ეს კომენტარი ქალთა მოძრაობის ფბ-გვერდზე ახლაც დევს ტრანსგენდერთა სოლიდარობის სარვამარტო აქციის ქვეშ: “მე ქალი ვარ – აღიარე!”. ამ კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩემში, გამეცინა გამეცინა იმიტომ რომ ზუსტად ასახავს ხალხის დამოკიდებულებას ქალების, როგორც მეორეხარისხოვანი ადამიანების მიმართ.
ბალღობაში გული მწყდებოდა, ბიჭი რომ არ ვიყავი: ყველგან არ მიშვებდნენ, ღამეც არ მიშვებდნენ, ექსკურსიებზეც არ მიშვებდნენ, ბევრი შეზღუდვა მქონდა სქესის გამო. ახლა კი ძალიან მიხარია, ქალი რომ ვარ. იმიტომ რომ ჩემი ქალობის გამო, საზოგადოება ჩემგან მოელის: რომ დავინახავ სხვის ტკივილს და ჩაგვრას, რომ ვიქნები სოლიდარული და მზრუნველი, რომ კონფლიქტის მოგვარებას მუშტით არ შევეცდები, რომ ანგარიშს გავუწევ სხვა ადამიანებს, რომ ლუკმას არ გამოვგლეჯ სხვას პირიდან და არც კორუფციაში გავერევი, და მთელი ეს მოლოდინები ჩემი ქალობის გამო აქვთ.
მიხარია, რომ არ ვარ კაცი. კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ქალებში ლამაზ, სექსუალურ არსებას დავინახავდი და არა მებრძოლ და ამტან ადამიანს; კაცი რომ ვყოფილიყავი, მაღალ იდეალებს მოვეპოტინებოდი და ვიტყოდი, რომ ადამიანის უფლებები მოიცდის და რომ მაღალი მიზნებისთვის ადამიანების გაწირვა ბუნებრივია; კაცი რომ ვყოფილიყავი, მეგონებოდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე და ყველაფერ საუკეთესოს ვიმსახურებ და ვინც ვერ აღწევს, “ლუზერია”; კაცი რომ ვყოფილიყავი, ძალიან დიდი დრო დამჭირდებოდა პატრიარქატის სიავის დასანახად და მის შესაძულებლად; კაცი რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი ჩემი საქმით, ჩემი კარიერით, ჩემი ვაჟკაცობით მოცული და ვერ დავინახავდი სხვის ტკივილს და ჩაგვრას.
მიხარია, რომ ქალად გავჩნდი ამ უსამართლო ქვეყანაზე – ქალი ვარ და დიდი ვინმეცა ვარ.
დღეს კი ჩავიცვამ ქალურ, ფერად კაბას და იმ ქალების დასაცავად გავალ ქუჩაში, რომლებსაც ქალად არ აღიარებენ.
მოდით თქვენც, ქალებო და კაცებო, რომლებმაც შეძელით კაცური ამპარტავნობის დაძლევა.
გელით ♡