სტატიები

რუსეთის ხელისუფლება ბოსხის ნამუშევარს „უხამსს“ უწოდებს

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ФАС) კომპანია Artplay media 100 ათასი რუბლით დააჯარიმა მულტიმედიური გამოფენის „ბოსხი. გაცოცხლებული ხილვები“ არაეთიკული რეკლამის გამო.

კომპანია დაჯარიმდა სარეკლამო პლაკატის გამო, სადაც ნიდერლანდი ფერმწერის იერონიმუს ბოსხის ტრიპტიქის „მიწიერ სიამოვნებათა ბაღის“ პერსონაჟები არიან გამოსახულნი. „ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რეკლამა უხამსად განსაზღვრა, ხოლო კომპანია Artplay media-ს დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები. ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ასევე ბოსხის გამოსახულებებიანი ყველა რეკლამის დემონტაჟი მოითხოვა.

„არაეთიკური“ პლაკატების წინააღმდეგ გაილაშქრა მოსკოვის კულტურის დეპარტამენტმაც, რომელმაც ასევე სარეკლამო პოსტერების ნაწილის მოხსნა მოითხოვა.

გამოფენა „ბოსხი. გაცოცხლებული ხილვები“ მოსკოვში Artplay-ს დიზაინის ცენტრში, ევროპაში ბოსხის წლის ფარგლებში მიმდინარეობს, სახელგანთქმული მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლის აღსანიშნავად.

მადრიდის პრადოში დაცული ტრიპრიქი „მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“ 1500-1510 წლებში შეიქმნა და ბოსხის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა.