მე ლილე მქვია. ახლა ისე ცუდად ვარ, რომ არ დავწერო, ალბათ მოვკვდები… მინდა, დავწერო, რაც მანგრევს და თან ბევრი ვიტირო, ვიტირო, ვიტირო, ამოვიღო გულიდან ყველაფერი და ხვალ ისევ აქ მოვბრუნდე და ყველაფერი წავშალო…
ახლა ისე ცუდად ვარ, ახლა ისე მინდა, ვიღაც ძალიან ჭკვიანი ადამიანი მყავდეს გვერდით, მისმენდეს და მითხრას გამოსავალი…
ვერა და და ვერ შევიგნე, რომ ამდენი გამოცდილებით ჩავიდო თავში, რომ ყველაფერი მე თავად უნდა გავაკეთო, რომ არ უნდა ველოდო არავის დახმარებას, რომ ჩემს მაგივრად არავინ გადადგამს ნაბიჯებს და ჩემ მაგივრად არავინ გადამარჩენს, და მით უმეტეს სასწაული არ მოხდება და ერთი ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ყველაფერი არ დამთავდება და არ შეიცვლება.
ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, ლილე, არაა, და ახლა უკვე დიდი ვარ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი წელი მჯეროდა სასწაულების. რითი ვეღარ შევიგნე, რომ მე თვითონ, მე თავად უნდა დავიწყო ჩემი თავის გადარჩენა.
მყავს სამი შვილი, მოძალადე ქმარი, რომელიც მანადგურებს, მკლავს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ძალადობს, სახეში მაფურთხებს, როცა კი მოუნდება, მირტყამს, როცა კი მოეპრიანება, და ამ ყველაფერს ვითმენ და ძალიან ვაჟკაცურად ვითმენ… ვითმენ ჩემი შვილების გამო, თავს ვწირავ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შვილების გამო და ისეთ შეურაცხყოფებს ვიტან, ისეთ ენით აუწერელ ზეწოლას, რომ ამას მხოლოდ ძლიერი ადამიანი თუ გაუძლებდა.
მე ამას ვუძლებ, რადგან დიდი უდიდესი მოტივაცია მაქვს, ცოტაც მოვითმინო, გაიზარდონ შვილები. ღმერთო, ასეთ შეურაცხყოფას ჩემი ხასიათით არასოდეს არავის ვაპატიებდი, მაგრამ თურმე დედის სული ასეთი ყოფილა… ერთადერთი ადამიანები ჩემი შვილები არიან, რომელთა გამოც ამას ვიტან. სხვა შემთხვევაში ან თავს მოვიკლავდი, ან მოკლავდი და ციხეში წავიდოდი…
თავის მოკვლის დიდი სურვილი და პატარა მცდელობაც მქონდა, მაგრამ ისევ ჩემი შვილების დიდი სიყვარული მაჩერებდა, ახლა ხომ შვილების გამო ვითმენ, რომ მოვკვდები, ვეღარ ვნახავ და უზომოდ მომენატრებიან-მეთქი და ამ შეგრძნებამ არ გამიშვა, რომ თავი მომეკლა… ასევე, მინდოდა, მივსულიყავი და მომეკლა ისე, როგორც გამუდმებით მე მემუქრება, მაგრამ არა… მერე მე ციხეში ვიქნები და ისევ შვილები? – მომენატრებიან უზომოდ… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რატომ შეიძლებოდა, ადამიანითვის დამერტყა ან გული მეტკინა. არ მოგწონს? – კარგად იყავი და მორჩა, მაგრამ წლების განმავლობაში ვარ მონურ მდგომარეობაში, დამცირებაში, საშინელ შეურაცხყოფებს ვითმენ, ვისმენ და ხმას არ ვიღებ… ღმერთო! ამის მეოთხედსაც ვერ აიტანდა ის ადამიანი!
ვინც ამ დროს ქალს გაამტყუნებს… ხომ იცით, მონასაც ერთხელ ყელში ამოსდის ყველაფერი, ჭკუიდან გადადის და წერტილს უსვამს ყოველივეს… მე, რომელსაც ქუჩაში სხვები დამიცავს, ჩემი მებრძოლი ხასიათით ქალს გადავფარებულვარ ქუჩაში, როცა ქმარი აპირებდა ძალადობას მასზე, მე რომელიც რისკის ფასად მეტროს ვაგონში გოგოს დავეხმარე ბიჭის მხრიდან ძალადობისას, და კიდევ რამდენი…
ბევრჯერ დავხმარებივარ ადამიანებს სიტყვით, ისე მივდგომივარ, რომ თამამად ვიტყვი გადამირჩენია და განმიმუხტავს მშვიდობიანად სიტუაცია, და ახლა საკუთარ თავს ვერ ვშველი, მშიშარა ვარ, მეშინია, რომ დამარტყამს, მეტკინება და თავს ვიმცირებ, რომ ძლიერად არ მომხვდეს მოძალადის ხელი, მეშინია, რომ აასრულებს მუქარას და როგორც თვითონ ამბობს, რადგანაც მე ვერ ვსწორდები, გამომფატრავს…
მეშინია, როცა გამომფატრავს, ძალიან მეტკინება, ძალიან მეშინია ამ ტკივილის, და ყველაზე მეტად მეშინია, რომ მომკლას და ვერ გადამარჩინონ? მერე ჩემს შვილებს ხომ ვეღარ ვნახავ? ხომ დზალიან მომენატრებიან? რა მეშველება მერე? მერე ხომ ვინანებ? რისთვის ვითმენდი, თუ მაინც ასე დასრულდებოდა ყოველივე? არ ჯობდა, წავსულიყავი ჩემი შვილებით თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა, მაგრამ გამარჯვებულს?
