ოჯახში ძალადობა / სტატიები

საკუთარი თავის რწმენა, როგორც ძალადობასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტი

ავტორი: ანა შარაძე, ფსიქოლოგი

ძალადობას მრავალნაირი გამოხატულება აქვს. ერთი შეხედვით, ფიზიკური ძალადობა, ემოციური მანიპულაცია და გადაჭარბებული ეჭვიანობა ერთმანეთისაგან განსხვავებული ქცევებია. თუმცა, მათზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს: დაბალი თვითშეფასება, რაც ხშირ შემთხვევაში დამახასიათბელია როგორც მსხვერპლისთვის, ასევე – მოძალადისათვის.

მე-კონცეფცია – ჩვენი აზრების, გრძნობებისა და საკუთარ თავზე წარმოდგენების ჯამია, მისი შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი კი თვითშეფასებაა. როგორც ვხედავთ და ვაფასებთ საკუთარ თავს, ამის მიხედვით განვასხვავებთ დაბალ და მაღალ თვითშეფასებას. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ საკუთარი თავის პოზიტიური ხედვა, სჯერათ, რომ შეუძლიათ მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა, სწამთ, რომ არიან სიყვარულის ღირსები და აქვთ ცხოვრების მიზანი, დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. ის შეიძლება იყოს, როგორც მოძალადის მახასიათებელი თვისება, აგრეთვე ძალადობის მსხვერპლის, რომელიც ვერ ხედავს ამ ძალადობის დასრულების საჭიროებას ან არ სწამს, რომ შესაბამისი ძალისხმევით ეს ძალადობა დასრულებადია.

 

და საიდან ყალიბდება ჩვენი თვითშეფასება?

თვითშეფასების მრავალი წყარო არსებობს. მათ შორის წამყვანია პირადი გამოცდილება და მიღწევები, სხვებზე გავლენის მოხდენის უნარი, გარშემომყოფთა მხრიდან დაფასება და საკუთარი მორალური სტანდარტების დაცვა.

სოციალური ფსიქოლოგები გარემოსთან ურთიერთობის როლს მნიშვნელოვნად სწევენ წინ და გვთავაზობენ „სარკისებური მე-ს“ იდეას. ადამიანის წარმოდგენები საკუთარ თავზე ყალიბდება ამ სამი ელემენტის ურთიერთქმედებით:

  1. ჩვენი აზრით, როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები. მაგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების ყურადღებას აქცევენ ჩემს დაკლებულ კილოგრამებს.
  2. როგორ რეაგირებენ სხვები იმაზე, რასაც ხედავენ. მაგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას მოსწონს ჩემი წონა, რადგან მითხრა კომპლიმენტი.
  3. როგორ ვპასუხობთ ჩვენ მიერ აღქმულ სხვების რეაქციებს, მაგ. მათ ეს მოსწონთ, მე კიდევ შევეცდები, რომ დავიკლო.

