"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: სასამართლომ შსს-ს თანამშრომლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა

საფარი

საფარი ძალადობის მსხვერპლი ქალის ს.გ.-სა და მისი არასრულწლოვნი შვილის ნ.გ.-ს ინტერესებს გამოძიებასა და  სასამართლოში იცავს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, შსს-მ 2021 წლის 21 ოქტომბერს ს.გ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

მოძალადე იმ დროისათვის შსს-ს მოქმედ თანამშრომელს წარმოადგენდა, გამოძიებამ ის ბრალდებულის სახით დააკავა და მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ეპრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს როგორც პირველმა ინსტანციამ, ასევე სააპელაციო სასამართლომ, მოძალადე მ.შ.-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა, რის საფუძველზეც მას შეუწყდა უფლებამოსილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ბრალდებულ მ.შ.-ს ბრალად ედება დისკრიმინაციული მოტივით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ამას არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 112-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

საქმე პრეცედენტულია, რადგან მოქმედი ცვლილების თანახმად, შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება ნიშნავს, რომ ბრალდებული ვეღარ გააგრძელებს შსს-ში მუშაობას და ვერ მოახდენს ზეგავლენას გამოძიების მიმდინარეობაზე.

საფარი განაგრძობს როგორც მსხვერპლის, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის არა მხოლოდ იურიდიული, ასევე ფსიქოლოგიური დახმარების გაწევასაც.

ს.გ.-ს თქმით, მან არ იცოდა, რომ საქართველოში არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს იცავდა. იურისტებთან და ფსიქოლოგებთან მუშაობის შემდეგ კი იმედიანადაა და დარწმუნებულია, რომ არც ახლა ემუქრება საფრთხე და არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ კუთხით:

 – „სრულებით ვენდობი „საფარს“, ვიცი, რომ დამიცავენ და მივიღებ სათანადო ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯერ  არ დასრულებულა, იმედიანად ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ“.