ძალიან დიდი ხნის მანძილზე, თვითშეფასება ნულამდე მქონდა დასული, სულ მქონდა საშინელი მტანჯველი განცდა, რომ მე ვარ დამნაშავე, რომ ასე მექცევა, მე ვარ ცუდი დედა, ცუდი დიასახლისი, ცუდი მეუღლე, ცუდი ქალი, არაფერი არ ვიცი არაფერი არ გამომდის. ამის დიდხანს მჯეროდა, მაგრამ შემდეგ გამოვძვერი ამ ფიქრებისაგან და ახლა ვიცი, რომ არაფერი მაქვს ამდენი დამცირების ასატანი, არაფერი მჭირს, არც მახინჯი ვარ, კარგი დედა ვარ, საჭმელები არაჩვეულებრივად გამომდის, მიყვარს სისუფთავე, ვარ კარგი დიასახლისი.
არ გაგეცინოთ და ამას ჯინაზე ვწერ, რადგან ქმარი სულ ამას მაგონებდა, რომ ვარ ცუდი ყველაფერში, მახინჯი, არაფერი გამომდის, და რომ აი სხვა ქალები უფრო “მაგრები” არიან და მაგიტომ ექცევიან ქმრები კარგად… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ღმერთო…
მიუხედავდ ყველაფრისა, მაინც მტანჯავს ეს აზრები, – რომ ისევ მე ვარ დამნაშავე ყველაფერში, რაც ხდება, თორემ ასე არ იქნებოდა ყველაფერი ახლა. მართლაც, სულ ეს შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ბრალია და ამიტომ ძალადობს. მაგრამ, მერე მაინც ვპასუხობ საკუთარ თავს, რომ რაც არ უნდა ვაშავებდე, მას მაინც არ აქვს ჩემზე ძალადობის უფლება… არ აქვს და მორჩა!!! და ისევ ამ დანაშაულის გრძნობით მეცოდება. მეცოდება მაინც ძალიან, იმის მერე, რასაც მიკეთებს… მაინც როგორ მეცოდება… ღმერთო, რაღაც მჭირს, გაორება, მგონი სრულ ჭკუაზე აღარ ვარ… როგორ შეილება, გეცოდებოდეს მოძალადე? თქვენ ხომ არ იცით, ამ ძალადობას რა ფორმები აქვს…
“დღეს მაღაზიიდან 5 წუთით გვიან ამოხვედი, ვიდრე გუშინ, რა ხდება, სად იყავი? არ გამოსწორდები – გამოგფატრავ! არა, შენ არ სწორდები, და საერთოდ რატომ ჩადიხარ მაგაზიაში?! მორჩა, აწი აღარ ჩახვალ! მწერ, მაღაზიაში ჩავდივარო და მე რა ვიცი, შენ იქნებ სულ სხვაგან მიდიხარ? აწი სულ სახლში იჯდები, მორჩა, მარტო ბავშვებს სკოლაში წაიყვან-მოიყვან და ისიც ყველა ნაბიჯი მომწერე!”.
და ასეც ხდება – ყველა ნაბიჯს ვწერ, ყველა ნაბიჯს… ეს უზომოდ დამამცირებელია. ვაი ჩემს დღეს, როცა სანამ მივეჩვეოდი, გადარბენაზე, ბავშვებით, დამვიწყებია მიწერა “წავედი მოვედის”… ღმერთო, აი მაშინ ყოფილა, რაც ყოფილა…
რატომ ვითმენ ამდენს? რატომ ვინგრევ თავს? საშინელი ნევროზი მაქვს და ხანდახან უკვე მგონია, რომ გავაფრენ და ვეღარ გავუძლებ… ნუთუ ისევ სასწაულების მჯერა? ნუთუ ისევ მჯერა, რომ თავისთ მოგვარდება ყველაფერი?
ლილე, რა ვეღარ გაიგე, რომ ყველა ადამიანი თვითონ განაგებს თავის ბედს? თავის ცხოვრებას თვითონ ქმნის! ლილე, თუ შენ გინდა, შენ მაგიერ სხვამ გააკეთოს შენი გასაკეთებელი? შენ პატარა აღარ ხარ, ლილე, და ცხოვრებამ საკმაოდ განახა, რომ შენ თვითონ უნდა უშველო შენს თავს, რომ ერთხელ ცხოვრობ და ღირსეულად უნდა იცხოვრო და სულ ნუ ელოდები, რომ ვიღაც გაგიკეთებს შენს გასაკეთებელს…
შენ მარტო ხარ, ლილე, და ამიტომ შენ გადაწყვიტე…