"საფარის" აქტივობები / ოჯახში ძალადობა

“საფარის” გუნდი იორმუღანლოელ და თულარელ ქალებს შეხვდა

გუშინ, 28 ნოემბერს, “საფარის” გუნდი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოსა და სოფელ თულარს ესტუმრა.
საფარის ადვოკატი ელისო რუხაძე ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ოჯახში ძალადობასა და ქონებრივ უფლებებზე ესაუბრა, ამავე საკითხებზე “საფარის” მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებიც მიაწოდა.
ელისო რუხაძე: “აუდიტორიასთან შეხვედრის შედეგად, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. სამწუხაროდ, ადგილობრივ ქალებს სრულიად არ ჰქონდათ ინფორმაცია თავიანთი ქონებრივი უფლებების შესახებ. რამდენიმე მათგანმა ჩვენთან შეხვედრაზე ისიც კი აღნიშნა, რომ ამის შესახებ ადრე რომ სცოდნოდა, მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ ქალებს თითქმის არაფერი სმენიათ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შესახებ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას წარმოშობს.
ასევე, თულარელმა ქალებმა სასიამოვნოდ გაგვაოცეს თავიანთი სოლიდარობითა და ურთიერთმხცარდაჭერით. მათ აღნიშნეს, რომ თუ აღმოაჩენენ, რომ რომელიმე მათი ნაცნობი ქალი ან გოგო ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ისინი აუცილებლად განაცხადებენ ამის შესახებ პოლიციაში და სასამართლოშიც გაყვებიან მათ მოწმეებად. ქალების ასეთმა ერთსულოვნებამ, მართალი გითხრათ, გული ამიჩუყა”.
საფარის თანამშრომლებმა ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რაც შეხვედრების დროს აუდიტორიას გაუჩნდა.
კახეთისა და ქვემო ქართლის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან მსგავსი შეხვედრების ჩატარებას “საფარი” კვლავაც გეგმავს.