ბაია პატარაია, ელისო რუხაძე და თოზუ გულმამედლი – „საფარის“ ერთბაშად სამი წარმომადგენელი, 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულია.
2013 წლიდან დღემდე, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა ფონდი საქართველოში პრემიას ქალ აქტივისტებს გადასცემს.
პრემიის უმთავრესი მიზანი ქალი აქტივისტების აღიარება, მათი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას საქმიანობა საზოგადოებაში ფართოდაა ცნობილი და ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნასა და სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას მოიცავს. ის ასევე გენდერულ დისკრიმინაციასა და ძალადობასთან დაკავშირებით ტრეინინგებს სამართალდამცავებსა და ადვოკატებს უტარებს.
ბაიას თქმით, ის კვლავ ძველებური შემართებით, დაუზარელად და თავდაუზოგავად განაგრძობს უსამართლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
2017 წლიდან დღემდე, ძალადობაგამოვლილ ქალებს, ბავშვებსა და გოგონებს „საფარის“ იურისტი ელისო რუხაძე იცავს. განცხადებაში, რომლითაც ის პრემიაზე წარადგინეს, ვკითხულობთ, რომ „ელისო რუხაძე ძალებს არ იშურებს არამხოლოდ ბენეფიციარი ქალების დასაცავად, არამედ მათი რესოციალიზაციისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.“
„საფარში ჩემი მოტივატორები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ვიცი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებათ. მძიმეა ისტორიების მოსმენა, მაგრამ როდესაც მათ თვალებში იმედის ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ეს გაწეული შრომისა და ბრძოლის შედეგია. ჩვენს ყოველდღიურობაში, სადაც ფემიციდი მძვინვარებს, საფარი საშუალებას მაძლევს, თავი ბრძოლის წინა ხაზზე ვიგრძნო. ორგანიზაციაში მაქვს განცდა, რომ სხვა ადამიანებისათვის საჭირო და აუცილებელ საქმეს ვაკეთებ“, – ამბობს ელისო.
თოზუ გულმამედლის აქტივიზმი კი ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლას უკავშირდება. მან დააარსა იორმუღანღლოს სათემო ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს განვითარებისა და გაძლიერების საშუალება ეძლევათ. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ტაბუდადებულ თემებზე საუბრისას, თოზუს არაერთი სირთულე ხვდება:
„ჩემი, როგორც ფემინისტად ჩამოყალიბებაში და საკუთარი თავის აღმოჩენაში „საფარის“ წვლილი ძალიან დიდია, რადგან აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები აქტივიზმისაკენ და შრომა, რომელიც ჩავდე, მიხარია, რომ დამიფასდა ჯილდოს სახით“, – ამბობს იგი. შეგახსენებთ, რომ თოზუ საფარის ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი პლატფორმის, „ფანჯარას“, ავტორი და ბლოგერია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, კატო მიქელაძე, ქართული სუფრაჟიზმის დამფუძნებელი და ქალთა ემანსიპაციისათვის თავდადებული მებრძოლი იყო.