ბლოგები / რა უნდა იცოდე ძალადობაზე / სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა

როგორ ვამხილოთ მოძალადე?

ბაია პატარაიას ბლოგი

ამას წინათ ფეისბუქ სტატუსში ვწერდი, უსექსობა ქვეყნის მთავარ პრობლემად იკვეთება-მეთქი, ცხადია, ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი ვიტყვი, რომ – მეტ სექსუალურ თავისუფლებას მეტი პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჯერჯერობით, ქვეყანაში „გაუპატიურების კულტურა“ გვაქვს, სადაც კაცის მიერ ქალზე სექსუალური ურთიერთობების დაძალება, შევიწროება, მანიპულაცია და ფიზიკური ძალადობაც კი ნორმალიზებულია. ჩვენ გვჭირდება სხვა კულტურის დანერგვა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე  და თანხმობაზე დგას.

სექსუალურ შევიწროებაზე გამართული საჯარო დისკუსიები სწორედ ამ ახალი ქცევისა და კულტურის დანერგვის მცდელობაა. ამ ბოლოს დროს გააქტიურდა მხილების თემა. შეიქმნა ქალთა ჯგუფი „ამხილე მოძალადე“ და კაცების ჯგუფი „ამხილე ამორძალი“; ეს უკანასკნელი სათაურიან-შინაარსიანად აბსურდია, რადგან მოძალადის მხილებას არც კი ისახავს მიზნად და სრულ სიმახინჯედ შეიძლება იქცეს. ამ ამბებიდან კი ისევ ქალები გამოვლენ დაზიანებულები.

მხილება საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ქვეყანაში ქალს რომ უარესად არ შემოუბრუნდეს საკუთარი მსხვერპლობა, გარკვეული წესების დაცვა მოუწევს.

რა დაიცავს მსხვერპლ ქალს? რა დაეხმარება მას საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში?

  1. ქალი უნდა გაერკვეს რეგულაციებში, რა არის კანონით სექსუალური შევიწროება, რა არის სექსუალური დანაშაული და რა არის – უბრალოდ უკულტურობა და ველური ქცევა, რომელიც სამართალდარღვევა არ არის.
  2. ქალმა, თუნდაც ანონიმურობის შენარჩუნებით, საჯარო მხილებისას აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს კანონიერ ორგანოებთან: ომბუდსმენი, სასამართლო, პოლიცია. ამ ორგანოებისთვის ქალი უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და თანამშრომლობდეს მათთან.
  3. ქალს სჭირდება მტკიცებულებები. მსხვერპლის მთავარი და ძირითადი მტკიცებულება მისივე ჩვენებაა. ჩვენება შეიძლება იყოს იმდენად კარგი, თანმიმდევრული და ზუსტი, რომ ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებდეს. ქალის ჩვენებას დაემატება მოძალადის ჩვენება, მოხდება კონტექსტის შესწავლა, სხვა ირიბი მტკიცებულებების შემოწმება და ასე შეიქმნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც არამარტო ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვისაც საკმარისია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არსებობს ისეთი მტკიცებულებებიც, რაზეც მსხვერპლს არ უფიქრია. ამიტომ გაიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გამოძიება, სასამრთლო, ომბუდსმენი ვერ შეაგროვებს საკმარის მტკიცებულებებს, ის ფაქტი, რომ ქალმა სრულად იდავა კანონიერ ორგანოებთან, მიგვანიშნებს მისი პოზიციების სიმყარეზე. თორემ ძველ დანაშულებზე მტკიცებულების შეგროვება რომ ძალიან უჭირს ჩვენ გამოძიებას, არახალია.

თუ საჯარო ბრალდება, გნებავთ მხილება, არ ეფუძნება ზემოთხსენებულ კომპონენტებს, წარმოიშობა პრობლემები, ეჭვქვეშ დგება სანდოობა, შესაძლოა, მსხვერპლს უჩივლონ ცილისწამებაზე, აწარმოონ შავი პიარი ქალის წინააღმდეგ და ა. შ. ამიტომ, მსხვერპლს სწორედ კანონიერი გზების გამოყენება იცავს ზედმეტი პრობლემებისაგან.

და ბოლოს, გავიხსენოთ სამართლის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – ახალ კანონს უკუძალა არ აქვს, ანუ ის, რაზეც შევთანხმდებით დღეს, წესად ვერ გავრცელდება წარსულზე. თუ ჩვენ დღეს ახალ წესებს ვადგენთ და ახალი კულტურა შემოგვაქვს, ის ძირითადად მომავალზე იქნება ორიენტირებული, ხოლო გაუპატიურება და მძიმე ძალადობები ყოველთვის იყო, არის და იქნება დანაშაული.


ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.