ეს თეორია სხვა ადამიანების გრძნობებისა და აზრების ჩვენეულ ინტერპრეტაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ დავუკვირდებით საკუთარ თავებს, აღმოვაჩენთ იმ წარმოსახვით აუდიტორიას, რომელსაც მუდმივად ვცდილობთ, თავი მოვაწონოთ, მაშინაც კი, როცა აუდიტორია არც კი მოგვწონს. რაც უფრო მეტად ვხდებით სხვების შეფასებებზე დამოკიდებულნი, მით უფრო ძნელია ამ სხვებისგან თავის დაღწევა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ვთქვათ, ვცადე ხატვა და შედეგი ზუსტად ისეთი გამომივიდა, როგორიც მინდოდა. ამას შემდეგ მეგობრის კომენტარი მოჰყვა, „რა ლამაზია“, და დავინახე, რომ ჩემი შედეგი არამხოლოდ მე, არამედ სხვასაც  მოსწონს, სხვასაც მოუნდა, ჩემთან ერთად ეხატა და დროდადრო რჩევებსაც მეკითხებიან. გარდა იმისა, რომ აღიარება მოვიპოვე, ის, რასაც ვაკეთებ, არის ჩემი სურვილი და მჯერა, რომ არავის ვვნებ.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი პირიქით რომ მომხდარიყო. მოვინდომე ხატვა და თავდაპირველად სასურველი შედეგი ვერ მივიღე. მეგობარი მეუბნება, რომ მაინც არ გამომივა. ჩემს მცდელობებს არავინ აფასებს და გარშემომყოფებისგან  უგულებელყოფილი ვარ. საბოლოოდ, სხვების შეფასებების გავლენით მეც ვიჯერებ,  რომ ხატვა არ გამომივა, ვკარგავ საკუთარი თავის რწმენას და მიწევს, ხელი ჩავიქნიო საკუთარ სურვილებზე, სამაგიეროდ კი ვაკეთო ის საქმე, რაც სულაც არ მომწონს, თუმცა მეტი ნებისყოფა რომ გამომევლინა, უფრო მეტად მერწმუნა საკუთარი თავის, შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო და სასურველი შედეგებისთვის  მიმეღწია. თვითშეფასება ჩვენი სუბიექტური შეფასებაა, თუმცა დიდწილად ეყრდნობა გარემოს, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითშეფასების საყრდენი ძალიან მყიფეა. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო ნაკლებად მჯერა საკუთარი შესაძლებლობების, რაც უფრო მეტად მარწმუნებს გარემოც, რომ ეს შეუძლებელია, მით უფრო ნაკლებად ვცდილობ რაიმე ნაბიჯის გადადგმას ამ სიტუაციის შესაცვლელად, ნაკლები შანსი მაქვს იმ წარმატების მიღწევის, რომელიც დამეხმარებოდა, დავყრდნობოდი საკუთარ გამოცდილებას და არა – სხვების შეფასებებს. სწორედ ამ ჩაკეტილი წრის ბრალია ის, რომ ძალადობის გამოცდილებისას ჩვენი თვითშეფასება მცირდება, ვკარგავთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ვხდებით მეტად მოწყვლადი ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ.

 

როგორ ავიმაღლო თვითშეფასება და დავაღწიო თავი ძალადობას?

არავინ ელის, რომ მუდმივად მაღალი თვითშეფასება გვექნება, თუმცა მთავარია, არ დავკარგოთ განცდა, რომ ჩვენც ღირებული ადამიანები ვართ. მზე მუდმივად ანათებს, თუმცა დროდადრო ღრუბლებში იმალება. ამის მსგავსად, ჩვენ ყოველთვის მნიშვნელოვნები ვართ, თუმცა ეს განცდა ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიხედვით შეიძლება კარგავდეს სიმძაფრეს.

ჩვენ შეგვიძლია, დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა მხარდამჭერი გარემოთი და ჯანსაღი ურთიერთობებით.

ძალადობრივ გარემოში ცხოვრება ნელ-ნელა ამცირებს და აზიანებს ჩვენს თვითშეფასებასა და პიროვნულობის განცდას. ასეთი გარემოს მიტოვებას სწორედ ძალადობის ხანგრძლივი ემოციური გავლენები აფერხებს. პიროვნებას სჯერა, რომ სიტუაცია უიმედოა, მოძალადის გარეშე ცხოვრების გაგრძელება კი – წარმოუდგენელი.

