მართალია, ზოგადად მკვლელობის მსხვერპლები კაცები უფრო ხშირად ხდებიან, მაგრამ ქალებს გენდერული უთანასწორობით, დისკრიმინაციითა და უარყოფითი სტერეოტიპებით ძალიან მაღალი ფასის გადახდა უწევთ. ამასთან, ქალები უფრო ხშირად შეიძლება გახდნენ ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლნი”, აცხადებს გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი იური ფედოტოვი.

2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელთა მიხედვითაც ქალთა მკვლელობების 47% (48 000) ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი, კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზრდილია.

2017 წლის  მონაცემებით მკვლელობების გეოგრაფია ასეთია: აზიაში ყველაზე მეტი (20 000) ქალი მოკლა პარტნიორმა ან ოჯახის წევრმა. აზიას აფრიკა  (19 000), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (8 000), ევროპა (3 000) და ოკეანეთი (300) მოსდევს. გაეროს მიხედვით, აფრიკაში 10 000 ქალიდან 3,1 ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მსხვერპლი ხდება და ამ მონაცემით აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ქალები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, გახდნენ მკვლელობის მსხვერპლნი პარტნიორის ან ოჯახის წევრის მხრიდან.

huffingtonpost.com

თარგმანი: ანა გვალია