„ქალთა აუდიტორიაზე გავლენის მოსაპოვებლად, კაცები კი არ უნდა აიძულოთ, თავიანთი ქალები მოიყვანონ არჩევნებზე, არამედ ქალთა დღის წესრიგს უნდა მიმართოთ“, – ასე პასუხობენ რუსი ფემინისტები რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ალეკსეი ნავალნის (Алексей Навальный).
ახალ YouTube-არხზე Феминистки поясняют („ფემინისტები განმარტავენ“), გამოვიდა ვიდეომიმართვა, რომლის ადრესატიც ნავალნია. ვიდეორგოლის გმირები აკრიტიკებენ ამ უკანასკნელის პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიზიდოს ქალი ამომრჩეველი.
https://www.facebook.com/anna.october/videos/10213659938312212/
როგორც მოსალოდნელი იყო, ვიდეორგოლი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა ნავალნიმ სრულად დააიგნორა, მაგრამ იგივე კითხვით მას სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა მიმართა. პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა ანა ფიოდოროვამ (Анна Федорова) გადაწყვიტა, პირდაპირ ეკითხა, თუ რას ფიქრობს ნავალნი ფემინიზმის შესახებ და რატომ არ არის მის პოლიტიკურ პროგრამაში არც ერთი სიტყვა ნათქვამი ქალთა პრობლემების შესახებ. როგორც ცნობილია, რუსეთის ისტებლიშმენტში ფემინიზმი, ლგბტ საკითხის შემდეგ, ყველაზე მტკივნეულად აღქმული თემაა. შესაბამისად, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მისი საჯარო მხარდაჭერა ნავალნის მთელ წინასაარჩევნო კამპანიას ქალთა პრობლემების განხილვამდე დაიყვანს, რაც მას ყველაზე მეტად არ აძლევს ხელს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ნავალნის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამორთმეული აქვს, თუმცა, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადებას განაგრძობს და მთლი ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ წინასაარჩევნო შტაბებს ხსნის.