 

როგორ ავიმაღლოთ თვიშეფასება

  • დაიწყეთ ზრუნვა და ფიქრი საკუთარ თავზე – ეცადეთ, ხელახლა აღმოაჩინოთ თქვენი ინტერესები, გაიხსენეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და დაუთმეთ დრო ამ საქმიანობებს.
  • შეხვდით თქვენს შიშებს – დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები: რა მინდა? რისი მეშინია? რას ვმალავ? რა მაშფოთებს? როგორ მინდა, რომ სხვები მხედავდნენ? რა არ მინდა, რომ სხვების თვალში გამოჩნდეს? რისი დაფარვა მინდა? სოციალური შიშების მიღმა, აუცილებელია დაფიქრდეთ, თუ ვინ ვიქნებოდით ამ აზრების გარეშე? წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდით, საერთოდ არაფრის რომ გეშინოდეთ? პარადოქსია, თუმცა რეალურად ადამიანები მეტად აფასებენ და მეტად იზიდავთ გულწრფელი და ღია პიროვნებები, რომლებიც საუბრობენ თუნდაც საკუთარ ნაკლოვანებებზე, ნაცვლად ამის შიშისა.
  • გაიცანით საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები -საკუთარი თავის უპირობო მიღება და სიყვარული მისი გაცნობით იწყება. დაფიქრდით, რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რა მხრივ ავლენთ მათ, რაში გეხმარებათ ან გიშლით ხელს, რა არის თქვენი მიღწევები და რა არის თქვენი მიზნები. საკუთარი თავის მიღება მისი ღირებულებებით და ნაკლოვანებებით, დაგეხმარებათ, ნაკლებად კრიტიკულები გახდეთ საკუთარი თავის მიმართ და დაიბრუნოთ რწმენა, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
  • შეცვალეთ ნეგატიური აზროვნება პოზიტიურით – „საშინელი ადამიანი ვარ“; ,,არაფერი გამომდის“; ,,ვერაფერს მივაღწევ.“ ეს და მსგავსი ფრაზები ნეგატიური აზრების ტიპური მახასიათებელია. რაც უფრო ხშირად ვიფიქრებთ მსგავსად, სულ უფრო რთული გახდება რაიმე პოზიტიურის შემჩნევა, რადგან ჩვენი გონება ეჩვევა, გაფილტროს კარგი და დაინახოს მხოლოდ ცუდი. ამის შესაჩერებლად, შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის კომპლიმენტების თქმა დაიწყოთ, მაგ. ყოველდღე, ძილის წინ გაიხსენეთ სამი რამ, რისიც მადლიერი ხართ და რაც დღეს მოგეწონათ საკუთარ თავში. თავდაპირველად, შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ რამის გახსენება, თუმცა არ აღელდეთ, ეცადეთ განვლილი დღის დეტალური აღდგენა და მცირე წარმატების აღნიშვნაც. მაგ. დღეს მე დროულად ვუპასუხე სამსახურის წერილს; დილით სახე ძალიან კარგად დავიბანე; ჩემთვის გემრიელი საუზმე მოვიმზადე; 5 წუთით შევძელი მისი ყვირილის დაიგნორება და სიმშვიდის შენარჩუნება…

და ბოლოს, თქვენთვის საკუთარი თავის რწმენა გახდება ის დასაყრდენი, რაც ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევის პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თუ გიჭირთ არსებული გამოწვევებთან გამკლავება, ყოველთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თქვენზე მორგებულ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ სერვისებს.

თუ პირდაპირი ფიზიკური ძალადობის რისკის წინაშე ხართ, დარეკე 112-ზე.  პირველადი  ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება შეგიძლიათ აპლიკაცია Safe  You-ს დახმარებით, სადაც ანონიმურად არის შესაძლებელი, მიიღო კონსულტაცია   ფსიქოლოგისგან.

Bibliography

Coopersmith, S. (n.d.). https://www.statisticssolutions.com. Retrieved from https://www.statisticssolutions.com/free-resources/directory-of-survey-instruments/coopersmith-self-esteem-inventory-adult-form-csei/

Rosenberg, M., Schooler, C., Schoenbach, C., & Rosenberg, F. (1995). Global Self-Esteem and Specific Self-Esteem: Different Concepts, Different Outcomes. American Sociological Review, 60(1), 141-156. doi:10.2307/2096350.

(2006). Self Esteem and Relationships. Leichhardt Women’s Community Health Centre.

socium.ge. (n.d.). Retrieved from http://socium.ge/downloads/socshesavali/socializacia.pdf