ამა წლის 26 ივნისს, ნიდერლანდების პარლამენტის ზედა პალატამ საზოგადოებრივ ადგილებში მუსლიმური სამოსის სახის დამფარავი ელემენტების აკრძალვა დაამტკიცა.
კერძოდ, საქმე ეხება ფარანჯას, ჩადრსა და ბურქას. საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ თმის დამფარავი თავშლის ტარება კვლავ ნებადართული იქნება.
კანონის თანახმად, ტერმინ „საზოგადოებრივ ადგილში“ იგულისხმება ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულება, საავადმყოფოები, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებების შენობები. კანონის დარღვევაზე ჯარიმა 400 ევრო ან $466-ია დაწესებული.
კანონის მომხრეების მტკიცებით, იგი უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ნიდერლანდების მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ აკრძალვა გამოწვეულია არა რელიგიის შეზღუდვის მიზნით, არამედ – კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოსაზრებებით.
ნიდერლანდების შინაგან საქმეთა მინისტრის კაისა ოლონგრენის (Kajsa Ollongren) თქმით, ახალი კანონი „სამართლიანად აბალანსებს“ „ჩაცმის თავისუფლებასა“ და „საზოგადოებისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესს“. მან დასძინა, რომ ძირითადი უფლებების დარღვევის გვერდის ავლით, დასახელებული კანონი მუსლიმ ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის საშუალებას მისცემს.
ანტიისლამური რიტორიკით ცნობილმა გერტ ვილდერსის (Geert Wilders) “თავისუფლების პარტიამ“ კანონპროექტის მიღება დიდ გამარჯვებად შეაფასა, ხოლო სენატორმა მარჟოლეინ ფაბერ-ვან დე კლაშორსტმა (Marjolein Faber-Van de Klashorst) განაცხადა, რომ „ ეს დღე ისტორიული იყო, რადგან ქვეყნის ისლამიზაციისგან გათავისუფლებისკენ გადადგმული პირველ ნაბიჯს უკავშირდებოდა“.
დასახელებული კანონპროექტი ქვეყნის ქვედა პალატამ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, თუმცა, მაშინ მისი ბოლომდე დამტკიცება ვერ მოხერხდა.
მსგავსი კანონები უკვე მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, დანიასა და ავსტრიაში.
ამა წლის მაისში, დანიის პარლამენტმა მოიწონა კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში სახის დამფარავი სამოსის (ფარანჯა, ნიქაბი) ტარებას კრძალავს.
წყარო: time.com