სექსუალობა

ორსულობისგან თავის დაცვა მშობიარობის შემდეგ და გადაუდებელი კონტრაცეფცია, ანუ მეორე დღის აბები

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

  1. გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების ნაცვლად არსებობს ძალიან კარგი და ეფექტური საშუალება – სპილენძის სპირალი. სპილენძი სპერმატოზოიდების ღამის კოშმარია. შესაძლებელია ჩადგმა დაუცველი სექსიდან 5 დღის მანძილზე და იქვე დატოვება მომავალი 12 წელი, თუ გინდათ.
  2. თავად morning-after-pill, ანუ დაუცველი სექსის მეორე დილას დასალევი აბი

სინამდვილეში მათი მიღება შეიძლება სექსიდან რამდენიმე დღის მანძილზე.

არსებობს ორნაირი აბი:

  1. აბი ლევონორგესტრელით (ესკაპელი). იყიდება ურეცეპტოდ. ყველაზე ეფექტურია სექსიდან 3 დღის მანძილზე. რაც ადრე – მით უკეთესი. 5 დღის შემდეგ აზრი არ აქვს. დაორსულების შანსს ამცირებს 75-89%-ით. ნაკლებად ეფექტურია ჭარბი წონის ადამიანებისთვის (ამ შემთხვევაში, უმჯობესია მეორე აბი ან სპირალი). თუ მიღებიდან 2 საათში აღებინეთ – თავიდან უნდა დალიოთ. თუ მენსტრუაცია მიღებიდან 3 კვირაში არ მოგივიდათ – გაიკეთეთ ორსულობის ტესტი.
  2. აბი ულიპრისტალის აცეტატით – შეგიძიათ მიიღოთ 5 დღის მანძილზე (ერთნაირად ეფექტურია 1-ელ დღესაც და მე-5 დღესაც). ესმია ჰქვია საქართველოში, გაიცემა რეცეპტით. ამცირებს დაორსულების შანსს 85%-ით. თუ ბავშვს ძუძუს აჭმევთ – მიღებიდან შემდეგი 24 საათი არ აჭამოთ. თუ ჰორმონულ კონტრაცეფციას იღებთ ზოგადად და ეს იმიტომ გჭირდებათ, რომ რაღაც აურიეთ – ჯობია, ესკაპელი მიიღოთ ან სპირალი ჩაიდგათ, ეს ნაკლებად ეფექტური იქნება. თუ შემდეგ მენსტრუაციამდე კიდევ დაგჭირდათ მიღება – მიიღეთ ისევ ეს და არა ესკაპელი.

თუ მიღებიდან 2 საათში აღებინეთ – თავიდან უნდა დალიოთ. თუ მენსტრუაცია მიღებიდან 3 კვირაში არ მოგივიდათ – გაიკეთეთ ორსულობის ტესტი. მენსტრუაცია შეიძლება მოგივიდეთ ადრე, გვიან, იგივენაირად, მეტი ან ნაკლები.

არ შეიძლება ამ საშუალებების რეგულარულ კონტრაცეფციად ხმარება, რადგან არ არის ეფექტური და მაინც დაორსულდებით!

არ შეიძლება ამათი ერთად დალევა ან 5 დღეზე ადრე დალევა. ერთმანეთს ხელს შეუშლიან და დაორსულდებით.

არ დალიოთ საჭირო დოზაზე მეტი, უფრო ეფექტური მაინც არ იქნება და შეიძლება, ცუდად გაგხადოთ.

რამდენჯერმე შემხვდა პოსტები, დღეს მომიწია, მერე კიდევ მომიწია და მერე კიდევ დალევაო.

აუცილებლად დაორსულდებით ასეთი ხშირი მიღებით, იმიტომ, რომ ეფექტური არ იქნება არც ერთი აბი. ამას ჯობია, სულ არ დახარჯოთ ფული და პირდაპირ აბორტისთვის გაემზადოთ.

ან მოიქეცით გონივრულად და გამოიყენეთ წესიერი თავდაცვა!

ეს საშუალებები არ იწვევს აბორტს! ორსულად რომც იყოთ და დალიოთ, მუცელი არ მოგეშლებათ. ისინი უბრალოდ ხელს უშლის დაორსულებას.

და ბოლოს:

თავის დაცვა მშობიარობის შემდეგ, რა შეიძლება და როდის?

მაშინვე შეიძლება:

ქალის ან მამაკაცის კონდომი, საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი, მინი-პილი (ანუ მხოლოდ პროგესტერონის შემცველი).

მშობიარობიდან 48 საათის მანძილზე (!) შეიძლება:

საშვილოსნოსშიდა საშუალება (თუ ვერ მოესწრო, შემდეგ 4 კვირა მოცდაა რეკომენდებული);

მშობიარობიდან სამ კვირაში შეიძლება კომბინირებული, პროგესტერონ-ესტროგენიანი საშუალებები:

კომბინირებული აბი;

დასაკრავი კონტრაცეფცია;

საშოს რგოლი (ზოგი რეკომენდაციით, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თრომბოზის რისკი გაქვთ – 6 კვირა მოცდაა საჭირო).

მშობიარობიდან ოთხ კვირაში შეიძლება:

საშვილოსნოსშიდა საშუალება, თუ 48 საათში ვერ მოესწრო.

მშობიარობიდან 6 კვირაში შეიძლება:

კომბინირებულები, რაზეც იცდიდით ძუძუთი კვების გამო;

ასევე, დიაფრაგმა და საშვილოსნოს ყელის “თავსახური”, მაგრამ ზომა შეგეცვლებათ და გაითვალისწინეთ.