"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

„საფარმა“ და ეკატერინე გოგოლიშვილმა შსს-სა და პროკურატურას ადმინისტრაციული დავა მოუგეს

2017 წლიდან „საფარი“ იურიდიულ დახმარებას უწევს ეკატერინე გოგოლიშვილს. მისი საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიისაა – მოძალადე ქმარი ეკატერინეზე წლების მანძილზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონიმიკურ ძალადობას. ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული, არაერთხელ ნასამართლევი მოძალადის მსხვერპლი მხოლოდ ეკატერინე არ ყოფილა – ერთხელაც, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლემ ეკატერინეს მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში ძალით ჩაისვა, რა დროსაც მოხდა ავარია და ბავშვი გარდაიცვალა.

“საფარში” მოსვლამდე, ეკატერინემ დახმარების თხოვნით მრავალჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამაოდ – მოძალადე განაგრძობდა ძალადობრივ ქმედებებს და მის ფიზიკურ განადგურებასაც აპირებდა. ორგანიზაციის დახმარებით, წლების მანძილზე მოძალადის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უმოქმედობის გამო, ეკატერინე გოგოლიშვილმა ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ.

დღეს, 2019 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელი შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. ზიანის ასანაზღაურებელი მოთხოვილი ოდენობა 5000 ლარია.

ელისო რუხაძე, „საფარის“ იურისტი: მოსარჩელე მხარეს მიგვაჩნია, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვია შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევამ და უმოქმედობამ. მსხვერპლი ეკატერინე გოგოლიშვილი ყოველ ჯერზე ცდილობდა მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილებას, ითხოვდა შველას სამართალდამცავი  ორგანოებისაგან, კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული  ღონისძიებების გატარებას, მოძალადისაგან დაცვას, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ დაგვიანებით, ძალადობის ფაქტის შემდეგ რეაგირებდნენ, ისიც – არაეფექტურად. უფრო მეტიც: პოლიციაში ხდებოდა ეკატერინე გოგოლიშვილის დისკრიმინაცია, მეორადი ტრავმირება და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა; მან 16-ჯერ მიმართა 112-ს დახმარების მიზნით, ხოლო დამატებით – არაერთხელ ქობულეთის პოლიციას. ოქმებსა და ზარებში დაფიქსირებულია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, სამართალდამცავი ორგანოები გაფრთხილებულნი იყვნენ მუქარის შეტყობინებების შესახებ, თუმცა შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების და უმოქმედობის გამო, მოძალადე ტარიელ წერეთელს არაერთხელ მიეცა  შესაძლებლობა, განეხორციელებინა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური  ძალადობა მსხვერპლზე; მოპასუხეებმა ჯეროვნად არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები  დანაშაულის თავიდან  აცილებისა და ეკატერინე გოგოლიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღსაკვეთად. შესაბამისად, შსს და  პროკურატურის ორგანოების ქმედებები (უმოქმედობა) სასამართლომ მიიჩნია,  როგორც უკანონობა და მორალური ზიანის  ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა“.

ეკატერინე გოგოლიშვილი, დაზარალებული: „მოხარული ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა, საზოგადოებას ჩვენი ხმა მივაწვდინეთ. დიდი მადლობა „საფარს“ და ელისო რუხაძეს პირველ რიგში იმისთვის, რომ დამიჯერეს და არ უთქვამთ ჩემთვის, მოწმეები არ გყავს, მტკიცებულებები არ არსებობს და ამ საქმეს ვერ ავიღებთო. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ იმ ათიათასობით ქალს შორის, რომელსაც მოწმე არ ჰყავდა. მოწმეები განა არ არსებობენ, მაგრამ ყველას ეშინია მოძალადის და არ ამბობს იმას, რასაც ხედავს. აქედან გამომდინარე, ძალიან დათრგუნული ვიყავი, მაგრამ ელისო მუდმივად მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცებას შევძლებდი.

დღევანდელ შედეგს ნამდვილად არ ველოდი… ეს სტიმულს მაძლევს, არ გავჩუმდე და ჩემი სათქმელი ბოლომდე ვთქვა… თურმე, შსს-ს შეუძლია გამართულად მუშაობა, – როგორც კი სასამართლოში გავედით, მაშინვე ქმედითი ნაბიჯები გადადგეს: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ციხიდან გამოსულია და ჩემს სივრცეში ტრიალებს, იგი ჩემთან აღარ მოსულა. თურმე, ეს შესაძლებელი ყოფილა თავიდანვე, მაგრამ მაინც ამხელა მსხვერპლის გაღება დამჭირდა… მოძალადეს რომ შსს-გან არ ჰქონოდა მხარდაჭერა, არაფერი ისეთი არ მოხდებოდა, რაც მე დამემართა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფიზიკური განადგურების წინაშე ვიყავი.

ქალს, რომელიც პოლიციაში მივა და განაცხადებს, რომ ასეთ საშინელ დღეშია, შეურაცხყოფის მიყენება კი არა, მოსმენა და დაცვა სჭირდება. იგი უკვე შეურაცხყოფილი და განადგურებულია იმით, რომ მოძალადესთან ცხოვრობს, პოლიციელები კი ცდილობენ, იქით ქალი გამოიყვანონ დამნაშავედ. ამიტომაცაა ყველა ქალი გაჩუმებული. ახლა ვიცი, რომ ჩემი სიტყვა იქნება გაგონილი, და ეს დიდი მიღწევაა ჩემთვის“.